Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოეზია, რომელიც გვეხმარება ადამიანებად დავრჩეთ


ქართულ-რუსული არაერთგვაროვანი და დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე ლანა ღოღობერიძის თარგმნილი რუსული პოეზიის ნიმუშების ამ სოლიდურმა კრებულმა, რომელიც ახლახან გამომცემლობა ,,ინტელექტში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაისტამბა, პირადად მე სასიამოვნო და უჩვეულოდ ამაღლებული განცდა დამიტოვა.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მესმოდა აზრი, რომ არსებობს ორი რუსეთი - იმპერიალისტური და განათლებული, რომელთა შორისაც აღქმის, დამოკიდებულებებისა და აზროვნების სიღრმის თვალაზრისით წარმოუდგენელი უფსკრულია. მართალი გითხრათ, ამ აზრს არასოდეს ვეთანხმებოდი შინაგანად, რადგან მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ კულტურასა და განათლებას მხოლოდ მაშინ აქვს რეალურად ფასი, თუკი მას შეუძლია გარემომცველ სინამდვილზე დადებითად იმოქმედოს და ეს სინამდვილე ისე გარდაქმნას შემოქმედებითად, რომ იქ შოვინიზმს, განსხვავებულის მიუღებლობას, აგრესიასა და სხვა ათასგვარ სისაძაგლეს ადგილი რაც შეიძლება ნაკლებად დაუტოვოს. სხვაგვარად კულტურა და კონკრეტულად პოეზია, უკეთეს შემთხვევაში, დარჩება ,,ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა“, ძირითადად კი იმპერიალიზმის ისეთივე გამამყარებლად მოგვევლინება, როგორც სახელმწიფო მანქანის სხვა ჩვეულებრივი ჭანჭიკები. და აქ მაინცადამაინც არც იმასა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს მანქანა, პირველ რიგში, სწორედ პოეტებს შეიწირავს.

ამ ფონზე შემთხვევითი, ალბათ, არც ის არის, რომ რუსული პოეზიის აღმავლობის ერთი დიდი ტალღა სწორედ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებასა და აღმავლობას დაემთხვა. ტოტალიტარიზმთან წინააღმდეგობამ შექმნა მეოცე საუკუნის რუსული პოეზიის ხასიათი და საბჭოთა ურჩხულთან შეფარულ თუ ღია ბრძოლაში ჩამოყალიბდა ამ პოეზიის ის ძირითადი ორიენტირები, რამაც საბჭოთა პერიოდის (მაგრამ არა საბჭოთა) რუსული ლექსი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად აქცია.

ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რუსული პოეზიის თარგმანიც ისეთივე ღირებულია ჩვენი სალიტერატურო და კულტურული ცხოვრებისათვის, როგორც ნებისმიერი ერის ლიტერატურის ნიმუშთა ქართულად გადმოღება.
არ მიმაჩნია თავი პროფესიონალ მთარგმნელად და ამიტომ მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას ვთარგმნი, რამაც პირდაპირ დაღი დაამჩნია ჩემს ცხოვრებას და შემიძლია, ვთქვა, რომ რაღაც ეტაპზე წამლეკა. აი, ასეთები იყვნენ ეს პოეტები, განსაკუთრებით, ახმატოვა, ცვეტაევა, პასტერნაკი. ეპოქები მქონდა მათი...
ლანა ღოღობერძემე

მით უმეტეს, როცა ამას ის ადამიანი აკეთებს, ვისაც, თავისი ცხოვრების ქრონოლოგიიდან გამომდინარე, რუსული კულტურის წიაღში აღზრდამ, კულტურულ რუსეთთან მჭირდო ურთიერთობამ მოუწია.

ბოლო ხანს რუსეთისადმი ჩვენში გაჩენილი ერთგვარი აგრესიის საპირწონედ ისიც მომისმენია, რომ ქართული კულტურის ევროპეიზაციის პროცესში რუსულმა ენამ და ლიტერატურამ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ამ აზრსაც მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ რაკი იძულებულები გავხდით, დანარჩენ მსოფლიოსთან მხოლოდ რუსეთისა და რუსული ენის მეშვეობით გვქონოდა კონტაქტი, ამან, ცხადია, ჩვენზე არაერთგვაროვნად იმოქმედა - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით.

