თეონა დოლენჯაშვილის "რეალური არსებები“ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი რომანია. ყოველ შემთხვევაში, მე, როცა ამ წიგნის ფაილი ჩამივარდა ხელში და, ზოგადი შთაბეჭდილება რომ შემქმნოდა, მეორე დღისთვის მხოლოდ უნდა გადამეხედა, ისე მოხდა, რომ ტექსტს ვეღარ მოვწყდი და ერთ ღამეში დავასრულე. დიდი სიამოვნებაც მივიღე, რადგან თეონას აქვს ყველაფერი, რაც, ჩემი აზრით, ნამდვილ მწერალს სჭირდება: იცის, როგორ წარმართოს თხრობა, როგორ განავითაროს ამბავი ისე, რომ მუდმივად ითამაშოს მკითხველის ცნობისმოყვარეობით და წეროს უბრალოდ და სადად, რაც უნდა მნიშვნელოვან და სიღრმისეულ საკითხებს ეხებოდეს.
,,რეალური არსებებიც“, დოლენჯაშვილის წინა წიგნების მსგავსად, ისევ ,,ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობაში დაისტამბა 2014 წელს და ცოტა ხნის წინათ მისი პრეზენტაცია სასტუმრო ,,ჰოლიდეინში“ გაიმართა.
ამას საგანგებოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ, ჩემი აზრით, ნამდვილად შეესაბამებოდა პრეზენტაციის გარემო წიგნში აღწერილ სინამდვილეს და, გარკვეულწილად, რომანის ანტურაჟის ერთგვარ რეალურ ილუსტრაციას წარმოადგენდა. აქა-იქ ეგებ წიგნის გმირებიც დაგელანდათ, რადგან თეონა დოლენჯაშვილი თანამედროვეობაზე წერს და მისი პერსონაჟების ცოცხალ ადამიანებში ამოცნობას დიდი შემოქმედებითი ფანტაზია არ სჭირდება.
ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ,,მემფისისგან“ სტილისტურადაც, შინაარსობრივადაც, ბევრი რამით, თუმცა თემები - ერთგვარი ჩემი ,,საფირმო“ თემები - აქაც მეორდება...თეონა დოლენჯაშვილი
სხვათა შორის, ამასაც გულისხმობს წიგნის სათაურის - ,,რეალური არსებების“ - ერთი ოდნავ ირონიული პლასტი. თუმცა, როცა საქმე მწერლურ ოსტატობაზე მიდგება, შეიძლება ითქვას, რომ რომანის სათაური სრულებით ამართლებს წიგნის მხატვრულ მიზანდასახულობას და, გარკვეული სქემატურობის მიუხედავად, ყველა პერსონაჟი ცოცხალი და იმდენად რეალური გეჩვენება, თითქოს შენი სანაცნობო წრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ, დიდი ხანია იცნობდე მათ და მათი ამბავიც ყურმოკვრით უკვე იცოდე - ის ამბავი, რასაც წიგნიდან თეონა დოლენჯაშვილი ახლა უკვე ძალზე საინტერესოდ, მოულოდნელი აქცენტებით გამდიდრებულს გიყვება.
სწორედ ეს არის ნიჭისა და გამოცდილების დამსახურება, რადგან თეონა დოლენჯაშვილს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დებიუტანტი მწერალი უკვე ნამდვილად აღარ ეთქმის და, რაც მთავარია, მისი ყველა ნამუშევარი საზოგადოებას აინტერესებს. ის ,,საბას“ პრემიის ორგზის ლაურეატია და, ამდენად, უკვე პროფესიულ წრეებში საკმაოდ აღიარებული ბელეტრისტიც, რადგან ,,საბა“ მას უკვე ორჯერ გადაეცა: ერთხელ 2006 წელს, საუკეთესო დებიუტის ნომინაციით, მოთხრობების კრებულისათვის ,,იანვრის მდინარე“, და მეორედ - 2009 წელს, რომანისათვის ,,მემფისი“.
წელს გამოცემული წიგნი ,,რეალური არსებები“ კი დოლენჯაშვილის მეორე რომანია.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თეონა დოლენჯაშვილმა გვითხრა:
,,‘რეალური არსებები’ არის ჩემი მეორე რომანი, პირველი იყო ,,მემფისი“ და რომანებს შორის შუალედი თითქმის ხუთი წელი გამოვიდა. ეს საკმაოდ დიდი დროა, ვფიქრობ. მართალია, მათ შორის იყო მოთხრობების კრებული, სადაც ძველ მოთხრობებთან ერთად შევიდა ახალი მოთხრობებიც, მაგრამ მგონი, შუა პაუზა, ერთგვარი შემოქმედებითი ყოვნი საკმაოდ გამიგრძელდა. ეს, მე მგონია, არა მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ, საერთოდ, რომანიდან რომანამდე, ფიქრობ, სათქმელი უნდა დაგიგროვდეს, არამედ რაღაც თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავედი. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ,,მემფისისგან“ სტილისტურადაც, შინაარსობრივადაც, ბევრი რამით, თუმცა თემები - ერთგვარი ჩემი ,,საფირმო“ თემები - აქაც მეორდება“.
მართალი რომ გითხრათ, თეონა დოლენჯაშვილს აღარ ჩავძიებივარ, რას გულისხმობდა ,,საფირმო თემებში“, მაგრამ მეჩვენება, რომ წიგნის თემატიკა სწორედ კლასიკური რომანული ეპიზოდებით არის ნაკვები და აქაც მთავარი ღერძი სწორედ ის არის, რაზეც, ზოგადად, რომანის - თანაც კლასიკური რომანის - ფაბულა ტრიალებს: სიყვარული და სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც ოსტატურად იკვრება და ამ სამკუთხედის წევრებს შორის ამბავიც ძალზე დინამიკურად, ტრაგიკომიკურად ვითარდება.
რეალური არსებები“, ვფიქრობ, არის უფრო დაწურული ტექსტი, უფრო გონებით ნაწერი. თუკი ,,მემფისი“, პირველი რომანი, ცხელ გულზე იწერებოდა, მაღალ რეგისტრში, და ამოსუნთქვის საშუალება არც მკითხველს მივეცი და არც საკუთარ თავს, აქ უფრო რაღაცნაირად დავწურე სათქმელი, რაღაცნაირად დეკლარირებულიც არის...თეონა დოლენჯაშვილი
ბანალური ამბები კი სწორედ პერსონაჟთა ზუსტი ფსიქოლოგიური პორტრეტებით არის გაწონასწორებული და მთელი ტექსტი ერთგვარი ,,აიწონა-დაიწონას“ თამაშს მოგაგონებთ: თეონა დოლენჯაშვილი ახერხებს იქ, სადაც თხრობა შეიძლება ზედმეტი ,,სიყვითლისკენ“ გადაქანდეს და მკითხველს უგემოვნობის განცდა დაუტოვოს, სწორედ ამ ფსიქოლოგიზმების ანდა უეცრად შემოტანილი ზუსტი პოეტური აქცენტების მეშვეობით, ჩვენი განწყობა და, შესაბამისად, ტექსტთან დამოკიდებულებაც ას ოთხმოცი გრადუსით შემოატრიალოს და მხატვრული სინამდვილის პირობითობა სრულიად ხაზგასმულად გვაგრძნობინოს.
რომანის ცენტრალური ფიგურა ქალია. ეს ტექსტის პირველივე გვერდებიდან იკვეთება, სადაც მხოლოდ გაიელვებს მამაკაცი, რომელმაც ყველა ის ცხოვრებისეული სიკეთე მოუტანა ქალს, რაც ეამაყება და რაც, ჰგონია, რომ თავისი ნიჭის შესაბამისად, სრულიად დამსახურებულად მიიღო. გაიელვებს მხოლოდ ამ ინფორმაციისა და მკითხველისათვის იმის საცნობებლად, როგორ სძულს ქალს ეს კაცი. მერე კი, იქვე კვდება თუ თავს იკლავს და, მკითხველის მსგავსად, რომანის პერსონაჟი ქალიც ამ ამბავს ტელევიზიის ეკრანიდან იგებს. ეს კი იმდენად აღელვებს, რამდენადაც უნდა, რომ თავის თავს კაცის სიკვდილთან საკუთარი კავშირის შეუძლებლობა დაუმტკიცოს.
