ისტორიაში ხშირად ხდება, როდესაც იმ მომენტში მოვლენის გამოძახილსა და მის მიერ ისტორიაზე დატოვებულ კვალს ერთმანეთისგან უფსკრული აშორებს. ასე, დღეს ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ 1492 წელს ამერიკის აღმოჩენამ შეუმჩნევლად ჩაიარა ევროპაში. და ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ბაჰამის კუნძულზე ფეხის დადგმიდან მხოლოდ ოთხიოდ ათწლეულის გავლის შემდეგ დაიწყებენ ევროპელები გააზრებას, რომ გენუელი მეზღვაურ-მკვლევრის აღმოჩენამ სამუდამოდ შეცვალა ევროპის ბედი.
ზოგჯერაც პირიქით, მოვლენა ისეთ ემოციურ ფონს ქმნის გარშემო, რომ ყველას არწმუნებს ისტორიის ბორბლის შემოტრიალებაში. და მხოლოდ განვლილი ათწლეულები აჩვენებს, თუ რამდენად შეცდნენ თანამედროვენი თავიანთ შეფასებებში. 75 წლის წინ სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვებაც ასეთ ლოკალურ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება.
„ეს ბრძოლა შევა მსოფლიო ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა იმ ბრძოლათა შორის, რომლებმაც ისტორიის ბორბალი შემოატრიალეს“, - დაწერს ნიუ-იორკ ტაიმსი 1943 წლის 4 თებერვალს. იმავე დღეს „დეილი ჰერალდი“ კიდევ უფრო შორს წავა თავის შეფასებაში: „მომავალი საუკუნეების განმავლობაში მთელი მსოფლიოს სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან ამ ბრძოლას“. კონსერვატორული „დეილი ტელეგრაფის“ აზრით, „სტალინგრადში, ევროპის ამ ზღვარზე, სადაც უკვე აზიის სტეპები იღებენ სათავეს, გადარჩა არა ზოგადად ევროპული კულტურა, არამედ სავარაუდოდ თვით ინგლისი“. ჟურნალისტების ეს გაზვიადებული ტონი და აღმატებითი განსაზღვრებები შეიძლება მათ „პროფესიულ დაავადებას“ მივაწეროთ, მაგრამ ისინი მარტო არ იყვნენ, ვინც, ასეთი აღმატებითი ეპიტეთებით ამკობდა სტალინგრადში წითელი არმიის გამარჯვებას.
აშშ-ს სადაზვერვო სააგენტო Office of Strategic Service-ის (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინამორბედი) აზრით, „სტალინგრადში გამარჯვებით ჩვენ სავარაუდოდ საქმე გვაქვს ომის მიმდინარეობის ნამდვილ შემობრუნებასთან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“. ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ჩინურ ქალაქ იანანში მყოფი მაო ძედუნი კიდევ უფრო შორს წავა თავის შეფასებაში: „ეს არის არა მარტო შემოტრიალება საბჭოთა კავშირ-გერმანიის კონფლიქტში ან შემოტრიალება ზოგადად ანტიფაშისტურ ომში, არამედ ჩვენ საქმე გვაქვს კაციობრიობის ისტორიის სრულ შემობრუნებასთან“. რამდენიმე წლის შემდეგ ჯოზეფ მაკარტის შეფასება თავისებური ექო იქნება მაო ძედუნის ამ სიტყვებზე: „ჩემის აზრით, - იტყვის ამერიკელი სენატორი, - სრული დარწმუნებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ მესამე მსოფლიო ომი სტალინგრადში რუსების გამარჯვებით დაიწყო“.
პარადოქსული ისაა, რომ 1943 წლის ზამთარში მსოფლიო ენთუზიაზმს არ იზიარებდნენ არც კრემლი, არც წითელი არმიის სარდლობა და არც თვით საბჭოთა ჯარები სტალინგრადში. მაგალითად, 1943 წლის 16 იანვარს, პაულიუსის მეექვსე არმიის ალყაში მოქცევიდან 57-ე დღეს, ბერია გაუგზავნის სტალინს დოკუმენტს სათაურით „ანტისაბჭოთა ელემენტების რეაქცია სტალინგრადში გერმანელების დამარცხებასთან დაკავშირებით“: „არ მჯერა, რომ ალყაში გვყავს ფაშისტები“; „გინდ დაგვნებდნენ ალყაში მოქცეულები, ჩვენ მაინც ვერ გავიმარჯვებთ ფაშიზმზე, რადგან ჩვენ არ ვიცით ომის წარმოება“; „ახლა იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ ზამთარია. წელსაც შარშანდელივით გამეორდება - როგორც კი გაზაფხული მოვა, გერმანელები თავიდან გვანახვებენ თავიანთ სიძლიერეს“ - აი, ერთი-ორი მაგალითი იმ გამონათქვამებისა, რომლებითაც იყო აჭრელებული ბერიას მოხსენება.
დასავლეთისგან განსხვავებით, კრემლში რომ არ იყო საზეიმო განწყობილება, ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა - სტალინგრადში გამარჯვება მხოლოდ წვეთი იქნება წყალში იმასთან შედარებით, რასაც საბჭოთა გენშტაბი გეგმავდა. პაულიუსის მეექვსე არმიის ალყაში მოქცევა - ოპერაცია სახელად „ურანი“ - დაგეგმილი ოთხიდან მხოლოდ ერთადერთი წარმატებულად დასრულებული იყო. გენშტაბის მიერ დაგეგმილი სხვა „პლანეტარული“ ყველა ოპერაცია - „მარსი“ (რჟევის მიმართულებით), „სატურნი“ (როსტოვის მიმართულებით) და „იუპიტერი“ (სმოლენსკის მიმართულებით) - სრული ფიასკოთი დასრულდება. ამ ოთხი „პლანეტარული“ ოპერაციით წითელი არმია გეგმავდა ვერმახტის ცხრა არმიის განადგურებას და სინამდვილეში ბოლოს მოუღეს მხოლოდ ერთს, პაულიუსის არმიას. საბჭოთა დანაკარგები კი, როგორც ყოველთვის, კოლოსალური იყო: მხოლოდ „მარსის“ ოპერაციაში წითელი არმია დაკარგავს დაახლოებით იმდენივე ჯარისკაცს, რამდენსაც ვერმახტი სტალინგრადში.
თუმცა ეს ფიასკო მაინც ვერ გააღვივებს სტალინში სიფრთხილის ნაპერწკალს. პირიქით, იგი აიძულებს გენშტაბს ორი ახალი ოპერაციის - „სკაჩოკის“ და „ზვეზდას“ - სასწრაფოდ ჩატარებას, რომლებსაც წითელი არმია ხარკოვამდე და დნეპრის ქვედა დინებამდე უნდა მიეყვანა. მაგრამ 1943 წლის თებერვალ-მარტში მანშტაინი არა მარტო დაამარცხებს წითელი არმიის ვორონეჟის და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტებს, არამედ ხარკოვიდან აღმოსავლეთით 200 კილომეტრზე უკუაგდებს წითელარმიელებს. მანშტაინის მიერ თებერვალ-მარტში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ვერმახტი უკან დაიბრუნებს ინიციატივას, რაც ბერლინს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, ხოლო კრემლს და მის გენშტაბს მწარე რეალობას დაანახვებს.
ის, რომ მოსკოვისგან განსხვავებით სტალინგრადში გამარჯვებამ ასეთი ექო ნახა ევროპასა თუ ამერიკაში ეს ნაწილობრივ გასაგებიცაა: 163-დღიანი ბრძოლის შედეგად წითელი არმიის ხელში მოხვდება 110 000 გერმანელი სამხედრო. მათ შორის ერთი ფელდმარშალი, 22 გენერალი და 2 500 ოფიცერი. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არაა იმის გასაგებად, თუ რატომ დაიკავა ასეთი დიდი ადგილი ბრძოლამ ვოლგაზე კოლექტიურ მეხსიერებაში.
სტალინგარდზე იერიშის მიტანით ვერმახტი სამხედრო ისტორიაში გახსნის ახალ თავს - თავს ურბანული ბრძოლისა. ანტიკური ხანიდან სტალინგრადამდე ქალაქის აღება ხდებოდა მისი ალყაში მოქცევით და/ან დაბომბვით. ვერმახტის გადაწყვეტილება სტალინგრადზე იერიში მიეტანა, ამ ქალაქის თითოეულ სახლს, სარდაფს, თითოეული ქარხნის ნანგრევს ციხესიმაგრად გადააქცევს. ხოლო დასავლეთის მასმედიის მიერ ვოლგისპირა ქალაქში ბრძოლის ყოველდღიური გაშუქება მას გადააქცევს ყველაზე დიდ თრილერ-სერიალად, რომელიც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში დატრიალდება მაყურებლების წინაშე. სტალინგრადში მსოფლიო აღმოაჩენს ახალი ტიპის ომს, რომელიც მოხიბლავს და ნერვებდაძაბულს დატოვებს მაყურებელს თითქმის 6 თვის მანძილზე: ვერმახტის მეექვსე არმიის შეტევა, ბრძოლები ქალაქის ქუჩებში, წითელი არმიის ალყა, გერმანელების საჰაერო ხიდი, ვერმახტის 57-ე სატანკო კორპუსის კონტრშეტევა მეექვსე არმიის გამოხსნის მიზნით და ბოლოს პაულიუსის არმიის აგონია. ყველაფერ ამას ერთ ამოსუნთქვაზე ნახავს მთელი მსოფლიო.
(ის, რომ ეს ქალაქი კრემლის დიქტატორის სახელს ატარებდა, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას გარკვეულ სიმბოლურ ღირებულებას ანიჭებდა. თუმცა ეს ფაქტორი არ უნდა იყოს გადაჭარბებული: სტალინოს (დღევანდელი დონეცკი) არც დაცემა და არც განთავისუფლება არ გახდა დასავლური, საბჭოთა ან ნაცისტური მასმედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი. არადა, სტალინო თავისი ინდუსტრიული პოტენციალით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ეკონომიკისათვის, ვიდრე სტალინგრადი).
ასეა თუ ისე, სუბიექტურად დასავლეთში თანამედროვეებმა ეს გამარჯვება აღიქვეს, როგორც მესამე რაიხის დასასრულის დასაწყისი, როგორც გამარჯვება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ბედი შემოატრიალა.
სინამდვილეში სტალინგრადის ბრძოლა ვერ შემოატრიალებს არა მარტო მეორე მსოფლიო ომის ბედს, არამედ ვერც ომის მსვლელობას ევროპაში. მეტიც, ბრძოლა ვოლგაზე ვერც ჰიტლერ-სტალინის ომის ბედს შეცვლის. აღმოსავლეთ ფრონტზე ომის ბედი 1941-42 წლის ზამთარში, მოსკოვისთვის ბრძოლის დროს გადაწყდება. ჰიტლერს ჰქონდა ერთადერთი შანსი სტალინი დაემარცხებინა, რაც ნიშნავდა წითელი არმიის განადგურებას და არხანგელსკ-ასტრახანის ხაზამდე გასვლას („ბარბაროსას“ ოპერაციის ამოცანა). მას ეს ერთადერთი შანსი 1941 წლის დეკემბერში წითელი არმიის კონტრშეტევამ გამოაცალა ხელიდან.
თუმცა ის, რომ ჰიტლერი ვეღარ გაიმარჯვებდა, სულაც არ ნიშნავდა, რომ სტალინი გამოვიდოდა ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული. სტალინგრადში სტალინის გამარჯვება - და სწორედ ეს არის ამ ბრძოლს მნიშვნელობა - ნიშნავდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს გარანტირებული ჰქონდა გამარჯვებულებს შორის ადგილი მომავალ მოლაპარაკებებში. სტალინგრადში გამარჯვების შემდეგ მთავარი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩებოდა, იყო: როდის განადგურდებოდა ვერმახტი საბოლოოდ და სად გაივლიდა ამ დროს აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტის ხაზები, ანუ სად გაივლიდა მომავალი „რკინის ფარდა“.
მხოლოდ კურსკში გამარჯვების შემდეგ (1943 წლის ზაფხული) გახდება ნათელი, რომ სტალინი კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოვიდოდა და იგი არ დასჯერდებოდა მცირედს. ხოლო კურსკში გამარჯვებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ოპერაცია „ბაგრატიონის“დროს (სადაც წითელი არმიის „ნადავლი“ ორმაგი სტალინგრადის ტოლფასი იყო), უკვე დაიწყება რუზველტთან და ჩერჩილთან სტალინის სრბოლა ევროპისათვის.