Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საცალო ვაჭრობაში ინვესტირების პერსპექტივა საქართველოში


სხვადასხვა ეკონომიკურ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს ადგილით საკმაოდ კარგად შეიძლება იმის გარკვევა, თუ რამდენად პერსპექტიულ ქვეყნად აღიქვამენ საქართველოს მსოფლიოში და რამდენად მიმზიდველია იგი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით.

ამ კუთხით საინტერესო იყო ამ დღეებში გამოქვეყნებული გლობალური საცალო ვაჭრობის განვითარების 2014 წლის ინდექსი, რომელიც საცალო ვაჭრობაში ინვესტირებისთვის ყველაზე პერსპექტიული განვითარებადი ქვეყნების რეიტინგს განსაზღვრავს. ამ რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილზეა - ჩილეს, ჩინეთის, ურუგვაის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ბრაზილიისა და სომხეთის შემდეგ.

გლობალური საცალო ვაჭრობის განვითარების ინდექსი განსაზღვრავს იმ 30 ტოპქვეყანას, რომლებიც საინტერესოა მთელი მსოფლიოსთვის საცალო ვაჭრობის გაფართოების კუთხით. ინდექსში გაანალიზებულია 25 მაკროეკონომიკური და ასევე საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები იმ მიზნით, რომ დაეხმაროს საცალო ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს აღმოაჩინონ განვითარებადი ბაზრები და მოახდინონ მათში ინვესტირება.

ამ ინდექსის ყოველწლიურ რეიტინგში საქართველო, გასულ 2013 წელთან შედარებით, ერთი პოზიციით არის დაწინაურებული.

საინტერესოა, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულები ასე გადანაწილდა: ბაზრის მიმზიდველობა - 32,4 ქულა (100-დან); ქვეყნის რისკი 32,8 ქულა (100-დან); ბაზრის გაჯერებულობა 79.6 ქულა (100-დან); დროის დეფიციტი_ 55,9 ქულა (100-დან); საბოლოო ჯამში, GRDI-ის რეტინგში ქვეყანამ 55,9 ქულა დააგროვა (100-დან).

GRDI-ის რეიტინგში მეზობელი სომხეთი საქართველოს, როგორც აღვნიშნეთ, ერთი ადგილით უსწრებს; რუსეთს მე-12 ადგილი უჭირავს, თურქეთს - მე-11. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კიდევ ერთი მეზობელი, აზერბაიჯანი, ბოლო - 30-ე პოზიციაზეა.

2014 წლის კვლევის მთავარ მიგნებებში ავტორები მსოფლიოში საინტერესო ტენდენციებზე მიანიშნებენ. კერძოდ, ამ ბიზნესში ინვესტიციების ჩადების მსურველები საკმაოდ აქტიურად იყენებენ ელექტროკომერციის საშუალებებს, რათა უკეთ მოახდინონ სტრატეგიულ ბაზარზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე უნიკალური პასუხები მოძებნონ.

რეიტინგში საკმაოდ წარმატებულმა ადგილმა, წესით, მსოფლიოს იმ ინვესტორთა დაინტერესება უნდა გამოიწვიოს, რომლებიც საცალო ვაჭრობის ბაზარზე დღემდე დიდად არ აქტიურობდნენ. კერძოდ, თუ საგარეო ინვესტიციების სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ 2012-2014 წლებში საცალო სექტორის ვაჭრობაში ინვესტიცია საკმაოდ მცირეა და ჯეოსტატს, „სხვა დანარჩენ“ მცირემასშტაბიან ინვესტიციებთან ერთად, ეს კატეგორია 16 პროცენტში ჰყავს შეყვანილი.

ეს მაშინ, როცა ვაჭრობის ბრუნვა, ზოგადად, საკმაოდ საინტერესოა. მაგალითად, 2013 წელს საქართველოში ბიზნესის 12 მილიარდ 109-მილიონიანი ბრუნვიდან 6 მილიარდ 311 მილიონის ბრუნვა ვაჭრობასა და წვრილი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტზე მოდიოდა.

შესაბამისად, ეს სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ საცალო ბიზნესში ფულის ჩადება საქართველოში საკმაოდ მოგებიანი საქმეა. ამიტომ, საქართველოში საკმაოდ მოკრძალებული საგარო ინვესტიციების ფონზე, ამ შესაძლებლობების გამოყენება და წახალისება უდავოდ მნიშვნელოვანი საქმე უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG