Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის დაზღვევა და მოახლოებული არჩევნები


29 მაისს ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი - ჯანდაცვის ომბუდსმენი - წარუდგინა და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ დაზღვეული მოქალაქეების უფლებები, მათი რიცხვის ზრდის მიუხედავად, საქართველოში სათანადოდ იქნება დაცული. ექსპერტთა ერთი ნაწილისთვის უდავოა, რომ უფასო სამედიცინო დაზღვევის თემა მეტად ეფექტურია ამომრჩეველთა გულის მოსაგებად. მაშინ როცა ხელისუფლება ყოველი მეორე მოქალაქის ღირსეული დაზღვევის პერსპექტივაზე საუბრობს, მისი უმთავრესი ოპონენტი პოლიტიკური ძალა - კოალიცია ”ქართული ოცნება” - საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევის პირობას დებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, მიმდინარეობს სათანადო მზადება იმ დროისთვის, როდესაც სოციალურად დაუცველ დაახლოებით 800 ათას მოქალაქესთან ერთად სახელმწიფო კიდევ დაახლოებით მილიონ მოქალაქეს დააზღვევს. როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან უფასო სადაზღვევო პოლისით ისარგებლებენ: ასაკით პენსიონერები, 0-დან 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. წინასწარი გათვლით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, ერთად აღებული, დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი მოქალაქე ისარგებლებს სამედიცინო დაზღვევის პოლისებით.

ვისმენ მათგან პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პოლისი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მათ არ მიუღიათ ის მომსახურება, რაც პოლისით ეკუთვნით ...
ზურაბ ჭიაბერაშვილი
უკვე დაზღვეულთა თუ დასაზღვევთა სათანადო მომსახურებისთვის მზადების პროცესში, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედიაციის სამსახურს, რომლის უფროსსაც ”ჯანდაცვის ომბუდსმენი” ერქმევა და რომლის კანდიდატურაც რამდენიმეკვირიანი კონკურსის შემდეგად გამოვლინდა. როგორც ამ პოსტისთვის ახლად არჩეული სოფო ლებანიძე ამბობს, მედიაციის სამსახურმა თითოეული დაზღვეული მოქალაქის უფლებები უნდა დაიცვას და სადაზღვევო კომპანიებსა და საავადმყოფოებს შორის ურთიერთობა ისე უნდა დაარეგულიროს, რომ მათ შორის არსებული პრობლემები არ აისახოს დაზღვეული ადამიანების სათანადოდ მომსახურების აუცილებლობაზე.

29 მაისს, როდესაც საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას ჯანდაცვის ომბუდსმენი წარუდგინა, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიაციის სამსახურს საიმედო ზურგი უწოდა და თქვა, რომ ბოლო უნდა მოეღოს დღემდე არსებულ ყველა პრობლემას:

”დავდივარ ძალიან ბევრ რეგიონში, ვხვდები ადამიანებს ქალაქებში, სოფლებში და ვისმენ მათგან პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პოლისი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მათ არ მიუღიათ ის მომსახურება, რაც პოლისით ეკუთვნით. ჩვენ ვალდებული ვართ, თითოეული ასეთი შემთხვევა კარგად აღვრიცხოთ, გამოვიკვლიოთ და ვნახოთ - რაშია პრობლემა. სწორედ ამას გააკეთებს მედიაციის სამსახური.”

29 მაისს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჭიაბერაშვილს აღარ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის პირობებს გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული სადაზღვევო პოლისები. თუმცა, როგორც მან სხვადასხვა დროს და არაერთხელ აღნიშნა, პოლისები დაფარავს ყველა ძირითად საჭიროებას და მათ შორის - ონკოლოგიისა და კარდიოქირურგიის მიმართულებებსაც. წინასწარი ინფორმაციით, თანადაფინანსება გავრცელდება, მაგალითად, სტაციონარული მკურნალობისა და მედიკამენტების საფასურის ანაზღაურების კუთხით.

თუმცა, როგორც, მაგალითად, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა რამდენიმე კვირის წინ, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სადაზღვევო პოლისი კვალიფიციური მომსახურების მიღების საშუალებას არ იძლევა, რადგანაც მასში საბაზრო ფასების ნახევარია გათვალისწინებული. ანიკაშვილის მიერ მოყვანილი მაგალითის მიხედვით, თუ მშობიარობის საბაზრო ფასი 800-1000 ლარია, სახელმწიფო სადაზღვევო პოლისი 400-ლარიან დაფინანსებას ითვალისწინებს.

