Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სააფთიაქო ნარკომანია“ ახალი გამოწვევების წინაშე


ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად 5 აგვისტოდან, სპეციალური ცვლილებების ძალაში შესვლის დღიდან, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ. მონიტორინგის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 10 სამართალდარღვევაა გამოვლენილი, მათგან ორი - რეგიონებში, 8 კი - დედაქალაქში. სამართალდამრღვევ პირებს პასუხისმგებლობა მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად დაეკისრებათ, მონიტორინგი კი, ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილებები ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტებისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობს:

გადმოწერა

„გარდა ჯარიმების და ადმინისტრაციული სახდელებისა, - და ამ ჯარიმებს იხდიან ეს აფთიაქები, - სხვა არანაირი ზემოქმედების ინსტრუმენტი არ გვქონდა იმისათვის, რომ კანონი აღსრულებულიყო. ამ ცვლილებებით, ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას“, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში შეტანილი ცვლილებები გულისხმობს, აგრეთვე, ზემოქმედებას მეწარმეებზე, რომლებიც საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებენ, თუკი მხილებულნი იქნებიან სამართალდარღვევის ფაქტში.

დავით მაჭარაშვილი
დავით მაჭარაშვილი

„სააფთიაქო ნარკომანიის“ დასაძლევად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ძალაში 2014 წლის მარტში შევიდა და, შესაბამისად, კრიმინალიზებულ იქნა კოდეინის, ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების არალეგალური ბრუნვა, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოქმედი ნორმების ეტაპობრივი გამკაცრება, პირველი ჯგუფის პრეპარატების ურეცეპტოდ რეალიზების ფაქტების სიხშირიდან გამომდინარე, დღის წესრიგიდან არ იხსნება. როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა გვითხრა, სახელმწიფო ცდილობს დაუახლოვდეს ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. მისი თქმით, საინექციო გზით მოსახმარი კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებლად გამოსაყენებელი პრეპარატები პრაქტიკულად ურეცეპტოდ აღარ გაიცემა, თუმცა პრობლემად რჩება აბების სახით გამოსაყენებელი საშუალებების რეალიზება. „სააფთიაქო ნარკომანიის“ აღმოფხვრის ამ ტალღას მოჰყვა ის სიახლეც, რომელიც რამდენიმე დღეა შევიდა ძალაში. აქამდე მოქმედი ნორმით, პირველი ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამოვლენისას ადმინისტრაციული სახდელი პირველ ჯერზე 6 000 ლარის, განმეორების შემთხვევაში კი 12 000 ლარის ოდენობით იურიდიულ პირს ეკისრებოდა, ახალი რეგულაცია კი, ამასთან ერთად, პასუხისმგებლობას ავრცელებს ფარმაცევტებზეც - კერძოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, მათ აეკრძალებათ მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა სამი წლით, ხოლო მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების გაცემა ერთი წლის ვადით. ისინი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც მხოლოდ რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების რეალიზებაა დასაშვები.

“როგორც მოგეხსენებათ, - გვეუბნება დავით მაჭარაშვილი, - ერთსა და იმავე მისამართზე სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ახალი იურიდიული პირით მოგვმართავდნენ, იმავე ფარმაცევტით და ძალიან მარტივად ხდებოდა ნებართვის მოპოვება. ამ შემთხვევაში, თუკი ფარმაცევტი არის სამართალდამრღვევი და იგი მოხვდება რეესტრში, რომლის წარმოებაც ევალება რეგულირების სააგენტოს, სამართალდარღვევის დადგომის დღიდან სამი წლის განმავლობაში ის უკვე ვეღარ იქნება ავტორიზებულ აფთიაქში პასუხისმგებელი პირი პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე. შესაბამისად, იურიდიული პირი მარტივად ვეღარ მოიპოვებს ამ ნებართვას“.

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ნარკოდამოკიდებულებაზე, მათ რესოციალიზაციაზე, იგივე ადეკვატური მკურნალობის მიცემაზე, რათა მკურნალობის გამკაცრებამ რეალურად გამოიღოს შემდგომ შედეგი...
გოგა თუშურაშვილი

დავით მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუკი გამოწვევები იქნება, შესაძლოა რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები კიდევ შევიდეს, თუმცა ცვლილებების ეფექტურობის პირობად სანქციების გამკაცრებას არ მიიჩნევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი:

“რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ნარკოდამოკიდებულებაზე, მათ რესოციალიზაციაზე, იგივე ადეკვატური მკურნალობის მიცემაზე, რათა მკურნალობის გამკაცრებამ რეალურად გამოიღოს შემდგომ შედეგი. ჩვენ ვხვდებით ბოლო წლებში, რომ მხოლოდ ეს პოლიტიკა მკაცრდება, სახელმწიფო ცდილობს დაუპირისპირდეს ნარკომანიას სხვადასხვა გზის გამკაცრებით, თუმცა ციფრები იძლევა შემდგომ საპირისპირო შედეგს“, ამბობს გოგა თუშურაშვილი.

ისევ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონაცემებს თუ დავუბრუნდებით, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 79 შემთხვევაა გამოვლენილი, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კი - 10. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე, ნომერზე 1505 და აქტიურად ჩაერთონ სააფთიაქო ნარკომანიის შეზღუდვის მიმდინარე პროცესში.

XS
SM
MD
LG