საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2017 წლიდან ქართულ ღვინოსა და აგრარულ პროდუქტს ჩინეთის ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთის გარეშე დაუშვებენ. მისი ინფორმაციით, დასრულდა შვიდთვიანი მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება დეკემბერში თბილისში. რას მოუტანს ჩინეთთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება ღვინის კომპანიებს და ქვეყანას?
ლადო კუბლაშვილი ღვინის კომპანია „ხარების“ მთავარი მეღვინეა. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ლადო კუბლაშვილის დაყენებული ღვინო 2012 წლიდან აქტიურად გადის, ჩინეთია. 2015 წელს „ხარებამ“ ჩინეთში 400 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო გაიტანა - ძირითადად საბაზისო და პრემიუმის ტიპის ღვინო, თუმცა საექსპორტო ღვინის პორტფელში ჩაჯდა ულტრაპრემიუმი და ე. წ. ნიშური ხასიათის ღვინოებიც. ლადო კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალი წლიდან კომპანია „ხარება“ ჩინეთში ღვინოს გაორმაგებული რაოდენობით გაგზავნის. ამის თქმის საფუძველს მეღვინეს ისიც აძლევს, რომ, 13 სექტემბრის ცნობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შედგა:
„ორივე მხარისთვის, მწარმოებლისთვისაც და იმპორტიორისთვისაც, ეს ურთიერთობა იქნება დიდი სტიმული იმისათვის, რომ უფრო მეტი ბიზნესი აწარმოონ. შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალი წლიდან 800 000 ბოთლს ასცილდება ჩვენი ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. არსებულ იმპორტიორებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ისინი თავიანთ პროგნოზებს გვაწვდიან. აგრეთვე, გვაქვს უკვე მოლაპარაკებები ახალ იმპორტიორებთან, რომლებიც ჩვენი პოტენციური იმპორტიორები არიან“.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 13 სექტემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული ღვინო და აგრარული პროდუქტი ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთის გარეშე იქნება დაშვებული. მისი თქმით, ჩინეთთან შვიდთვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი, თითქმის მილიარდნახევრიანი მომხმარებლის, ბაზარი:
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოზე და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები“.
ჩინეთის ბაზარმა ღვინის ექსპორტის მონაცემებში საექსპორტო ქვეყნების სამეულში 2016 წელს გადმოინაცვლა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 42 %-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის, ინფორმაციით, გასულ, 2015, წელს საქართველოდან ჩინეთში ორ მილიონ-ნახევარზე მეტი ბოთლი ღვინო გავიდა. 2016 წლის მონაცემებით, ეს რაოდენობა 4 მილიონს გადააჭარბებს. ჩინეთის ბაზარი საქართველოდან ძირითადად ითხოვს წითელ მშრალ ღვინოს. გიორგი სამანიშვილის თქმით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის 95 % წითელი ღვინო, საფერავია:
„განსაკუთრებით კარგი შედეგები მივიღეთ ჩინეთის მიმართულებით. მაგალითად, 10 წლის წინ ჩინეთში საერთოდ არ იყო ექსპორტი. შესაძლოა, რაღაც გამონაკლისის სახით ღვინო გადიოდა. ზოგადად, ჩინეთში ღვინის მოხმარება იზრდება და იქ ქართული ღვინის ნიშა ძალიან კარგად ვითარდება. ჩინეთის - ისევე როგორც ევროპის -სტანდარტებს აკმაყოფილებს საქართველოს ყველა ზომის მწარმოებელი - დიდიც, საშუალოცა და მცირეც. დიდ მწარმოებლებთან ერთად ჩინეთში გადის ძალიან მცირე მწარმოებლების ღვინოებიც“.
ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს ეკონომისტ სოსო არჩვაძისთვის. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ხელშეკრულება იდება ნაცვალგების პრინციპზე, ანუ გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა თანაბარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ამიტომ, მისი თქმით, თუკი ჩინეთის ბაზარი იხსნება ქართული პროდუქციისათვის, შესაბამისად, ანალოგიურად უნდა გაიხსნას ქართული ბაზარი ჩინური საქონლისთვის. ამიტომ, სოსო არჩვაძის აზრით, ამ პროცესმა, შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს საქართველოს ეკონომიკა და მთლიანად დამოკიდებული გახადოს ჩინეთზე:
„ჩინური საქონლის ექსპანსიის მეცხრე ტალღა ჯერ კიდევ ემუქრება საქართველოს და ჩვენ რა დამცავი მექანიზმები გვაქვს, ამაზე დაფიქრება გვმართებს. ერთია, როცა შემოდის ჩინური კაპიტალი ლოჯისტიკის სფეროში, ინფრასტრუქტურის სფეროში, სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში - იქ, სადაც მართლაც სჭირდება საქართველოს რეალური განვითარება, და მეორეა ეკონომიკის დანარჩენი სექტორები, სადაც სასურველია, რომ ინვესტიციები და საქონლური წარმომავლობა იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მიხედვით“.
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ ოქტომბერში დასრულდება - მას შემდეგ, რაც თბილისს ეწვევა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან ერთად მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის შემდეგ ხელშეკრულების ტექსტი ორთვიან ექსპერტიზას გაივლის. საქართველოს მთავრობა მოელის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას დეკემბერში მოეწერება ხელი და ძალაში შევა 2017 წლის შუა ხანებში, ორივე ქვეყნის პარლამენტების რატიფიკაციის შემდეგ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებს.