Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს ჩაშლილი სხდომა, პროტესტი გუბერნატორის წინააღმდეგ


კასპი
კასპი

კასპის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მორიგი სხდომა ხმაურის შემდეგ ჩაშალა. ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ბიუროზე დღის წესრიგში შეტანილი 9 საკითხიდან სხდომის დროს მაგიდაზე განსახილველად მხოლოდ 5 დაუდეს. საკრებულოს წევრებმა ვითარების გარკვევა სცადეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ილია ზაქარიაძემ კი სხდომაზე განაცხადა, რომ 4 საკითხი გუბერნატორის აპარატიდან ჩაასწორეს და დღის წესრიგიდან ამოიღეს.

თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში ჩარევა, არჩეული დეპუტატების უპატივცემლობა, თვითმმართველობის დისკრედიტაცია - ასეთი იყო იმ დეპუტატების განცხადებები, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რობერტ კავთიაშვილი აცხადებს, რომ გუბერნატორის ჩარევა საკრებულოს საქმიანობაში ყოვლად მიუღებელია, კასპის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვახტანგ ბეჟიტაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ პრეცედენტით საფრთხის ქვეშ დადგა თვითმმართველობის ორგანოს დამოუკიდებლობა.

ოპოზიციის პროტესტს მმართველ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წევრმაც დაუჭირა მხარი. ნუგზარ საჩალელი ამბობს, რომ ბიუროზე მიღებული საკითხების იგნორირება მისთვის მიუღებელი იყო.

კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ილია ზაქარიაძემ ჟურნალისტებთან არ უარყო ის ფაქტი, რომ ბიუროს საკითხებს ყოველთვის შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატში გზავნიან და ამას იმისთვის აკეთებენ, რომ რაიმე ლაფსუსი არ გაეპაროთ.

მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი დუმს, მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი კი, გიორგი ედიშერაშვილი, მოკლე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სამხარეო ადმინისტრაცია მხოლოდ სამართლებრივი რეკომენდაციებით იფარგლება და საკითხების შინაარსში არ ერევა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრების პროტესტი სამართლიანი იყო, რადგან გუბერნატორს უფლება არა აქვს ჩაერიოს საკრებულოს საქმიანობაში, მით უმეტეს, დაადგინოს დღის წესრიგი. ბებიაშვილის თქმით, გუბერნატორის ფუნქცია მხოლოდ მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობაა, სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს კი იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. ბებიაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში ზურაბ რუსიშვილი უხეშად ჩაერია თვითმმართველობის საქმიანობაში.

საკრებულოს წევრები მოითხოვენ, გორსა და კასპს შორის გზაში დაკარგული საკითხები დღის წესრიგში დაბრუნდეს და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც საკრებულოს საქმიანობაში ჩაერია.

XS
SM
MD
LG