Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო ვაჭრობის ტენდენციები 2017 წლის პირველ თვეში


ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელი, მიუხედავად ზოგადად ექსპორტში არსებული პრობლემებისა, ბოლო წლის მანძილზე სტაბილურად იზრდება.

გადმოწერა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 174 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 53 მლნ აშშ დოლარი იყო (39 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 121 მლნ აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წ. იანვარში, შესაბამისად, 26, 31 და 24 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23 პროცენტი (2016 წ. იანვარში 21 პროცენტი). ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირის ბაზარი, საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ყველაზე სტაბილური და პერსპექტიული ბაზარია.

2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, აღნიშნულ მაჩვენებელში ექსპორტი 177 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 474 მლნ აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 297 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა, რეექსპორტის გარეშე, 143 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარში 220 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით, 32 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 65 მლნ აშშ დოლარი (2.2-ჯერ მეტი), ხოლო იმპორტი 155 მლნ აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში 37 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2016 წ. იანვარში, შესაბამისად, 31, 24 და 33 პროცენტი). 2017 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წ. იანვარში 37 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (86 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (73 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (72 მლნ აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 33 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 24 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 11 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 53 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი, 27 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი). მესამე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 23 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

XS
SM
MD
LG