Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ის 100 წლის ღონისძიების მიღმა დარჩენილი სტუდენტების პროტესტი


სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები
სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. „აუდიტორია 115“-ის წევრები ამბობენ, რომ თსუ-ს ადმინისტრაციის განმარტებით, საიუბილეო ღონისძიებაზე მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები იყვნენ მიწვეულნი.

სააქტო დარბაზში შესვლა სურდა აუდიტორია 115-ის კიდევ ერთ წევრ გიორგი არობელიძეს. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმ საკითხებს ჩამოთვლის, რომლის შესახებაც მათ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებასთან სურდათ საუბარი. გიორგი არობელიძე პრემიერ-მინისტრს ახსენებს 2016 წლის გაზაფხულზე დადებულ დაპირებას, როდესაც უნივერსიტეტში გამართული რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს შეხვდა და განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან სალაპარაკოდ მხოლოდ ორი წუთით, ღონისძიების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ფოიეში შეჩერდა. პრემიერ-მინისტრმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვა. ჟურნალისტებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის კარი გარედან ჩაუკეტეს და ის მხოლოდ პრემიერის წასვლის შემდეგ გააღეს:

სტუდენტების ნაწილი სააქტო დარბაზში შესვლას ალტერნატიული გზით შეეცადა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

“აუდიტორია 115”-ის წევრები ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებისთვის გეგმავდნენ მანიფესტის გაცნობას, თუმცა მანიფესტის შინაარსის წაკითხვა მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში მოუხდათ. მანიფესტში საუბარია უნივერსიტეტში არსებულ ბიუროკრატიულ საკითხებზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და მეცნიერული პროცესის არარსებობაზე. და არამხოლოდ. სტუდენტები ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე - იქნება ეს შრომითი უფლებები, ნარკოპოლიტიკა, უმუშევრობა თუ სხვ.

თსუ-ს 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუმრები უცხოეთიდან და შერჩეული სტუდენტები. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე „იუნესკოს“ ეგიდით გაიმართა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის განმარტებით, საიუბილეო ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტები რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩნენ. კრიტერიუმებს შორის იყო მაღალი აკადემიური მოსწრებაც. გარდა ამისა, ღონისძიების მოსაწვევები გადაეცათ გაცვლით პროგრამებში მონაწილე და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სტუდენტებს - სულ 300-მდე სტუდენტს.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა.

XS
SM
MD
LG