საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ზუგდიდში ორი ანგარიში წარადგინეს - „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისა“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ. ორივე ანგარიშის მონაცემები 2016 წლის შედეგებს ასახავს.
სახალხო დამცველის მრჩევლის, მედეა ტურაშვილის, განცხადებით, კვლავ მძიმეა გამყოფი ხაზის სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემაა უსაფრთხოების საკითხებში. მედეა ტურაშვილის სიტყვებით, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში რეგულარულად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობის, განათლების, საცხოვრებლისა და საკუთრების უფლებები, რასაც გამყოფ ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა უდევს საფუძვლად.
„ძალიან რთულია შემოსავლების მიღება მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ბევრმა მათგანმა დაკარგა მიწები, რაც არის მათი შემოსავლის ძირითადი წყარო. 2016 წელს დაფიქსირდა მკვლელობის, გაუჩინარების ფაქტები და გრძელვადიანი დაპატიმრების ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, ამძიმებს უსაფრთხოების პრობლემებს რეგიონებში“, - განაცხადა მედეა ტურაშვილმა.
მანვე ადამიანის უფლებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავია სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა გალის რაიონში სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა და საფრთხე ექმნება პაციენტების ჯანმრთელობას. მანვე აღნიშნა, რომ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, გალის სოფელ საბერიოსთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არ გადაუცია სასწრაფო დახმარების მანქანა.
ომბუდსმენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვასთან ერთად ირღვევა უფლებები განათლების ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რადგან მოზარდებს არ აქვთ საკუთარ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა და გაკვეთილები უტარდებათ რუსულად.
რაც შეეხება ანგარიშს „იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის“ შესახებ, აპარატის მრჩეველმა დევნილთა საკითხებში, მერი კოჭლამაზაშვილმა, აღნიშნა, რომ დევნილთა ძირითადი პრობლემები წლების განმავლობაში უცვლელია. ესენია: ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში, რიგ ობიექტებში იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ასევე, ყოფილი კოლექტიური ცენტრების რეკონსტრუქციის პროცესი და სარემონტო სამუშაოების დაბალი ხარისხი.
„ძირითადი რეკომენდაციები ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ობიექტებს, სადაც დევნილები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ და ჩვენი რეკომენდაციაა განსახლების პროცესში სამინისტრომ პრიორიტეტი მიანიჭოს ასეთ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს“, - განაცხადა, მერი კოჭლამაზაშვილმა.
შეხვედრაზე მყოფმა დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „საუნჯის“ წარმომადგენელმა, იაგო ფასანძემ, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ თემებზე ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო უწყებებმაც:
„ხაზგასმით აღსანიშნია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. სწორედ განსახლების დროს არის გასათვალისწინებელი მათი უფლებები. მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღები არ შენდება დიდ დასახლებებში, მაგალითად,როგორიც არის ბათუმში, ზუგდიდში და ფოთში“, - განაცხადა იაგო ფასანძემ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, არც ერთ სხვა რეგიონში არ არის ისეთი დიდი ინტერესი დევნილთა საკითხებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როგორც სამეგრელოში, რაც, მათივე თქმით, გახდა მიზეზი შესაბამისი ანგარიშების ზუგდიდში წარდგენისა.