Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა სამეგრელოში დახმარებას ითხოვს


სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ორდღიანმა ძლიერმა ქარმა სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. გარდა თხილისა, სტიქიამ მასიურად ჩამობერტყა ხილის სხვადასხვა კულტურების ნაყოფი. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით დიდია მათი წუხილი თხილის მოსავლის ზარალის გამო, რადგან მათი ოჯახების უმთავრესი შემოსავალი სწორედ ეს არის. რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის სოფლებში გამოკითხული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ დიდ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა და ახლა შესაძლოა, დახმარების გარეშე დარჩნენ:

„თუ ადრე თხილს აიღებდი 2 და 3 ტონას, ახლა დარჩენილია 200 კილო, მეტი არა. ამ 200 კილოთი ხალხმა ვინ უნდა გაისტუმროს, წინასწარ იტალიელებისგან აქვთ ვალი აღებული. ისინი არიგებენ აქწინასწარ ფულებს. რა მისცეს ხალხმა და რით?!“, – ამბობს რუხში მცხოვრები ნანული გეთია.

„მოვიდნენ, გამოყონ კომისია. მთელ ზუგდიდში ასეთი რამე არასდროს ყოფილა და რაიმე დახმარება გვინდა“, – გვითხრა მზიური ჭურღულიამ,ზუგდიდის სოფელ ოქტომბრის მცხოვრებმა. ასევე ზარალის ანაზღაურებას ითხოვს მისი თანასოფლელი ნარგიზა აკობია:

„სამეგრელო არის თხილზე დამოკიდებული და დახმარების გარეშე რა უნდა ქნას ხალხმა. მარტო იმას მივცემთო, ვისაც დაზღვეული აქვსო. მე არ მაქვს და რა უნდა ვქნა?“

„სახლის უკანა ეზოში შეგნებულად არ გავსულვარ. გული მაქვს სუსტი და ვუფრთხილდები. გაგისკდება გული, რომ ნახო თხილი მუხლებამდეა ჩამოცვენილი“, – ამბობს ნანა წოწერია, სოფელ კახათის მკვიდრი.

„ვინ მოგვაკითხა? არავინ ჩვენთან არ მოსულა. მე პირველი ჯგუფის ინვალიდი მყავს ბავშვი და თხილი წინასწარ გავყიდე. ამიტომ მაქვს ის 800 კილო თხილი ვალად აღებული. ის წელს თუ არ მივეცი, მომავალ წელს ტონა და 600 მექნება მისაცემი. საიდან მივცემ მე, ეს თუ არ მექნა?!“, – კითხულობს ლეილა ანთია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატში აცხადებენ, რომ ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან ყველა მუნიციპალიტეტში, მონაცემები გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოხდება თუ არა, ან რა ფორმით, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსის, პაატა ლაგვილავას ცნობით, სტიქიით დაზარალებულ ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლები თავად იყვნენ გასული მოსახლეობასთან და მათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, დაეხმარნენ სადაზღვევო კომპანიასთან გაევლოთ საჭირო პროცედურები.

„ცუდია, რომ თხილის ყველა მფლობელს არ ჰქონდა დაზღვევა, არადა გადასახდელი იყო, სულ რაღაც, 35 ლარი ჰექტარზე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის დიდი თანხა და თვითონ მუნიციპალიტეტების გამგებლები, რწმუნებულები მეტ სამუშაოებს გასწევენ იმისთვის, რომ მოქალაქეები დაარწმუნონ დაზღვევის აუცილებლობაში, რომ შემდეგში თანხა მიიღონ დაზღვევიდან და ის არ დააწვეს სახელმწიფოს“.

სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელსაც სხვებზე მეტი თხილის კულტურა აქვს დაზღვეული. მისი წარმომადგენლები თავად აპირებენ ჩამოსვლას სოფლებში და ვითარების ადგილზე შესწავლას. კომპანიის აგროპროექტების მენეჯერმა დავით ალხაზიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაზღვეულ ყველა გლეხს აუნაზღაურდება ზიანი, მისი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით:

„მისაღები მოსავალი რამდენი პროცენტით დააზიანა, ასე ვთქვათ, რისკი იმის მიხედვით ანაზღაურდება. რამდენი პროცენტიც იქნება ზარალი, რეალურად იმის მიხედვით არის განსაზღვრული სადაზღვევო თანხა... რის მიხედვითაც არის პრემია გამოთვლილი, რაც გადახდილი აქვს ფერმერს, შესაბამისად მოხდება ანაზღაურება“.

სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარი 8 და 9 ივნისს დაფიქსირდა. სტიქიამ ზუგდიდის მსგავსად დააზარალა ჩხოროწყუს, სენაკის, აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები.

XS
SM
MD
LG