ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესების მონიტორინგს აწარმოებენ, ადგილზე არსებულ ვითარებას აფასებენ, როგორც მეტ-ნაკლებად მშვიდს და სტაბილურს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე მესამე სექტორის წარმომადგენლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, რომ, გასული წლებისგან განსხვავებით, ზუგდიდში, სადაც ყოველთვის ჭარბობდა ემოციები და ხშირად იყო ფიზიკური დაპირისპირებები, ამ დროისთვის საარჩევნო გარემო გაცილებით გაუმჯობესებულია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი ვითარება არჩევნების დასრულებამდე შენარჩუნდება.
„ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და სულ ერთი საჩივარი დაიწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში აგიტაციისთვის. სოფელ ყულიშკარის გამგებელმა, რომ სია გააგზავნა საარჩევნო შტაბში, ამ საკითხზე არის საჩივარი დაწერილი. მან გააგზავნა სია, სადაც ჩამოთვლილი იყო ამ სოფლის მცხოვრები საჯარო მოხელეები“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.
მისი თქმით, საყურადღებოა ასევე საჯარო მოხელეთა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მობილიზების ფაქტები მმართველი პარტიის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების საარჩევნო შეხვედრებზე ამახვილებს ყურადღებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იხსენებს მმართველი პარტიის წარმომადგენლის პედაგოგებთან შეხვედრას, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მათ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა, მაგრამ მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევას წარმოადგენს ის, რომ უშუალოდ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მოუწოდა პედაგოგებს მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის“.
საია მიიჩნევს, რომ საუბნო კომისიის წევრების შერჩევისას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადოდ არ გაითვალისწინა კანდიდატების პროფესიული გამოცდილება და ცუდია, რომ, საბოლოო ჯამში, მათ მიერ დაკომპლექტებულ კომისიებში მოხვდნენ პირები, ვისაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ჰქონდათ დაკისრებული. ჯემალ ჭკადუა ყურადღებას ამახვილებს ასევე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პლაკატების ჩამოხევაზე.
ამავე ფაქტს იხსენებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელი, იაგო ფასანძე:
„ჩამოხიეს პოლიტიკური პარტიის შტაბში ბანერი, ჩამოხიეს რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის პლაკატი და ასევე გადაკრული იყო კერძო კომპანიების მიერ მათი პოსტერები, რაც დაუშვებელია“.
საარჩევნო გარემოს შეფასებისას კანდიდატებისადმი მოსახლეობის ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე აკეთებს ქცენტს არასამათავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბეჭვაია. მან, პროექტის ფარგლებში, თანამშრომლებთან ერთად 50-ზე მეტი შეხვედრა გამართა სოფლებში. როგორც ხათუნა ბეჭვაია ამბობს, გამოიკვეთა ამომრჩევლების კანდიდატებისადმი დაბალი ნდობა:
„როცა კანდიდატებთან გვქონდა ურთიერთობა, ზოგიერთი მიფიქსირებდა, რომ იმყოფება არათანაბარ გარემოში, რომ მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ როცა კონკრეტულად ვეკითხებოდით, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ გვაწვდიდნენ“.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათთან საჩივარი არ შესულა. რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოთხოვნას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი შეედგინათ სოფელ ყულიშკარის გამგებლის მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში საჯარო მოხელეთა სიის გაგზავნის ფაქტზე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განმარტავს, რომ ამ საქმის შესწავლა მათ კომპეტენციას სცილდებოდა და ორგანიზაციას შესაბამისი განმარტება წერილობით გაეგზავნა.