ზუგდიდის ახალ დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 320 ოჯახი ცხოვრობს, კვლავ უკმაყოფილების საგნად რჩება სასმელი წყლის ხარისხი და მისი მიწოდება.
ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებს, გასული წლების მსგავსად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წყლის მიწოდება, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის წყლის საქაჩების მწყობრიდან გამოსვლის გამო, რამდენჯერმე შეუწყდათ. ნოემბერსა და დეკემბერში იგივე პრობლემა ელექტროენერგიაზე დაგროვილმა დავალიანებამ გამოიწვია. გამომდინარე იქიდან, რომ წყლის საქაჩები ელექტროენერგიით მუშაობს, 20 ათასი ლარის დავალიანების დაგროვების შემდეგ ენერგოკომპანიამ მოწყობილობა გამორთო და დასახლება წყლის გარეშე დარჩა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გადაწყვეტილებას რამდენიმე საპროტესტო აქცია მოჰყვა. წყლის მიწოდების აღდგენასთან ერთად დევნილების მოთხოვნა იყო წყლისა და საგანალიზაციო სისტემა, რომელზეც ოფიციალურად არავინ აგებდა პასუხს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ჩაებარებინა. მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დევნილთა სამმართველო უკვე ასრულებს კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესს. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ დავალიანებას დროთა განმავლობაში ეტაპობრივად გადაიხდიან.
ამჟამად ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებს წყლის მიწოდება აღუდგათ, თუმცა შიშობენ, რომ ის შეიძლება უვარგისი იყოს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის განცხადებები გაკეთდა მის ვარგისიანობაზე. გალიდან დევნილ ინეზა ფარულავას არ სჯერა არც ლაბორატორიული დასკვნის, რომელიც მერიისა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა მათ 13 დეკემბერს გადასცეს. ლაბორატორიული ანალიზის დასკვნაში წერია, რომ ლაღიძის ქუჩაზე არსებულ ჭაბურღილში წყალი სასმელად ვარგისია.
ჯერ ერთი მოვა და გვეუბნება, წყალი კარგიაო. მერე მეორე მოვა და გვეუბნება, არ ვარგაო. ახლა ამ მოსახლეობის 90 % არც ერთი არ სვამს ამ წყალს...როინ ჯახაია
„შეშინებული ვართ, მეტი არაფერი. მეტი სხვა ინტერესი ჩვენ არ გვაქვს. თქვენ დალევთ, რომ გეშინიათ, ისე წყალს? ეს შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ იმდენი ჭორი დადის, იმდენჯერ მოიტანეს საბუთი, უვარგისიაო, ამის შემდეგ ვინ უნდა დალიოს?!“ - კითხულობს ინეზა ფარულავა.
„ჯერ ერთი მოვა და გვეუბნება, წყალი კარგიაო. მერე მეორე მოვა და გვეუბნება, არ ვარგაო. ახლა ამ მოსახლეობის 90 % არც ერთი არ სვამს ამ წყალს“, - ამბობს ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრები როინ ჯახაია.
ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავას მტკიცებით, დასახლებაში უვარგის წყალს დევნილები ძველი ჭაბურღილით იღებდნენ, ახალი სინჯები კი იმ წყალზე აიღეს, რომელიც ახალი ჭაბურღილით მიეწოდება დასახლებას. მან დევნილების თვალწინ ერთი ჭიქა წყალიც დალია და დასძინა, რომ მზად არის მისი უვნებლობის დასადასტურებლად ყოველ დილით იგივე გაიმეოროს:
„გაკეთდა მეორე ჭაბურღილი, ხოლო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გააკეთა ლაბორატორიული დასკვნა და დასკვნაში წერია, რომ წყალი უვნებელია“.
წყლის ხარისხის ხელახლა გამოკვლევის გარდა, დევნილების მოთხოვნაა კორპუსების მშენებლობისას დაშვებული შეცდომების გამო ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან მას უნდა ჩაებარებინა სრულყოფილი შენობები. მათი სურვილია დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ის პირები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.
თავის მხრივ, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა აცხადებს, რომ კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ ყველა ნორმას აკმაყოფილებს. მისი განმარტებით, საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლას ხშირად დასახლების მცხოვრებლების დაუდევრობა იწვევს, რადგან მილების დასუფთავების პროცესში არაერთხელ ამოუტანიათ სხვადასხვა სახის ნაგავი.
„რაც შეეხება წყლის პრობლემას, ამაზე უკვე „წყალკანალი“ იზრუნებს, ის იქნება პასუხისმგებელი იმაზეც,თუ რამდენად უსაფრთხოა დასახლებაში წყალი“, - ამბობს მანუჩარ ჩილაჩავა.
2016 წელს დასახლებაში დაბინძურებული წყლით 111 ადამიანი მოიწამლა.