არ ვიცი, რამდენად ჰქონდა თვითონ ავტორს ჩაფიქრებული, მაგრამ ტექსტმა თავიდანვე ფრანსუა ოზონის დრამის, ,,8 ქალის“, დასაწყისი ტიტრები გამახსენა, სადაც თითოეული პერსონაჟისა და მსახიობის გვარი ამა თუ იმ ყვავილის ფონზე ამოდის.
თეონა დოლენჯაშვილის თხრობაც სწორედ პერსონაჟისა და ყვავილებთან მისი მსგავსების აღწერით იწყება და, საბოლოოდ, მწერალი ამბობს, რომ მისი ნია სარაცენიაა - ,,მკვლელი ყვავილი“.
სწორედ ამ, ერთი შეხედვით, მოულოდნელი პოეტური შედარების ამოხსნას ისახავს მიზნად რომანი: როგორ იქცევა ყვავილი მკვლელად და რა განაპირობებს სილამაზის აგრესიას გარემომცველი სამყაროს მისამართით.
დასმული პრობლემის ასეთი სიღრმე და მრავალშრიანობა კი მწერალს საშუალებას აძლევს გაექცეს მკვეთრად გამოხატულ ფემინურ სანტიმენტალურობას და ამ შემთხვევაში, თუნდაც, საკუთარი წინა ტექსტებისგან - ვთქვათ, იმავე ,,მემფისისგან“ - განსხვავებულ ენობრივ და სტილისტურ მოცემულობაში იმოძრაოს.
ვგულისხმობ იმას, რომ თუკი ,,მემფისში“ თეონა დოლენჯაშვილი უფრო თხრობის ე. წ. ,,ქალური მანერისაკენ იხრებოდა“, რაც, თუნდაც, პერსონაჟთა მიმართ მისი თანაგრძნობის გამოკვეთითაც მჟღავნდებოდა, ,,რეალურ არსებებში“ ის უკვე სანტიმენტალურობის ყველანაირ გამოვლინებას გაურბის და ცდილობს უფრო მშრალად წეროს, ყოველ შემთხვევაში, თავისი დამოკიდებულება თითქმის არაფრით გაამჟღავნოს. ეს კი ფრაზის, როგორც სტილისტური ერთეულის, უფრო მეტ სიმკვეთრესა და წამახულობას იწვევს, რაც, საერთოდ, ოსტატობის განსხვავებულ საფეხურზე მიანიშნებს.
ამის შესახებ თვითონ თეონა დოლენჯაშვილიც ამბობს:
,,რეალური არსებები“, ვფიქრობ, არის უფრო დაწურული ტექსტი, უფრო გონებით ნაწერი. თუკი ,,მემფისი“, პირველი რომანი, ცხელ გულზე იწერებოდა, მაღალ რეგისტრში, და ამოსუნთქვის საშუალება არც მკითხველს მივეცი და არც საკუთარ თავს, აქ უფრო რაღაცნაირად დავწურე სათქმელი, რაღაცნაირად დეკლარირებულიც არის და მე, როგორც ავტორი, მთლიანად ვდისტანცირდი, ყოველ შემთხვევაში, შევეცადე, საკუთარი პერსონაჟებისაგან, გმირებისაგან მაქსიმალურ დისტანცირებას, თავი დავანებე მათ თანაგრძნობას, თუმცა ყველა მათგანში ვარ მაინც, რა თქმა უნდა“.
ჩემი აზრით, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ თეონა დოლენჯაშვილი მეორე რომანში უკვე ოსტატურად ასცდა მთავარ საფრთხეს - სწორხაზოვნებას - და უფრო კალეიდოსკოპური, უფრო მრავალწახნაგოვანი და, შესაბამისად, ემოციურადაც და ენობრივადაც უფრო მდიდარი ტექსტი მოგვაწოდა.
ამ ტექსტის მიმართ შეუძლებელია ერთგვაროვანი დამოკიდებულება გვქონდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ამბის თხრობის გარდა, ის ბევრ ისეთ პრობლემაზე ჩაგვაფიქრებს, რაც დღევანდელი საქართველოს სულიერი თუ სოციალური ყოფის ნაწილია.