Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო სამსახურის რეფორმირება თეორიასა და პრაქტიკაში


კონფერენცია
კონფერენცია

საჯარო სამსახურის რეფორმის შეფასება, ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასება და საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობა - ესაა ის სამი კვლევა, რომლის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კონფერენციაზე იმსჯელა. ორგანიზაციამ ანგარიშები ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.

თბილისი, ქუთაისი და ზუგდიდი - ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეაფასა. კვლევამ აჩვენა, რომ საკრებულო სამივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ სუსტი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი მისი დამოუკიდებლობის გასაზრდელად. კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციის პროექტის მენეჯერის ერეკლე ურუშაძის თანახმად, საკრებულოსა და მერიის საქმიანობა შეფასდა კონკრეტულად გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ანტიკორუფციული მექანიზმების კუთხით:

ერეკლე ურუშაძე
ერეკლე ურუშაძე

“მთავარი პრობლემა, ამ კვლევის მიხედვით, არის ის, რომ საკრებულოები სამივე ქალაქში არის სუსტი, საზედამხედველო ფუნქციის თვალსაზრისით. ისინი ვერ ახორციელებენ სათანადო დონეზე მერიის საქმიანობის ზედამხედველობას, რადგანაც არ არიან საკმარისად დამოუკიდებლები. ასევე საჯარო მოხელეების მდგომარეობის მხრივ ადგილობრივ დონეზე აღსანიშნავია, რომ შეინიშნება, ისევე როგორც ცენტრალურ დონეზე, პოლიტიზაცია, ანუ საკმარისად დამოუკიდებელნი პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან არ არიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და არჩევნების შემდეგ ადგილი ჰქონდა მასობრივ დათხოვნებს. ასევე მოქალაქეთა ჩართულობა და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულება ადგილობრივი ხელისუფლების არ არის დამაკმაყოფილებელი“.

ერეკლე ურუშაძე აქვე აღნიშნავს პოზიტიურ პრაქტიკასაც, კერძოდ, იგი კმაყოფილია აუდიტის მაღალ დონეზე ჩატარებითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების მექანიზმებით, მათ შორის, ამ მექანიზმების პრაქტიკული გამოყენებით.

რაც შეეხება კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმა დგას, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ დაინტერესებულ პირებს ორი ისეთი თემის ანალიზს სთავაზობს, როგორიცაა საკადრო პოლიტიკა და საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები. ამ მიმართულებებში ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი ლევან ნატროშვილი პრობლემების სახით გამოყოფს გამოსაცდელი ვადის ზედა ზღვრის 6-დან 12 თვემდე გაზრდას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების ხარვეზიან მუშაობას. იგი ჩამოთვლის დადებით ასპექტებსაც:

“მთლიანობაში, დადებითად ვაფასებ ახალი კანონის მიღებას, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. ვფიქრობთ, რომ გარკვეული პრობლემები, რაც არსებობდა დღეს მოქმედ კანონში და არსებობს, აღმოიფხვრება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტის გარდაქმნა, ატესტაციის პროცესის გაუქმება და შეფასების სისტემის შემოღება, ზოგადად, საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების სისტემის შემოღება და მესამე მნიშვნელოვანი რეფორმა ეს არის საჯარო მოსამსახურეების შესახებ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის კუთხით გადადგმული ნაბიჯები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა 2017 წლამდე ამოქმედდეს და ასევე გაფართოვდეს როგორც დეკლარაციის წარმდგენი თანამდებობის პირების, ისე თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ჩამონათვალი, იმ პირების ჩართვით, რომლებზეც ქონების გასაჯაროების ნორმები უნდა გავრცელდეს.

ორი საკითხი გამოიკვეთა, რომელზეც, ვთქვათ, განსხვავებული აზრი არსებობს, თუმცა ამ განსხვავებულ აზრთან მიმართებაშიც თვითონაც, არასამთავრობო სექტორი, იგივე დახურულ კონკურსებთან დაკავშირებით არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და, შესაბამისად პრაქტიკა გამოაჩენს, რამდენად დადებითი ნაბიჯი იყო ეს ცვლილება ჩვენს რეალობაში...
ეკატერინე ქარდავა

საჯარო სამსახურის სისტემის რეფორმირებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის შეფასების პროცესში „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ თანამშრომლობისთვის ღიაობას აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა:

“პოზიტიური იყო შეფასებები. ორი საკითხი გამოიკვეთა, რომელზეც, ვთქვათ, განსხვავებული აზრი არსებობს, თუმცა ამ განსხვავებულ აზრთან მიმართებაშიც თვითონაც, არასამთავრობო სექტორი, იგივე დახურულ კონკურსებთან დაკავშირებით არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და, შესაბამისად პრაქტიკა გამოაჩენს, რამდენად დადებითი ნაბიჯი იყო ეს ცვლილება ჩვენს რეალობაში. ამას ჩვენც ველოდებით და პრაქტიკულად როგორ გაამართლებს ეს სიახლეები, ამაზე, ბუნებრივია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“.

კონფერენციაზე მსჯელობის საგნად იქცა კიდევ ერთი ისეთი საკითხი, როგორიცაა შტატგარეშე მოსამსახურეების რაოდენობის დაუსაბუთებელი ზრდა იმ ფონზე, როდესაც ყოველ წელს ბიუჯეტში საშტატო საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობაც იზრდება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა იურისტმა გიგი ჩიხლაძემ გვითხრა, ორგანიზაციამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის თანაფარდობის შესასწავლად ინფორმაცია 79 ორგანიზაციიდან გამოითხოვა. ბიუჯეტის კანონით დადგენილი დათქმა ორპროცენტიან ფორმალურ ზღვარს ითვალისწინებს, შედეგი კი შემდეგია:

“79 გამოთხოვილი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 63-ში იყო 2 პროცენტზე მეტი, მნიშვნელოვნად იყო გადაჭარბებული -1000 პროცენტსაც კი სცდებოდა - მათი რიცხოვნობა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის კანონდარღვევა, იმიტომ რომ იმავე კანონში არის ასევე შესაძლებლობა გამონაკლისისა, რომელსაც სჭირდება მთავრობის თანხმობა. და ამ სამი წლის განმავლობაში არის 170 ასეთი საგამონაკლისო თანხმობა გაცემული, რასაც რეალურად მივყავართ იმ პრობლემამდე, რომ ეს გამონაკლისი კი არა, უკვე წესია“.

გიგი ჩიხლაძე დასძენს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებმაც 2- პროცენტიანი ზღვარი დაიცვეს, უმცირესობაში არიან, გამონაკლისს წარმოადგენენ, რაც კანონის არსს ეწინააღმდეგება და მეტ დასაბუთებას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG