საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის. სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილების მიღებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 239-ე პრიმა მუხლი - „საჯარო მოწოდება ძალადობრივი ქმედებისაკენ“, რომელშიც ვკითხულობთ:
„საჯარო მოწოდება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით ძალადობრივი ქმედებისაკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი, ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
კანონპროექტის მიხედვით, იგივე ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. გარდა ამისა, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. კანონპროექტი მოიწონა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი მნიშვნელოვანდ დაიხვეწა და მაქსიმალურად გამოირიცხა კანონის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა:
გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, დაცულია კონსტიტუციითაც, საერთაშორისო კონვენციებითაც, მაგრამ ვიცით, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება და გამოხატვის თავისუფლება გარკვეულ შემთხვევებში იზღუდება...ეკა ბესელია
„განისაზღვრა ზუსტად, რომ 1. მოწოდება უნდა იყოს საჯარო და იყოს მოწოდება ძალადობრივი მოქმედებისაკენ, ოღონდ არა კონკრეტული პირის მიმართ, არამედ გარკვეული ნიშნის მატარებელ ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით. ანუ მხოლოდ მოწოდება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ინკრიმინირება, არამედ უნდა იყოს განხეთქილების ჩამოგდების მიზნით და, ამასთანავე, ეს უნდა ქმნიდეს ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, მხოლოდ ყველა ამ ნიშნის ერთობლიობის შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. კანონპროექტს მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამაც:
„გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, დაცულია კონსტიტუციითაც, საერთაშორისო კონვენციებითაც, მაგრამ ვიცით, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება და გამოხატვის თავისუფლება გარკვეულ შემთხვევებში იზღუდება და ამის მკაფიო ჩანაწერი არსებობს“.
თუმცა,საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ეს არგუმენტები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ ამ კანონით ხდება არა სიძულვილის ენის, არამედ სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზება:
„ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როცა არც ერთი დისკრიმინირებული ჯგუფი არ ვითხოვთ ამ კანონის მიღებას, ვინ გავალებთ, ვისი მოთხოვნით, ვისი დასაცავად ხდება ეს. ის, რომ ეს კეთდება უმცირესობის უფლებების შესაზღუდად და მედიის თავისუფლების შესაზღუდად, იმით დასტურდება, რომ საქართველოში ყველაზე შეძულებული, ყველაზე დისკრიმინირებული ლგბტ ჯგუფი საერთოდ არაა მოხსენიებული“.
თუ აქ საუბარია მარგინალიზებული და უმცირესობების ჯგუფების დაცვაზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდებიან ვერბალური თავდასხმისა და სიძულვილის მსხვერპლი, მაშინ ვიტყვი, რომ ამ ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც კი არ არის ეფექტიანად გამოძიებული...ანა ნაცვლიშვილი
და მართლაც, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხედმძღვანელი ეკა გიგაურიც შენიშნავს, უმცირესობის არც ერთი ჯგუფი არ ითხოვს აღნიშნული ცვლილების მიღებას, რადგანაც არსებობს საფრთხე კანონი გამოყენებული იქნეს შერჩევით.
„კანონის შერჩევითად გამოყენების მაგალითები ჩვენ გვაქვს, როცა ეს შეეხება უმცირესობის უფლებების დაცვას. ჩვენ ამ შემთხვევაში ვსვამთ კითხვას: რა აუცილებლობაა, რომ პარლამენტი დღეს განიხილავს ამ კანონპროექტს“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანისას არსებული კონტექსტის გათვალისწინებას ითხოვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომლის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს კონტექსტი არ იძლევა კანონპროექტის მხარდაჭერის წინაპირობას.
„თუ აქ საუბარია მარგინალიზებული და უმცირესობების ჯგუფების დაცვაზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდებიან ვერბალური თავდასხმისა და სიძულვილის მსხვერპლი, მაშინ ვიტყვი, რომ ამ ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც კი არ არის ეფექტიანად გამოძიებული და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიცია, რომ ეს კანონპროექტი ამ მოქალაქეების დასაცავადაა შექმნილი, ნამდვილად დამაჯერებლობასაა მოკლებული“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.
სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც ლაპარაკის გამო დასჯის მოქალაქეებს იმ ქვეყანაში, სადაც, ხშირ შემთხვევაში, არ ისჯება ძალადობით მოტივირებული დანაშაული.