Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დაზღვევის პლუსები და მინუსები


სადაზღვევო კომპანია "ირაოს" საავადმყოფო ზესტაფონში
სადაზღვევო კომპანია "ირაოს" საავადმყოფო ზესტაფონში
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ”ქართული ოცნება” და მის მიერ წარდგენილი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ინიციატივით გამოდის. ამ იდეის თანახმად, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდება საქართველოს ყველა მოქალაქის საბაზისო დაზღვევა. ასეთი სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე გესაუბრებათ.

საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის იდეა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში წამოაყენა. თუ რას ითვალისწინებდა დაზღვევის ამგვარი სისტემა, ახლა ამის დაზუსტება ჟურნალისტებსაც უჭირთ. აი, ასეთი დიალოგი გაიმართა ერთ-ერთ ჟურნალისტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის 2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე:

”...გულის ოპერაციები სად წაიკითხეთ, ჩვენი პროგრამა წაიკითხეთ? გულის ოპერაციები შედის ჩვენს პოლისში? ... გულის ოპერაციები, ეჭვი მეპარება.”

თუ რა მომსახურება შევა ჯანდაცვის პოლისში, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს, ამის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე. იგი მხოლოდ ბაზისური ჯანდაცვის უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე საუბრობს:
შევეცდებით, რომ უფრო მეტი იყოს სახელმწიფოს მარეგულირებელი მექანიზმები დაზღვევაში...
ამირან გამყრელიძე

”მე ვერ გეტყვით, ახლა ამის მზა რეცეპტი არ არსებობს. დაზღვევა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში განვითარდება და მეტი სტიმული მიეცემა როგორც სავალდებულო, ანუ სახელმწიფო, ისე ნებაყოფილობით, ანუ კერძო, დაზღვევას, რამეთუ ეს გახლავთ ჯანდაცვის სისტემის ზოგადად მუშაობის ქვაკუთხედი და შევეცდებით, რომ უფრო მეტი იყოს სახელმწიფოს მარეგულირებელი მექანიზმები დაზღვევაში.”

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყველაფერი 2013 წლის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული და იქვე დასძენს, რომ აწ უკვე გადამდგარი მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტში ჩადებული 500 მილიონიანი ზრდა საკმარისი არ იქნება. მისი აზრით, ჯანდაცვაზე იმაზე თითქმის სამჯერ მეტი უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე ახლა იხარჯება. არადა, საქართველოს ბიუჯეტის თითქმის მესამედს ჯანმრთელობის სახელმწიფო სადაზღვევო და საპენსიო ხარჯები შეადგენს.

გადასახადის გადამხდელთა თანხების ხარჯვის ზრდის გარდა, ამ სფეროს ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ სხვა უარყოფით მხარეებზეც. ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც წლების წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ჯანდაცვის საბაზისო პაკეტის არაეფექტიანობაზე საუბრობს:
ეს ნიშნავს, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ყველას ჰქონდა ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურება...
ვახტანგ მეგრელიშვილი

”საუბარი არის საბაზისო პაკეტზე, რომელიც მთელმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს, მიუხედავად იმისა, ვთქვათ, შეუძლიათ ამ მომსახურების დაფინანსება თუ არა. ანუ რა გამოდის, ჩვენ დავაფინანსებთ მათ შორის საკუთარ ჯანდაცვის მომსახურებას, ოღონდ ამ მომსახურებას მივიღებთ არა ისეთს, როგორიც ჩვენ გვინდა, არამედ ყველას ექნება ერთი და იგივე.”

მინისტრობის კანდიდატის ამირან გამყრელიძის იდეის თანახმად კი, მოქალაქეს, რომელსაც საბაზისო დაზღვევაში შემავალ მომსახურებაზე უფრო მეტი სჭირდება, დამატებით კიდევ უნდა დაეზღვიოს კერძო სადაზღვევო კომპანიაში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, ამ უხერხულობის გარდა, იქნებიან ისეთებიც, მაგალითად, ფინანსურად შეძლებული ან ჯანმრთელი ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო საბაზისო დაზღვევა არაფერში სჭირდებათ. ეკონომიკის ექსპერტის ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, დაზღვევის ამგვარი სისტემა ფინანსების არაეფექტიან ხარჯვას გამოიწვევს:

ვახტანგ მეგრელიშვილი
ვახტანგ მეგრელიშვილი
”ეს იქნება, ფაქტობრივად, ფულის არაეფექტურად ხარჯვა იმ მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელსაც ასეთი სერვისები, უბრალოდ, ფიზიკურად არ სჭირდება. ეს ნიშნავს, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ყველას ჰქონდა ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურება. მოგეხსენებათ, რამდენი ფული იხარჯებოდა ამაში და ჩვენ როდესაც გვჭირდებოდა ისეთი მომსახურება, რომელიც გვინდოდა, გვიწევდა ექიმისთვის ფულის დამატება.”

ვახტანგ მეგრელიშვილს და სხვა სპეციალისტების ნაწილს ახალი სადაზღვევო სისტემის წარსულთან მიმსგავსების საშუალებას სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნის იდეაც აძლევს.

“ქართული ოცნების” ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორის, კოალიციის აღმასრულებელი მდივნის ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო კომპანია არამომგებიანი ორგანიზაციის სტატუსით იმოქმედებს და მხოლოდ სახელმწიფო დაზღვეულებს მოემსახურება.

ახალი მმართველი პოლიტიკური ძალის ამ ინიციატივას კრიტიკულად გამოეხმაურა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე კომპანია, ”ალდაგი ბისიაი”. მისი ხელმძღვანელის ნიკა გამყრელიძის განცხადებით, - იგი ორიოდე დღის წინ საქართველოს ბანკის ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, - კერძო სექტორში სახელმწიფო კომპანიის გამოჩენა არათანაბარი კონკურენციის განცდას ტოვებს. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ზრდის გარდა, ახალი მმართველი პოლიტიკური ძალის ინიციატივაში, შეიქმნას სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე სხვა პრობლემებსაც ხედავს:

პაატა შეშელიძე
პაატა შეშელიძე
”ჩვენ უნდა გვესმოდეს ძალიან მარტივი რაღაცა: სახელმწიფო ინსტიტუტი ყოველთვის იქნება ორიენტირებული არა მომხარებელზე, არამედ პოლიტიკურ დაკვეთაზე და, შესაბამისად, მისი ხარჯებიც იქნება არა ეკონომიისკენ მიდრეკილი, არამედ გაფართოებისკენ მიდრეკილი. ის სულ უფრო და უფრო მოითხოვს დაიხარჯოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.”

საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის გამოცდილება აქვს არამარტო საბჭოთა კავშირის დროიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2004 წლამდე ქვეყნის ბიუჯეტი მოქალაქეებიდან ამოღებული 33 პროცენტიანი, ეგრეთ წოდებული, სოციალური გადასახადით აფინანსებდა სახელმწიფო დაზღვევის სისტემას. შედეგად, უფასო დაზღვევით მკურნალობის ერთეული შემთხვევების გარდა, მოსახლეობას უწევდა საკუთარ ჯანდაცვაზე ზრუნვა, ხოლო ჰოსპიტალური სექტორი ღრმა კრიზისში იყო ჩაფლული უამრავი დავალიანებისა თუ კონკურენციის არარსებობის გამო.
XS
SM
MD
LG