დადებითი კონტაქტის შესანიშნავი ნიმუშია ლანა ღოღობერძის თარგმანების კრებული, რომელიც მეოცე საუკუნის ხუთი დიდი რუსი პოეტის - მარინა ცვეტაევას, ბორის პასტერნაკის, ანა ახმატოვას, ბელა ახმადულინასა და იოსიფ ბროდსკის -ლექსების ქართულ თარგმანებს აერთიანებს. ლექსები ერთი პრინციპით - მთარგმნელის პირადი დამოკიდებულებისა და სიყვარულის გათვალისწინებით - არის შერჩეული. ქალბატონი ლანა ღოღობერძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:

,,მე არ მიმაჩნია თავი პროფესიონალ მთარგმნელად და ამიტომ მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას ვთარგმნი, რამაც პირდაპირ დაღი დაამჩნია ჩემს ცხოვრებას და შემიძლია, ვთქვა, რომ რაღაც ეტაპზე წამლეკა. აი, ასეთები იყვნენ ეს პოეტები, განსაკუთრებით, ახმატოვა, ცვეტაევა, პასტერნაკი. ეპოქები მქონდა მათი. პირველი, სხვათა შორის, პასტერნაკი იყო. სულ ახალგაზრდა ვიყავი, როცა ,,აღმოვაჩინე“ და მერე კარგა ხანი მარტო ამით ვცხოვრობდი. მერე იყო ახმატოვა და მერე იყო ცვეტაევა ჩემთვის ეპოქალურად, რომელმაც საერთოდ მომიცვა მართლა. ქარიშხალივით რომ შემოიჭრება ადამიანის ცხოვრებაში, ეს ცვეტაევა არის და ბროდსკი კი, რა თქმა უნდა, სულ ბოლო წლების აღმოჩენაა და იმანაც ასეთივე გავლენა მოახდინა ჩემზე. ახმადულინას პირადადაც ვიცნობდი და მართლა ძალიან კარგი პოეტია და, მით უმეტეს, იმდენი რამე აკავშირებს საქართველოსთან, რომ ხანდახან ესეც განაპირობებს ნამდვილ ინტერესს“.

სათარგმნი მასალისა და ავტორების სიყვარული ნამდვილად ემჩნევა ამ შესანიშნავ კრებულს, რომელიც ჩვენთვის ნაცნობ პოეტებს ხშირად სრულიად ახლებური რაკურსით წარმოაჩენს. ეს ლანა ღოღობერძის წაკითხული რუსი პოეტებია, ლანა ღოღობერიძისა, რომლის შესაშურმა შემოქმედებითმა ენერგიამ საშუალება მოგვცა ჩემი თაობისთვის კარგად ნაცნობი სამყარო ხელახლა აღმოგვეჩინა და განგვეცადა, ახალ თაობას კი გაუხსნა კიდევ ერთი საინტერესო ბილიკი რუსულ პოეზიასთან საზიარებლად. სხვათა შორის, კრებულის კულტურტრეგერულ ფუნქციას შესანიშნავად ხსნის მთარგმნელის წინასიტყვაობა, სადაც ქალბატონი ლანა საინტერესოდ გვესაუბრება პოეზიის არსსა და რუსი პოეტების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე. შეუძლებელია, არ დაეთანხმო იოსებ ბროდსკის გამონათქვამს, რითაც ლანა ღოღობერიძე იწყებს თავის შესავალს: ,,პოეზია ეხმარება ადამიანს, იქცეს ადამიანად“. ადამიანად ქცევის ეს დაბადებასავით მტანჯველი, რთული და არაერთგვაროვანი პროცესი პულსირებს ამ შესანიშნავ თარგმანებში ყველგან და თუნდაც ზოგჯერ პროფესიულად არ ეთანხმებოდე მთარგმნელის პოზიციას, შეუძლებელია არ დაეთანხმო მისივე ახსნა-განმარტებას, რომ ,,პოეზია აზრისა და მეტყველების მაქსიმალური კონდენსაციაა და როდესაც სხვა ქვეყნის პოეტს იგებ, ის უკვე შენად გადაიქცევა, თითქოს ბუნებრივად ჩნდება სურვილი, ის შენს ენაზე აამეტყველო და მაშინვე გესმის შინაგანი ხმა: ეს ხომ მკრეხელობაა! როგორ გინდა, სხვა ენით ისევე აამეტყველო დრო და სივრცე, როგორც ამას პოეტი აკეთებს თავის ენაზე. ენა ხომ შუამავალია შენსა და სამყაროს შორის“.

ამის გაკეთება, ალბათ, ზოგჯერ განსაკუთრებით ძნელია მაშინ, როცა შენ მიერ თარგმნილ პოეტებთან პირადი ნაცნობობა გაკავშირებს, ხშირად კი მათ მოქალაქეობრივ პოზიციას საერთოდაც არ იზიარებ. ამაზე ქალბატონმა ლანა ღოღობერიძემ ბრძანა:

ლანა ღოღობერიძე
ლანა ღოღობერიძე
,,ის იყო ნამდვილი, გულწრფელი დამოკიდებულება, რაც პასტერნაკს ჰქონდა. ეს ასევე დარჩა, იქ არაფერი არ შეცვლილა. ეს მართლა რაღაცა მოვლენა იყო მის ცხოვრებაში - მისი სიყვარული ქართველების მიმართ, საერთოდ, კონკრეტულად კი პაოლოს და ტიციანის მიმართ, და საქართველო მის აღქმაში ეს ისეთი საოცნებო ქვეყანაა, რომელსაც მე პირადად არც ვიცნობ. აი, ახმადულინა და ვოზნესენსკი, ევტუშენკო - ეს კიდევ ერთი პლეადაა ადამიანებისა, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ საქართველოსთან. ახმადულინას ლექსებში, უბრალოდ, სიყვარული კი არ გამოსჭვივის, რაღაცა, მართლა არ ვიცი, ისიც მოცულია საქართველოთი, პირდაპირ. მერე რაღაცნაირი განდგომა იყო საქართველოსგან, მაგრამ ერთი რამე კი მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან არასწორად მიმაჩნია ჩვენი დამოკიდებულება, - საერთოდ, ჩვენი საზოგადოების, - რომ ყოველთვის ყველა ჩავთვალოთ დამნაშავედ ჩვენ წინაშე და არასოდეს არ ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რა გავაკეთეთ არასწორი“.

შეუძლებელია, არ დაეთანხმო ქალბატონი ლანას ამ აზრს. თვითრეფლექსიისათვის კი, პოლიტიკისაგან აბსოლუტურად მოწყვეტით, საუკეთესო საშუალება შეიძლება სწორედ პოეზია იყოს. მით უმეტეს, ჩვენს პრაგმატულ და ყოვლად არაპოეტურ გარემოში. ამიტომაც ცნობილი რეჟისორის მიერ ამეტყველებული ეს კრებული არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ შინაგანი თავისუფლების გამოხატულების აქტიცაა, დამკვიდრებული საზოგადოებრივი კლიშეების თავისებური მსხვრევა, რითაც ლანა ღოღობერიძე ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც რეჟისორი და მოქალაქე. ამიტომაც კრებული, რომლის არსსაც აქ დაბეჭდილი ცვეტაევას ერთი ლექსის თარგმანი საუკეთესოდ აგვიხსნის, ნებისმიერ კულტურულ გარემოში ნამდვილი განსჯისა და განხილვის საგნად იქცეოდა.

პოეტი
როგორ მოვიქცე მე - ბრმა და გერი -
ამ სამყაროში, სადაც გრძნობას დაადეს ურდო,
სად მიმაქანებს ანათემა, როგორც მეწყერი,
სადაც ტირილი ჰგონიათ სურდო.
როგორ მოვიქცე - ნეკნით და მოდგმით
მგოსანი, როცა ლექსის წერა ცოდვა ჰგონიათ,
თავდავიწყების გიჟური მოთქმით,
უწონადობით, სად ყველაფერს მისხლით წონიან.
რა მეშველება, გამჭვირვალე ჯავშნით შემოსილს,
ამქვეყნად, სადაც შავზე შავი ნაცრისფერია,
ამ სამყაროში, სად ოცნება დააქვთ თერმოსით,
ამ უსაზღვრობით, სადაც ყველა ზომიერია?!“


ლანა ღოღობერიძემ ამ ლექსში დასმულ შეკითხვას დიდი შემოქმედებითი თავდადებით, ხელოვნებისა და ადამიანის სიყვარულით უპასუხა.
XS
SM
MD
LG