Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იყო 2016 წელი სოციალურ სფეროში


როგორი იყო 2016 წელი სოციალურ სფეროში და რა გაკეთდა მოსახლეობის ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის?

2016 წლის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთ მთავარ მიღწევად კვლავ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა დარჩა, რომელიც 2015 წლის აპრილში დაიწყო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პარტნიორობით გაგრძელდა. პროგრამა, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Gilead”-ის ხელშეწყობით ხორციელდება, საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მთლიანად აღმოფხვრას ითვალისწინებს. პროგრამის დაწყებამდე საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული იყო, დაახლოებით, 200 000 ადამიანი. მკურნალობის პროცესში 2016 წელს 18 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, ზაფხულში კი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხუთწლიანი, 2016-2020 წლების, ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა, პროგრამის დასრულებისთვის ინფიცირებულთა 90 პროცენტი გამოკვლეული უნდა იყოს, ხოლო დაავადებულთა 95 პროცენტი - განკურნებული:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ამ პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 57 მილიონი ლარი. მთლიანად ბიუჯეტიდან 116 მილიონი ლარია, საიდანაც სახელმწიფო ხარჯავს 57 მილიონ ლარს, ხოლო მთლიანად, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო მიიღებს უსასყიდლოდ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამანტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს“.

ჯანდაცვის პროგრამებიდან კი 2016 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ხმაური გამოიწვია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ, რომლის ბიუჯეტი წლის დასაწყისისთვის 570 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა ხარჯი გაცილებით მეტი აღმოჩნდა და წლის ბოლოს სახელმწიფომ მისი ბიუჯეტის 40 მილიონი ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

“ძირითადი საკითხი გახლავთ 40 მილიონის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის. წინასწარ იყო ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთვისაც, პრემიერ-მინისტრისთვისაც, რომ ჯანდაცვას დასჭირდებოდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, 90 მილიონით მეტი. ამის გამო წლის განმავლობაში 35 მილიონი ლარი დაემატა სარეზერვო ფონდებიდან, 15 მილიონი გადმოიტანა ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა პროგრამებიდან ჯანდაცვის, სადაც ეკონომია გააკეთა და, ამის გარდა, 40 მილიონი ახლა ემატება ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან“, განმარტა საქართველოს პარლმენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვაში გაჩენილი პრობლემების გაანალიზების შედეგად, სახელმწიფო ამ მიმართულებით ისეთი რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე შეჯერდა, როგორიცაა ჯანდაცვის დაზღვევის საყოველთაობაზე უარის თქმა და ბენეფიციართა დიფერენცირება შემოსავლების მიხედვით. მთავრობა სოციალური სამართლიანობის მიღწევას ბენეფიციართა ნაწილის პროგრამიდან ჩამოშორებაში ხედავს, თუმცა საბოლოოდ რა სახეს მიიღებს ეს ფორმატი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას, განმარტების თანახმად, ბენეფიციართა დიფერენცირების ისეთ ფორმას ანიჭებს უპირატესობას, როგორიცაა სახელმწიფო დაზღვევის არა შემოსავლის, არამედ კერძო სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის ნიშნით შეწყვეტა:

“გამიჯნული უნდა იყოს: საყოველთაოში დაზღვეულები უნდა ღებულობდნენ სერვისებს საყოველთაო დაზღვევის მხრიდან, კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულები უნდა ღებულობდნენ სერვისებს უკვე ამ კომპანიების მხრიდან. როცა ისინი პაკეტს იძენენ, იქ არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ, ვთქვათ, თუ გადაუდებელი შემთხვევაა, უნდა გაუშვან აუცილებლად საყოველთაოში და დანარჩენს თვითონ დააფინანსებენ“.

სირცხვილია, თვითონ ამდენი ათასი პრემია და დანამატი აქვთ. პრემიები არა, დანამატიაო ახლა, მაგრამ სულ ერთია. ფული ხომ მაინც მიაქვთ. რაში გვყოფნის პენსია? -არაფერში. პურსა და შაქარს თუ ჰყოფნის და მეტი არაფერი.

საქართველოს მოსახლეობა კი მთავრობისგან სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვს. გასულ 2016 წელს, ივნისიდან, ქვეყნის მასშტაბით საპენსიო ცვლილებები ამოქმედდა. ასაკობრივ პენსიონერებს პენსია 20 ლარით გაეზარდათ და 180 ლარი შეადგინა. 20 ლარით გაიზარდა და სახელმწიფოსგან იმავე ოდენობის თანხა დაენიშნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაწილს. პენსიის გაზრდა სასიხარულო, მაგრამ არასაკმარის და უმნიშვნელო დანამატად მიიჩნიეს თავად პენსიონერებმა, მით უფრო, ლარის გაუფასურებისა და სამომხმარებლო საგნებსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების გამო:

„სირცხვილია, თვითონ ამდენი ათასი პრემია და დანამატი აქვთ. პრემიები არა, დანამატიაო ახლა, მაგრამ სულ ერთია. ფული ხომ მაინც მიაქვთ. რაში გვყოფნის პენსია? -არაფერში. პურსა და შაქარს თუ ჰყოფნის და მეტი არაფერი“.

