Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურიდან თანამშრომლები გაუშვეს


სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. მიზეზად უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის უკვე ყოფილი მთავარი სპეციალისტი ლადო სერგია აცხადებს, რომ ამ დროისთვის სამსახურის დატოვება დაახლოებით ხუთ თანამშრომელს მოუწია:

„განმარტება ეს არის, რომ დღესდღეობით მიმდინარეობს რეორგანიზაცია და მიდის შტატების შემცირება, ამის გამო ჩემი შტატიც შემცირდა. ეს დაიწყო გასულ პარასკევს. ჩემი ინფორმაციით, მგონი, 4 -5 შტატი შემცირდა“.

თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ლადო სერგიაზე მეტი ინფორმაცია არც სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ეგუტიას აქვს:

„კი, ბატონო, იყო რეორგანიზაცია და თანამდებობა დავტოვე. მეტი დეტალები დაზუსტებით არაფერი ვიცი“.

ამჟამად ზურაბ ეგუტიას მოვალეობას მისი მოადგილე კახა კაჭარავა ასრულებს.

როგორც გაირკვა, რეორგანიზაცია არ შეხებია მარტო სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურს. სააგენტოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ტატა გამყრელიძის განცხადებით, ამავე მიზეზით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 64 თანამშრომელი გათავისუფლდა. უწყებაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, გაუქმდა რეგიონალური სამსახურები და მთავარ ქალაქებში - მათ შორის, ზუგდიდში - დარჩა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკოორდინაციო ცენტრი. ტატა გამყრელიძის ცნობით, იმ ადამიანთა თანამდებობები, რომლებიც იდენტური შინაარსის სამსახურებს ითავსებდნენ, შეიკვეცა. შედეგად დარჩნენ ის თანამშრომლები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას უკეთ ასრულებდნენ.

„ქვეყნის მასშტაბით ათ რეგიონალურ სამსახურს შეეხო რეორგანიზაცია და ათივე რეგიონალური სამსახური გაუქმდა. ის არ გაუქმებულა მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დღის წესრიგში ეს საკითხი კვლევის შედეგების შემდეგ დადგა. ჩატარდა კვლევა ფუნქციებზე, მოვალეობებზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და ა.შ . კვლევამ უჩვენა, რომ ეს რეგიონების სტრუქტურული სამსახურები არასაჭირო იყო, ანუ იყო ისეთი ფუნქციები, რომლებიც გადანაწილებული ჰქონდათ, ერთდროულად, როგორც რეგიონალური სამსახურის, ასევე საქალაქო ცენტრების თანამშრომლებს“, - განუცხადა ტატა გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას.

მისი ცნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს საკოორდინაციო ცენტრებში ამჟამად მოვალეობის დროებითი შემსრულებლები არიან და თანამდებობის პირთა არჩევა კანონით დადგენილი წესების თანახმად მოხდება:

„უახლოესი სამი თვის განმავლობაში, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული, ჩატარდება კონკურსი ამ ახლად შექმნილ სტრუქტურაში. აქ იქნება ახალი შტატები. ეს იქნება სტრუქტურულად ახალი ერთეული. ჩატარდება კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ყველას - მათაც, ვინც ახლა ასრულებს მოვალეობას, მათაც, ვინც გაუქმებულ სამსახურში მუშაობდა და სურვილი აქვს, რომ ისევ ამ სფეროში გააგრძელოს მუშაობა, და ნებისმიერ მსურველს. კონკურსი იქნება აბსოლუტურად ღია“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ უახლოესი სამი თვის განმავლობაში სამსახურიდან დარჩენილ თანამშრომელთა გათავისუფლება არ იგეგმება, თუ მათი მხრიდან რაიმე გადაცდომას არ ექნება ადგილი ან თავად არ გადაწყვეტენ სამსახურიდან წასვლას.

XS
SM
MD
LG