Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზმაუს მენეჯმენტმა დაბალრეიტინგული გადაცემები დაასახელა


საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის გადაცემათა შეფასების საკუთარი ხედვა წარუდგინა და არსებული გადაცემები რეიტინგის მიხედვით დააჯგუფა - შესაბამისად, მიუთითა ის გადაცემები, რომლებიც შეიძლება დარჩეს და შეიძლება დაიხუროს. თავის მხრივ, ბორდის შეფასებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხედვის შემუშავებისას კვლავ მხოლოდ ეგრეთ წოდებული რეიტინგებით იხელმძღვანელა და არ გაითვალისწინა მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო კრიტერიუმები, რომლებიც სამეურვეო საბჭომ მოამზადა.

გადმოწერა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს ახალი ხედვა მაუწყებლის პირველი და მეორე არხის მიერ წარმოებული ტელეპროდუქციის სამ ჯგუფად დაყოფას ემყარება. პირველ ჯგუფში მოხვდა ის გადაცემები, რომელთა რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია, მეორე ჯგუფში აღმოჩნდა გადაცემები, რომლებიც მაუწყებლის საშუალო რეიტინგის ფარგლებშია და, ბოლოს, მესამე ჯგუფში გადანაწილდა ის გადაცემები, რომელთა რეიტინგიც არხის საშუალო რეიტინგს ჩამოუვარდება და, შესაბამისად, აღმასრულებელი საბჭოს წევრის, გიორგი გვიმრაძის, თანახმად, მაყურებლის სხვა არხებზე მიგრაციას იწვევს. მენეჯმენტის ხედვით, სამაუწყებლო ბადიდან სწორედ მესამე კატეგორიაში მოქცეული გადაცემები უნდა მოიხსნას.

ჩვენ ჩვენი მიზნისკენ ისევ იმავე მიმართულებით მივდივართ. ის მიზანი, რომელიც გვაქვს, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, კრიზისიდან გამოვიდეთ, არქივის გაციფვრა იქნება ეს, ტექნიკური გადაიარაღება თუ ახალი შენობის რეაბილიტაცია, ცხადია, ეს ყველაფერი თავის ადგილზე ნარჩუნდება...
გიორგი გვიმრაძე

აღნიშნული პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა არხის რეფორმირების რადიკალური, ეგრეთ წოდებული „ნულოვანი ვარიანტიდან“ უკან დაიხია და უარი თქვა მაუწყებლის ყველა გადაცემის შეჩერების პირვანდელ განზრახვაზე, თუმცა, როგორც გიორგი გვიმრაძემ განმარტა, ამით მაუწყებლის გრძელვადიანი, პერსპექტიული გეგმები არ იცვლება:

“პირველი ჩვენი შემოთავაზებული გეგმა იყო გრძელი ნაბიჯი, მყისიერი ეფექტური ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელი მიზანიც ჩვენ დავისახეთ. თუმცა ახლა ეს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჩვენი მიზნისგან უკან ვიხევთ. პირიქით, ჩვენ ჩვენი მიზნისკენ ისევ იმავე მიმართულებით მივდივართ. ის მიზანი, რომელიც გვაქვს, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, კრიზისიდან გამოვიდეთ, არქივის გაციფვრა იქნება ეს, ტექნიკური გადაიარაღება თუ ახალი შენობის რეაბილიტაცია, ცხადია, ეს ყველაფერი თავის ადგილზე ნარჩუნდება“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემათა შეფასების სისტემის პროექტი, აღმასრულებელი საბჭოს თანახმად, მაუწყებლის მოკლევადიანი განვითარების გეგმის ნაწილია. საბჭო განმარტავს, რომ ხედვა შესაბამისად ეყრდნობა ისეთ საზომებს, როგორიცაა საკუთარი წილი მედიაბაზარზე, ანუ იგივე რეიტინგი, და, ნაწილობრივ, ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გადაცემების ძირითადად რეიტინგის მიხედვით დახარისხება სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს - მით უფრო, რომ, როგორც ბორდის წევრი სულხან სალაძე ამბობს, თავად რეიტინგების გამოთვლის პრინციპი და სიზუსტეც სადავოა:

“თუ თქვენ გაზომავთ, როდესაც ჭიათურაში ჭიათურელ მაღაროელებზე ამზადებს გადაცემას რომელიმე ჩვენი გადაცემა და არ ვიცით, იქ უყურა თუ არა, როცა არ ვიცით, იქ, რუსთავში, პირობითად ვამბობ, უყურა თუ არა, ან დედოფლისწყაროში უყურა თუ არა, ჩემთვის ეს არ არის დოკუმენტი და ამას მე ამ პრინციპით ვერ დავუჭერ მხარს. ეს ერთი. მეორე - როცა ვლაპარაკობთ, რომ არის ტენდენცია გადაცემებისა, რომლის გამოც, როცა დაიწყება ეს გადაცემა, გადართავს მაყურებელი სხვა არხზე, მოდით იმაზეც ვისაუბროთ, სატელევიზიო ბადეში როდის არის გადაცემები, რომლის გამოც არ გადმორთავენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

სულხან სალაძე ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემათა შეფასების სისტემაში არ არის გათვალისწინებული მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო კრიტერიუმები ისე, როგორადაც ესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. კრიტერიუმები, რომლებიც ბორდმა მენეჯმენტს 16 თებერვალს წარუდგინა, 4 პუნქტისგან შედგება - კერძოდ, ხარისხი, წვდომა და წილი, ზეგავლენა და ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით. სამეურვეო საბჭო ვარაუდობდა, რომ ამ კრიტერიუმების საფუძველზე და კრიტერიუმების ფარგლებში მენეჯმენტი შეიმუშავებდა ცალკეული გადაცემების შეფასების სისტემას და, დამატებით, გაითვალისწინებდა ისეთ პროფესიულ მახასიათებლებს, როგორიცაა ჟურნალისტიკის სტანდარტები, გამოსახულება, რეჟისურა, განათება, გაფორმება და ასე შემდეგ. თუმცა გადაცემათა შეფასების კრიტერიუმად კვლავ რეიტინგის არჩევით მენეჯმენტმა ბორდის გარდა მოლოდინი მაუწყებლის თანამშრომელთა ერთ ნაწილსაც გაუცრუა. „რეალური სივრცის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ გადაცემების რეიტინგის გამოთვლისას გათვალისწინებული არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ინტერნეტი:

“ან რა პერიოდზეა დათვლილი, ან რა რეიტინგითაა ეს დათვლილი? დღეს, 21-ე საუკუნეში, არაფრად ჩააგდო ინტერნეტმომხმარებლების ინტერესი და, სხვათა შორის, აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ როცა ჩვენ დღეს გამოვითხოვეთ ჩვენს ვებზე როგორი აქვს ნახვების რაოდენობა, ჩვენ მივიღეთ უარი ამაზე. ანუ, როცა ითვლი რეიტინგს, ძალიან ბევრი მანიშნებელი, ძალიან ბევრი მახასიათებელი აქვს თუნდაც რეიტინგის დათვლას, მით უმეტეს, როცა თემატურად არ ითვლი, არ ყოფ გადაცემებს თემატურად და გასართობ გადაცემას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას ერთ ქვაბში ხარშავ“.

რაც შეეხება საზოგადოებრივ რადიოს, გადაცემათა რეიტინგის შეფასების დოკუმენტის პროექტში და, შესაბამისად, სამაუწყებლო ბადიდან მოხსნისა და ბადეში დარჩენის კანდიდატი გადაცემების ჩამონათვალში, რომელიც მაუწყებლის მენეჯმენტმა მოამზადა, რადიოგადაცემები არ აღმოჩნდა, რადიოსთვის ეგრეთ წოდებული შეფასების გაზომვის საშუალებათა არარსებობის გამო. ეს იყო მენეჯმენტის მიერ დასახელებული მიზეზი, რის გამოც იგი არ გამორიცხავს რადიოგადაცემების შეფასების კრიტერიუმთა შემუშავებას, მათ შორის, კვლევის ჩატარებას.

XS
SM
MD
LG