Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში საპროტესტო აქცია გაიმართა რამდენიმე მოთხოვნით


მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დასაქმების, ხაიში-ჭუბერის დამაკავშირებელი გზის შეკეთების და სასწრაფო დახმარების მანქანების დამატების მოთხოვნით სვანებმა 24 აგვისტოს ხაიში-ჭუბერის დამაკავშირებელი გზა თითქმის მთელი დღის განმავლობაში გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა ქვებით და ავტომანქანების საშუალებით ჰქონდათ ჩაკეტილი. მოძრაობის პარალიზების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სვანეთიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ტურისტები. მათ საპასუხოდ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მსგავსი ქმედებით სურთ მხოლოდ ხელისუფლებას გააცნონ მთავარი პრობლემები და გააქტიურებისკენ მოუწოდონ. სვანები უკმაყოფილო არიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების უყურადღებობით. ჭუბერის მკვიდრის გარი ჩხვიმიანის თქმით, მესამე წელია ტენდერია გამოცხადებული ხაიში-ჭუბერის 7-კილომეტრიანი გზის შეკეთებაზე და გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდაა. მანვე ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გაცემული და დღემდე შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა:

„ადამიანს ჰპირდები, რომ დაგასაქმებო. ამდენი წლები გავიდა და, ადამიანების ხელშეწყობის მაგივრად, ხელისშეშლა გამოგდის. ჩვენ, ჭუბერის მოსახლეობას, ერთმანეთთან მიმოსვლა არ გვაქვს. ზუგდიდიდან ამ ხიდამდე მოსვლას სჭირდება ერთი საათი, ამ ხიდიდან ჭუბერამდეც ერთი საათი უნდა. არადა, სულ შვიდი კილომეტრია“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ელვარდ ჭკადუას, თქმით, სვანები ძირითადად თავს ხე-ტყის მოპოვებითა და რეალიზებით ირჩენდნენ, ეს საქმიანობა კი მათ ხელისუფლებამ აუკრძალა, რამაც სვანების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა:

„ჩვენ ვართ ადგილობრივი მოსახლეობა და არაფრის საშუალება არ გვაქვს. რითი ვარჩინოთ ოჯახი?! ერთადერთი, რითაც ვჭამთ და ვსარგებლობთ, ეგეც ჩაკეტილია ჩვენთვის. მთავრობა არანაირ რეაგირებას არ ახდენს ხალხზე“, - უთხრა ჟურნალისტებს ელვარდ ჭკადუამ.

„ჩემთვის პირადად სამართლიანობა ის კი არ არის, რომ ვიღაცა დავსაჯოთ. ვიღაცა დასასჯელი რომ არ გახდეს, ეს არის სწორი საქმიანობა და სწორი მიმართულება. მოსახლეობა ითხოვს ერთ რაღაცას - მოგვეცით სამუშაო, მეტი არაფერი“, - თქვა აქციის ხაიშელმა მონაწილემ, ზურაბ ნიჟარაძემ.

შეკრებილების განმარტებით, მესტიის სოფლებისთვის წლებია ასევე გადაუჭრელ პრობლემად იქცა სასწრაფო დახმარების მანქანების არასაკმარისი რაოდენობა, რა მიზეზითაც ისინი ხშირად იგვიანებენ და საფრთხე ექმნება პაციენტის სიცოცხლეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელიც აქციის მონაწილეებს შეხვდა, განაცხადა, რომ ყველა ჩამოთვლილ პრობლემაზე მუშაობა დაწყებულია და ის ეტაპობრივად გვარდება. კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ხე-ტყის უკანონო მოპოვება კანონით იყო აკრძალული. მისი თქმით, შესაბამის სამინისტროებთან გავლილია ეს საკითხი. ამ ეტაპზე სპეციალისტები სწავლობენ სვანეთის ტყის მასივს, რომლის დასრულების შემდეგაც გამოიყოფა ტერიტორია, სადაც ნებადართული იქნება ხის მოპოვება. ძნელად მისასვლელი გზებიდან მისი ჩამოტანის მიზნით კი სატყეო დეპარტამენტმა გამგეობას გამოუყო სპეციალური ბულდოზერის ტიპის ტრაქტორი, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება ხე-ტყის გადატანაში.

„რაც შეეხება გზას, ტენდერი მთავრდება 25-ში. უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული. ტენდერი იმიტომ ჩაიშალა, რომ ერთ-ერთ კომპანიას, ექსპერტიზაზე როცა წარადგინა საბუთები, მითითებული ჰქონდა, რომ ჭუბერში ფლობდა ინერტულ მასალებს, ცემენტი და ა.შ. შემოტანილი ჰქონდა. არადა, სინამდვილეში ეს არაფერი არ აქვს და 4-მილიონიან ტენდერს მილიონ სამასი ათასი დააკლდა. ამიტომ გამოვაცხადეთ ის ხელმეორედ. იმედია, კონკურენცია იქნება მაღალი და გამოვლინდება გამარჯვებული, შემოვლენ ინვესტორები და გააკეთებენ ამ საქმეს“, - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

გამგებლის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტს სულ ორი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა, რომელიც, კანონის თანახმად, უნდა ემსახურებოდეს საავადმყოფოს და არა სოფლის ამბულატორიას. კაპიტონ ჟორჟოლიანის მტკიცებით, მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რომ სასწრაფოს ავტომანქანების ამბულატორიისთვის გადაცემის უფლება მოიპოვონ. ამასთან, გამგებელი ირწმუნება, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყო ყველა იმ სამუშაოს თაობაზე, რასაც გამგეობა ახორციელებს, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია მათი ასეთი პროტესტი. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია იყო, რასაც, სათანადო რეაგირება თუ არ იქნა, პერმანენტული გამოსვლები მოჰყვება.

XS
SM
MD
LG