პენსიის მომატება 2017 წლისთვის არ იგეგმება, 2016 წელს განხორციელებული საპენსიო ცვლილებების თანახმად კი, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები - 1 სექტემბრიდან ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების ის ნაწილი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრები ასაკით პენსიონერების პენსიის 20 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს. პენსიის ოდენობამ, საბოლოო ჯამში, 216 ლარი შეადგინა. ასევე 20 პროცენტით გაიზარდა მთაში მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი მარჩენალდაკარგულების, პოლიტრეპრესირებულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სტეფანწმინდა
სტეფანწმინდა

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხამ 1700-მდე დასახლებული პუნქტი გააერთიანა. სტატუსი დასახლებებს 10 წლის მანძილზე შეუნარჩუნდებათ. კანონის მთავარი მისია, მთავრობის წევრთა განმარტებების თანახმად, მთის დაცლის პროცესის შეჩერება, ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნაა. ამ მიზნით 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საგადასახადო შეღავათებიც „მთის საწარმოს სტატუსის“ მქონე საწარმოებისათვის. დაწესდა, ასევე, ისეთი შეღავათები, როგორიცაა ასლარიანი დახმარება ერთი წლის განმავლობაში მთაში დაბადებულ ყველა ბავშვზე, შეღავათები ელექტროენერგიასა და გაზზე, სოფლის ექთნების, ექიმებისა და პედაგოგების ხელფასის გაზრდა და სხვა.

“ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის 180 ლარით განისაზღვრება. დანამატი გაიცემა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკების მედპერსონალისათვის - ჯამში, 350 ადამიანისთვის - ლენტეხში, ყაზბეგში, გუდაურში, წალკაში, თანეთში, თეთრწყაროში, ბაკურიანში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში, ასევე, შპს ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკასა და აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში. დანამატს მიიღებს, ასევე, მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“. ექიმის დანამატი პენსიის ორმაგი ოდენობით, 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი 180 ლარით განისაზღვრება. ამჟამად სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება 650, ხოლო ექთნის 455 ლარს შეადგენს“.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ გაზრდილ პენსიასა და სოციალურ პაკეტს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სულ 52 000-ზე მეტი მოქალაქე მიიღებს. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტებში ქვეყნის სივრცითი განვითარება და რეგიონალური გათანაბრება ერთ-ერთი მთავარია, თუმცა სერვისების ხელმისაწვდომობითა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების მხრივ არა მხოლოდ მთა და ბარი, არამედ სოფელი და ქალაქიც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სტატისტიკის დეპარტამენტის თანახმად, მაგალითად, საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფლის მოსახლეობა თითქმის 24 პროცენტითაა შემცირებული. 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები სტატისტიკის დეპარტამენტმა 2016 წლის 28 აპრილს გამოაქვეყნა. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა განაცხადა, 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 15 პროცენტითაა შემცირებული, შემცირება კი უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა. ზოგადად, მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, მისი თქმით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აღინიშნებოდა, ყველაზე ნაკლები კი - აჭარაში:

“ქვეყანაში ცხოვრობს 3 713 804 ადამიანი. მათ შორის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2 122 000 კაცს, ხოლო სოფლის მოსახლეობა -1 591 000 კაცს. გენდერულ ჭრილში გადანაწილებით, 1 940 000 ქალია, ხოლო 1 722 000 მამაკაცია საქართველოს ტერიტორიაზე. ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორი გამოვაქვეყნეთ და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომ შევიდეს საიტზე და მისთვის საჭირო მონაცემები - განათლება იქნება, ეროვნება იქნება, აღმსარებლობა იქნება თუ სხვა მონაცემები - მოიძიოს“.

საქსტატის მონაცემები მრავალფეროვანია და, როგორც მერი დაუშვილი ამბობს, ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც შრომის ბაზარს სწავლობს. მათგან ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის კრიტიკოსები მოითხოვენ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები ადამიანის კეთილდღეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაიდგას. სტატისტიკა კი შემაშფოთებელია: ქვეყანაში არსებული ლამის ტოტალური უმუშევრობის ფონზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, 2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამუშაო ობიექტზე დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა. როგორც საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირთა თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, 2015 წელს შექმნილმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ამ მხრივ ვითარება ვერ შეცვალა, მეტიც, 2016 წელი უფრო მარცხიანიც კი გამოდგა:

“შესაბამისად, მთავრობამ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ ეს ჯგუფი არ არის ეფექტური, რადგან მას არ გააჩნია ის უფლებები, რომელიც იმ ფუნქციას ასრულებს, რომელსაც ასრულებს, როგორც წესი, შრომის ინსპექცია. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არის ის, რომ აუცილებლად შეიქმნას კანონი სამუშაო ადფილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ და აუცილებლად შეიქმნას შრომის ინსპექცია“.

გასულ 2016 წელს ხმაურიანი გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, შრომითი პირობებისა და შრომის ანაზღაურების გაუმჯობესების მოთხოვნებით, ტყიბულში, ჭიათურაში, ხარაგაულში. ქვეყანაში არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლას ადვოკატირებს, თავის მხრივ, სამოქალაქო სექტორიც. როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე აღნიშნავს, სახელმწიფოს დრო უკვე შეზღუდულია:

“თუ სახელმწიფოს წელიწად-ნახევრის წინ ჰქონდა არგუმენტი, რომ მას პილოტური რეჟიმი ესაჭიროებოდა, რადგან არ ჰქონდა გამოცდილება, ახლა ეს არგუმენტი ვეღარ გამოდგება. მას ეწურება ამ არგუმენტებით საუბრების დრო. გარდა ამისა, ვფიქრობ, საზოგადოებრივი პროტესტიც უფრო ძლიერდება და რაც დრო გავა, კიდევ უფრო გაძლიერდება ევროკავშირის ზეწოლაც სახელმწიფოზე, შექმნას შრომის ინსპექცია ქვეყანაში“.

2016 წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორმა, პროფკავშირებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მშრომელების მიმართ სოლიდარობა არაერთი აქტივობით გამოხატა.

XS
SM
MD
LG