მოქალაქეთა დაზღვევის თემის გააქტიურებას, მაგდა ანიკაშვილის მსგავსად, ბევრი წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილად მიიჩნევს და იმის გამო, რომ სახელმწიფო ბევრი მოქალაქის წარმოსახვაში მმართველ პარტიასთან - ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან - იგივდება, მათთვის ადვილი წარმოსადგენია, რომ ხელისუფლების დაპირებები და ქმედებები სწორედ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ქულების ყულაბას ავსებს.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ მხრივ არც ოპოზიცია პასიურობს.

”ჩვენ ვთავაზობთ უფასო სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო პაკეტს საქართველოს ყველა მოქალაქეს”, - გამოაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების წინაშე გამოსვლისას. იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია და არც თავად კოალიციის წარმომადგენლებს უთქვამთ მეტი ამ საკითხის გარშემო, ოპონენტებმა ამ დაპირებას, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის თვალით შეხედეს. ამასთან, ბევრმა გააკრიტიკა: რადგანაც ივანიშვილი ყველას დაზღვევას აპირებს, ესე იგი მდიდრების დაზღვევასაც აპირებს და მდიდრებს რაში სჭირდებათ უფასო დაზღვევაო.

ჩვენ უნდა წავიდეთ სხვა მიმართულებით, ჩვენ უნდა წავიდეთ სიმდიდრის გამრავლების მიმართულებით. ჩვენ უნდა წავიდეთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და არა უკან ...
პაატა შეშელიძ.
უფრო მეტის გაგებას რადიო თავისუფლებაც შეეცადა და საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, პროგრამის შემუშავებაში უშუალოდ ჩართულ დემურ გეორხელიძეს დაუკავშირდა. ის ადასტურებს, რომ უფასო დაზღვევა შეთავაზებული იქნება მართლაც ყველა ადამიანისთვის, თუმცა მდიდარი ფენის შემთხვევაში ამოქმედდება დიფერენცირებული მიდგომა - სოციალური სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, ექსპერტი მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს:

”დამუშავების სტადიაშია და რამდენიმე დღე სჭირდება, რომ ყველა ციფრი შეთანხმდეს. ყველაფერი თანხმდება იმ ეკონომიკური განვითარების პროგრამებთან და იმ რეალურ შესაძლებლობებთან და რესურსებთან თანხმდება, რომლებიც გვაქვს და რომლებიც უნდა განვავითაროთ. ყველაფერი სულ მალე, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გამოცხადდება. აქ არც ერთი ციფრი არ იქნება პოპულისტური.”

იმის გარდა, რომ პროცესს წინასაარჩევნო კამპანიის პოპულისტურ ნაწილად მიიჩნევს, მოქალაქეების დაზღვევის საქმეში სახელმწიფოს ადგილს საერთოდ ვერ ხედავს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი აზრით, ის, რაც დღეს ხდება, უკუსვლის ტოლფასია:

”ჩვენ უნდა წავიდეთ სხვა მიმართულებით, ჩვენ უნდა წავიდეთ სიმდიდრის გამრავლების მიმართულებით. ჩვენ უნდა წავიდეთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და არა უკან. ყველა ქვეყანა, რომელიც სოციალიზირებული პასუხისმგებლობის ქვეშ არის, ყველგან ეს სისტემა არის ბანკროტი, ყველგან სჭირდება სუბსიდია. ყველა „წარმატებული“ ქვეყანა, რომლებსაც ჩვენ ასე გვინდა, რომ დავემსგავსოთ (ევროპა თუ ამერიკა), სინამდვილეში არიან ქვეყნები, რომლებიც ვალების ხარჯზე ცხოვრობენ.”

პაატა შეშელიძისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს დავით ნარმანიას. ის თვლის, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს უსახსრობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს და რომ ეს ყველაფერი სადაზღვევო სფეროს გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს:

”ეს პოლიტიკა პროვოცირება იქნება იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა მეტი ინტერესი გამოხატონ თვითონ ინდივიდუალური პირების დაზღვევის მიმართ. ისინი მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსებს, რაც მათ პორტფელს გააფართოებს და შეძლებენ უფრო თავისუფლად მოემსახურონ კლიენტებს, ვიდრე შეზღუდული რესურსების პირობებში.”

რაც შეეხება ხელისუფლების უახლოესი მომავლის გეგმებს, დავით ნარმანია აქ, სულ ცოტა, ერთ დიდ ნაკლოვანებას ხედავს. მისი თქმით, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სფეროში თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებსაც მცირე შემოსავალი აქვთ, ვერც სახელმწიფოს მიერ გაფართოებული სადაზღვევო პროგრამით ისარგებლებენ და კვლავაც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG