Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ქვეყნის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია არის სხვაობა ქვეყნის საგარეო ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის. საგარეო ფინანსურ ვალდებულებებში დაანგარიშებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ვალი, აქტივები კი მოიცავს სახელმწიფო და კერძო პირების მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მათ მფლობელობაში არსებულ ფინანსურ რესურსებს. აღნიშნული ინდიკატორი, ქვეყნის საგადასახადო ბალანსთან ერთად, ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის ბარომეტრია და მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შესაფასებლად.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, -16.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს -101 პროცენტია. უარყოფითი ბალანსი ნიშნავს, რომ საქართველოს უცხოური ვალდებულებები აჭარბებს უცხოეთში განთავსებულ აქტივებს. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 595.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 294.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. შედარებისთვის: მსოფლიოში საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის მიხედვით, პირველ ადგილზეა ჰონგ კონგი, სადაც დადებითი საინვესტიციო ბალანსი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში +353 პროცენტია, მეორე ადგილზეა სინგაპური, +224 პროცენტით. საქართველოს პოზიცია ახლოს არის საბერძნეთისა და პორტუგალიის მაჩვენებლებთან, სადაც წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო ბალანსი მთლიანი შიდა პროდუქტის -104 და -119 პროცენტს უდრის.

როგორია, 2014 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საქართველოს საგარო ვალდებულებებისა და აქტივების მაჩვენებლები, მათი მოცულობა და ტიპი?

2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.8 მლრდ აშშ დოლარია, მათში 45.1 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია, 29.7 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს, 24.1 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ, ხოლო 1.0 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 21.3 პროცენტი ნაღდი ფულისა და დეპოზიტების წილად მოდის, 6.1 პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს, 2.0 პროცენტი - სესხებს.

სარეზერვო აქტივები, წინა კვარტალთან შედარებით, 224.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და, 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ვალდებულებებს, პირველი კვარტალის ბოლოს მთლიანმა ვალდებულებებმა 22.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 618.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 182.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება. 2014 წლის პირველ კვარტალში მთავრობის გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები 22.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

კვარტალურად შემცირდა საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებების დაფარვის ხარჯზე და 2014 წლის მარტის ბოლოს 1.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. 9.5 მლნ აშშ დოლარით (16.6 მლნ ლარით) არის შემცირებული სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და, 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 1.8 მლრდ აშშ დოლარს უტოლდება.

XS
SM
MD
LG