Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს


დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა:

"სექტემბრის დასაწყისში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩინეთში, ორი პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები დაიწყებენ მოლაპარაკებას უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ჩვენ აღნიშნულს დავიწყებთ ნოემბრის შუა რიცხვებში".

ქუმსიშვილის თქმით, ჩინეთის მხრიდან ამ პროცესში ჩაერთვება ჩინეთის კომერციის სამინისტრო, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2015 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (1109 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (591 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (535 მლნ. აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით საქართველოს ექსპორტი ჩინეთში განსაკუთრებული მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

ჩინეთში საქართველოდან გატანილი ექსპორტის მთავარი წილი სპილენძსა და კონცენტრატებზე მოდის - სულ 87 მილიონი აშშ დოლარის საქონლიდან, რომელიც 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ჩინეთში გავიდა, 70 მილიონის ღირებულების სწორედ ეს პროდუქტი იყო, კიდევ 11 მილიონის კი - სპილენძის ჯართი. მესამე ადგილზეა ღვინო: აღნიშნულ პერიოდში 5 მილიონი ლარის ღვინო გავიდა ჩინეთში.

ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა ალუმინის ჯართი, მეხუთეზე კი უალკოჰოლო სასმელები - ჩინეთში სულ გასულია 107 ათასი ლარის უალკოჰოლო სასმელი.

ცხადია, ჩინეთის მასშტაბისთვის ეს აბსოლუტური მიზერია და ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ჩინური ბაზარი ქართველი ბიზნესმენებისთვის სრულიად აუთვისებელია.

რაც შეეხება იმპორტს, წელს ჩინეთიდან საქართველოში შემოსულია 447 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, 5-ჯერ მეტი ექსპორტირებულზე, რაც სრულიად არ არის მოულოდნელი.

საინტერესოა იმპორტირებული პროდუქციის მრავალფეროვნება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არ არსებობს დომინანტი პროდუქცია ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ იმპორტში. მაგალითად, ყველაზე მსხვილი იმპორტირებული პროდუქტი სულ 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა - საუბარია გამომთვლელ მანქანებსა და მათ ბლოკებზე. მეორე ადგილზეა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან - 16 მილიონი აშშ დოლარის; სატელევიზიო სიგნალის მიმღები აპარატურა - 14 მილიონი აშშ დოლარის; მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისთვის - 11 მილიონი აშშ დოლარის; ავეჯი - 9 მილიონი აშშ დოლარის და ა.შ.

საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებისგან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას ელის. მოსალოდნელი შედეგების შესახებ კვლევა, ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს დაკვეთით, კვლევითმა ორგანიზაციამ PMCG-მ მოამზადა, რომლის ექსპერტთა აზრით, ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის უფრო მეტი მოგების მოტანა შეუძლია, ვიდრე პრობლემის. რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი და მოახერხებს თუ არა ხელისუფლება არსებული შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებას, ეს კითხვა უახლოეს მომავალში განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს.

XS
SM
MD
LG