Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის საქმე გადაიდო - თემიდა დედის ნაცვლად?


"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 ოქტომბრისათვის გადადო ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა. მომჩივანის მტკიცებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" მან 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ დოლარადა შეიძინა, მაგრამ 2006 წელს ხელისუფლების ზეწოლის გამო იძულებული გახდა ქონება დაეთმო. არხის ყოფილი მეწილე „რუსთავი 2“-ს ინტელექტუალურ საკუთრებას - ლოგოს და საერთაშორისო პროექტებსაც ედავება. სარჩელის პასუხად კი ტელეკომპანიის დღვევანდელი მფლობელები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის უკან დგას ხელისუფლება, რომელიც ცდილობს განსხვავებული აზრი ჩაახშოს. დღევანდელ პროცესზე „რუსთავი ორის“ ადვოკატებმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხი დააყენეს. პროცესის მიმდინარეობისას თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ „რუსთავი ორის“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ მხარდამჭერები დილის 11 საათისათვის შეიკრიბნენ. იურა დარსალია, როგორც თავად ამბობს, სიტყვის თავისუფლების დასაცავად საგანგებოდ ჩამოვიდა მარტვილის რაიონიდან:

„რა თქმა უნდა, მთავრობა ებრძვის. ეს აშკარაა, კერძო პირი აქ არაფერ შუაშია! სიმართლის თქმა არ მოსწონს მთავრობას! აი, ეს არის ყველაფრის მიზეზი! საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება, თუ ბოლომდე სიმართლე ითქმება, მაგრამ ძალიან ცუდად მიდის საქართველოს ამბავი“.

„რუსთავი ორის“ მხარდამჭერთა შორის იყვნენ ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. გიორგი გაბაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ინტერესი:

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

„ერთ მხარეს არის საზოგადოება, რომლის ინტერესია ინფორმაციის მიღება, მთავრობის კრიტიკის მოსმენა, ხოლო მეორე მხარეს არის ივანიშვილი, რომლის სურვილია ეს ყველაფერი არ არსებობდეს და საქართველო მისი სათვალით უყურებდეს სამყაროს“.

სასამართლოს დარბაზში კი მოვლენები ასე განვითარდა: „რუსთავი ორის“ ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლე ურთმელიძის აცილების თაობაზე. „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მთელი რიგი მიზეზების გამო ვერ იქნება მიუკერძოებელი და ამიტომ საქმე უნდა განიხილოს ან იმ მოსამართლემ, რომელსაც ორივე მხარე ენდობა, ან მოსამართლეთა კოლეგიამ:

„... და არა მოსამართლე ურთმელიძემ, რომლის მხილების რეჟიმშია დღეს „რუსთავი ორი“, რომელიც ამხელს მისი ოჯახის წევრის მიერ ჩადენილ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებს და რომლებზეც სისხლის სამართლის საქმე იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „კურიერი“ ამაზე სიუჟეტს აკეთებს. და რა უნდა დაგვიმტკიცოს მოსამართლე ურთმელიძემ, რომ ის არის მიუკერძოებელი და ნეიტრალური „რუსთავი ორის“ მიმართ მას შემდეგ, რაც „რუსთავი ორის“ სიუჟეტის შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დედამისის მიმართ? ეს ხომ წარმოუდგენელია, ადამიანურად შეუძლებელია!“

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

ნიკა გვარამიას თქმით, საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღძრულია მოსამართლე ურთმელიძის დედის, მდინარა გიორგობიანის, წინააღმდეგ. მოსამართლის დედას ბრალად ედება სიძის, ვალერიან სილაქაძის, ნაჯახით დაჭრა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა:

„სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ოფიციალური სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლე იქნეს აცილებული. დედასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ განსაზღვრულია ის, თუ ვინ წარმოადგენს მოსამართლის ოჯახის წევრს და, ამ პრინციპების მიხედვით, ქ-ნი მდინარა გიორგობიანი არაა ჩემი ოჯახის წევრი“.

გარდა ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ ის არ ყოფილა დაინტერესებული დედის, მდინარა გიორგობიანის, საქმით და ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სიძის შეურაცხყოფის შემდეგ მოხდა აფექტური ქცევა, რაც იყო მსუბუქი ფაქტი და უნდა მომხდარიყო განრიდების პროცედურით ამ საქმის დასრულება. მოსამართლემ განაცხადა, რომ მას ეგონა, აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ ბოლო პერიოდში გაიგო იმის შესახებ, რომ საქმე არ იყო დასრულებული.

ის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში უდევს მოსარჩელეს და ეხება „რუსთავი ორის“ ქონებას, არის იურიდიულად გაუმართავი და აბსურდული დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ვიღაც ყოფილი თანამშრომლის მოგონებებს...
ზაალ უდუმაშვილი

"მოსამართლის დაკავშირება პროკურატურის ტყვეობასთან არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ „რუსთავი ორის“ საქმე არის კერძო დავა და ამაში არ არის ჩართული პროკურატურა", - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.და, შესაბამისად, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რაც, „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ზაალ უდუმაშვილისთვის არ ყოფილა მოულოდნელი:

„ახლა მიმდინარეობს სხვა შუამდგომლობების განხილვა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვან არის ის, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასონ „რუსთავი ორის“ ფინანსური მდგომარეობა. ის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში უდევს მოსარჩელეს და ეხება „რუსთავი ორის“ ქონებას, არის იურიდიულად გაუმართავი და აბსურდული დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ვიღაც ყოფილი თანამშრომლის მოგონებებს „რუსთავი ორის“ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

პასუხად ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი რეალური საფუძველი „რუსთავი ორის“ ადვოკატების შუამდგომლობათა დასაკმაყოფილებლად:

„ამ ეტაპზე „რუსთავი ორის“ წარმომადგენლების მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად ხელი შეუწყონ იმას, რომ არ შედგეს სამართალწარმოება ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით“.

სასამართლო პროცესის მსვლელობისას ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, „რუსთავი ორი“ მას მიხეილ სააკაშვილმა წაართვა:

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

„სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" რეალურად სიტყვის თავისუფლება არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა მათთვის რომ ცარიელი სიტყვებია, ეს ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ არის. ვაცხადებ ღიად და საჯაროდ: მიშა სააკაშვილს "რუსთავი 2"–ს არ დავახურინებ! ყველა კანონიერ გზას მივმართავ და სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვებისთანავე უზრუნველვყოფ ტელეკომპანიის ფუნქციონირებას სწორედ სიტყვის თავისუფლების პრინციპის განუხრელი დაცვით!

აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ კვირას საჯარო განცხადებით ღია ეთერში დებატებში გამოვიწვიე "რუსთავი 2"–ის ნომინალური მფლობელები, ყარამანაშვილები. როგორც მოსალოდნელი იყო, არავინ გამოგვხმაურებია. ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ ყარამანაშვილები არიან ნომინალურად დანიშნული მეწილეებად და "რუსთავი 2"-ის რეალური პატრონი დღეს არის ოდესის გუბერნატორი მიშა სააკაშვილი“.

თუმცა საზოგადოების ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ სასამართლო დავა სიტყვის თავისუფლების დასაცავად და განსამტკიცებლად მიმდინარეობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის კომენტარი:

„მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს იყოს მიუკერძოებელი პროცესი, რომ არ ჩანდეს ის, რომ სახელმწიფოა დაინტერესებული და ზუსტად დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ გადაწყვიტოს დავის ბედი, რაც ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე არაა“.

ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. ბიზნესმენი "რუსთავი 2"–ისგან მოითხოვს 500 000 დოლარის კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის 60 %-იანი და შპს "პანორამის" 40 %–იანი წილების ცნობას. გარდა ამისა, ქიბარ ხალვაში ასევე მოითხოვს 18 მილიონ დოლარს კომპენსაციის სახით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG