Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენლებმა გუბერნატორს სოფლების პრობლემები გააცნეს


სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორი მოადგილესთან ერთად მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან მოისმინა, 2015 წლისთვის რა პრობლემებია პირველ ეტაპზე მოსაგვარებელი. შეხვედრის დაწყებისთანავე გუბერნატორმა ლევან შონიამ საჯარო მოხელეებს სთხოვაგანსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საბავშვო ბაღებს, რამდენადაც ეს საკითხი მომავალ თაობას ეხება; გამგებლის წარმომადგენლები კი მკაცრად გააფრთხილა, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებზე რეალური ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან ის თითოეულ მათგანს თავად შეამოწმებს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი, რომლის მოგვარებაშიც გამგებლის წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა დახმარება მოითხოვა, საბავშვო ბაღების ავარიული შენობებია. მწვავე პრობლემებად დასახელდა სოფლებში როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზების გაუმართაობაც:

„დამრეცი მონაკვეთებია და ზუგდიდი-აბასთუმნის გზა მოასფალტებული არ არის, საერთოდ. უკიდურესად რთულ პირობებში ვიმყოფებით“, - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ აბასთუმანში, ვახტანგ კუტალიამ. მასავით, გზის შეკეთებისა და დაგების აუცილებლობა თითქმის ყველა სოფლის წარმომადგენელმა დაასახელა საკუთარი სოფლის პრიორიტეტად.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შეხვედრაზე გამოიკვეთა, გაზიფიცირებაა. ახალსოფელში გამგებლის წარმომადგენლის, ლადო ქვარცხავას განცხადებით, კომპანია „სოკარმა“ სოფელში გაზიფიკაციის სამუშაოები დაასრულა და ბუნებრივი აირით მოამარაგა სოფლის მოსახლეთა უდიდესი ნაწილი, თუმცა, მისთვის გაურკვეველი მიზეზებით, უგაზოდ დარჩა რამდენიმე ოჯახი:

„გაყვანილი იქნა 87 კილომეტრი გაზიფიკაციის მილები და დარჩენილია 8-10 კილომეტრი. მივმართეთ გამგეობას, ერთობლივად გავაგზავნეთ წერილი ეკონომიკის სამინისტროში. ხალხი არის უკმაყოფილო. ფიქრობენ, თითქოსდა შერჩევის წესით მოხდაო გაზის გაყვანა“.

ახალსოფლის მსგავსად, სრული გაზიფიცირება პრობლემა აღმოჩნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც - მაგალითად: ინგირში, კოკსა და აბასთუმანში. სწორედ ამიტომ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კომპანია „სოკარს“ მიმართონ ოფიციალური წერილით, გასწორდეს ტექნიკური შეცდომა.

„გაზიფიკაციისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. იმ უბნებში, სადაც ის გაყვანილია და ჯერ არ არის მიყვანილი მოსახლეობასთან, ეს სამუშაოები დაიწყება ახლა. შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელდება და, როგორც წესი, 2017 წლისთვის არც ერთი მოსახლე არ იქნება გაზის გარეშე დარჩენილი“, - განაცხადა გუბერნატორმა.

რაც შეეხება სოფლის წარმომადგენლების მიერ დასახელებულ გზის რეკონსტრუქციის აუცილებლობას, ლევან შონიას განცხადებით, ეს პრობლემა ეტაპობრივად გვარდება ყველა სოფელში:

„ორი წლის განმავლობაში გზის სამუშაოებისთვის უკვე დაიხარჯა 104 მილიონამდე ლარი. ჩვენ ეტაპობრივად ამ პრობლემას ყველა სოფელში მოვაგვარებთ და ყველგან იქნება კომფორტული გზა და განათება“.

ინფრასტრუქტურული პრობლემების პარალელურად, თითოეული სოფლის წარმომადგენელმა სოციალურ საკითხებზეც ილაპარაკა. ითქვა, რომ მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება და არის უმუშევრობის მაღალი დონე. საპასუხოდ გუბერნატორმა თქვა, რომ 2015 წლისთვის კერძო ინვესტორებისა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც მოქალაქეთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG