Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

84-მდე გაიზარდა ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


84 ადამიანი დაიღუპა ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გასულ ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად. საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, ასზე მეტი დაშავებულიდან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია. სატვირთო ავტომანქანა მთელი სისწრაფით შევარდა სანაპიროზე, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფეიერვერკის სანახავად. სატვირთო ავტომანქანამ დიდი სისწრაფით გაიარა ხალხით სავსე, დაახლოებით ორკილომეტრიანი მონაკვეთი. ავტომანქანაში, რომლის მძღოლი პოლიციელებმა მოკლეს, აღმოჩენილია ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი. სააგენტო ფრანს პრესი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავტომობილში ნაპოვნია ნიცის მცხოვრების, წარმოშობით ტუნისელის დოკუმენტები. ნიცაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. მან გვიან ღამით ტელევიზიით მიმართა საფრანგეთის მოქალაქეებს და განაცხადა, რომ ქვეყანა ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინაშეა, რასაც სიმტკიცე და სიფრთხილე სჭირდება. ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში კიდევ სამი თვით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პარიზში, შარშან ნოემბერში მომხდარი თავდასხმების შემდეგ გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 26 ივლისს იწურებოდა.

ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო საქართველოს მოქალაქეებს ჯერჯერობით არ მიუმართავთ საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის. ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ დღეს დილით, სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ადგილობრივ სამართალდამცავებთან ინტენსიური კონტაქტით ჯერჯერობით არ დასტურდება დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. ამასთან, ეკა სირაძე-დელონემ აღნიშნა, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი, ამიტომ საქართველოს საელჩო ინფორმაციის მოძიებას განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის და ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა ქალაქ ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას. „შემაძრწუნებელია ტრაგედია ქალაქ ნიცაში, სადაც წარმოუდგენელ სისასტიკეს ემსხვერპლა უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე“ - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთში მომხდარ თავდასხმას უწოდა უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის. “მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის აღების დღეს უკავშირდება, და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს“ - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG