რელიგიური გრძნობები, რომლების შეურაცხმყოფელთა შეტევებისგან დასაცავად მორწმუნეებად წოდებულნი აღშფოთებულ მოძალადეებად იქცევიან ხოლმე, არ არსებობს. რელიგიურობით შენიღბული ადამიანის გრძნობები უმეტესწილად ყველაზე მდარე და ბნელი ლტოლვებისა თუ ინსტინქტების შემცველია. მორწმუნეობა იდეალური ნიღაბია ძალადობის, ძალმომრეობის, კერპთაყვანისმცემლობის, პიროვნების კულტის, დაჩოქილობის, სიძულვილის, აგრესიული უმეცრების გასამართლებლად და მის ღვთაებრივ ხარისხში ასამაღლებლად.
თანამედროვე სამყაროში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, ომებს, ძალადობას, სიძულვილის იდეოლოგიებს, რასიზმს, შოვინიზმს, სექსიზმს, ჰომოფობიას, ნეოკოლონიალიზმს, მძარცველურ კაპიტალიზმს, სხვისი გაღატაკების ხარჯზე გამდიდრებისა და მომხვეჭელობის სისტემებს თუ დავაკვირდებით, დიდი ძალისხმევის გარეშე, თითქმის ყველგან ღმერთის სახელს გავიგონებთ. ბევრი სისხლიანი თუ უსისხლო უკეთურება ღმერთის კიდევ უფრო განსადიდებლად ხდებოდა და ხდება.
ღმერთის, მისი კანონებისა და „რელიგიური გრძნობების“ გამოგონება ადამიანს თუნდაც მხოლოდ იმისთვის დასჭირდებოდა, რომ არა მხოლოდ გაემართლებინა ცხოველური ლტოლვა კვლისა და ძალადობისაკენ, გაუმაძღრობისა და მომხვეჭელობისაკენ, არამედ ეს ყველაფერი ღმერთის ნებად გამოეცხადებინა და მისი სახელით ეძარცვა, ეკვლა და ეძალადა.
„რელიგიური გრძნობები“, რომელთა დაცვისათვის მყისიერად ირაზმებიან აღშფოთებული მოძალადეები, მომხვეჭელები და დემაგოგები, სწორედ იმ მისწრაფებათა ნაკრების ევფემიზმია, რომელიც ადამიანთა სახეობას ევოლუციის წინარე, ცხოველური საფეხურებისაკენ აბრუნებს და მის მხეცურ ინსტინქტებს ამაღლებული იდეალებით ნიღბავს. ამდენად ის, რასაც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას“ უწოდებენ, სინამდვილეში სწორედ სიმხეცესა და ძალმომრეობაზე უფლების წართმევად, მის კანონგარეშედ გამოცხადებად გაიგება „შეურაცხყოფილთა“ მხრიდან. რელიგიები, რომლებიც ადამიანს ღმერთის მიერ მის საკუთარ ხატად წარმოაჩენდნენ, სინამდვილეში ცხოველის ადამიანად ევოლუციისა და ადამიანის ცხოველთა სამყაროდან საბოლოო გამიჯვნის შემაფერხებელ მთავარ წინაღობად იქცნენ. ამ პერსპექტივიდან, შეიძლება ითქვას, რომ რელიგია ბოროტების ყველაზე ამაღლებული ფორმაა.
თუ რელიგიურობას მისი იდეალური შინაარსით გავიგებთ, ანუ როგორადაც რელიგიები საკუთარ თავს წარმოაჩენენ - როგორც რწმენას ტრანსცენდენტური, ზეგრძნობითი სამყაროსი, საკრალურის განცდა მასთან ზიარებისა თუ ყოფით, წარმავალ ამაოებებზე უარის თქმით, ან როგორც მოძღვრებას ხსნისა და გამოსყიდვის შესახებ, ძალადობაზე, შურისძიებაზე, მომხვეჭელობაზე, ჩადენილ უსამართლობებზე სინანულისა და მიმტევებლობისა და გაჭირვებულების დახმარების გზით, მაშინ რელიგიური გრძნობები არავითარ შეურაცხყოფას არ ექვემდებარება. თუ ადამიანის რელიგიური გრძნობა ზეგრძნობითი სამყაროს განცდაა, ან მიმტევებლობა და სიყვარული, მაშინ მისი შეურაცხყოფა არანაირად არ არის შესაძლებელი და ამ თვალსაზრისით ფორმულა „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ სრული უაზრობაა.
აღსანიშნავია, რომ თვით სიტყვა „ქრისტიანი“ თავდაპირველად დამამცირებელი მნიშვნელობით გაჩნდა და პირველმა ქრისტიანებმა, რომლებიც იმით ამაყობდნენ, რომ საზოგადოება მათ აგდებულად უყურებდა და არც შეურაცხყოფას აკლებდა, ეს სახელწოდება ამ მიზეზითაც აქციეს საკუთარ კრებით სახელად. მათეს სახარების მიხედვით, სწორედ ქრისტეს სიტყვებია - „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემ გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში“ (მათე 5, 11-12). პირველი ქრისტიანები, ანუ ისინი, ვინც ქმნიდა ამ სარწმუნოებას და მისთვის სიცოცხლესაც წირავდა, თავად ქრისტესაც, ანტიკური სამყაროს სილამაზის იდეალების საწინააღმდეგოდ, მახინჯებად გამოსახავდნენ. თუმცა, რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად აღზევებული ქრისტიანობა უმალვე გადაიქცა სხვების მდევნელად და მოძალადედ, ძლიერთა და მდიდართა დამცველად და ჩაგვრისა და უთანასწორობის სისტემის თანაავტორად. უპოვართა და ღატაკთა სარწმუნოება მდიდრული ტაძრებითა და ოქრო-ვერცხლით შეიმოსა. თავად დურგლის ოჯახში გაზრდილი იესო ნაზარეველი, ქრისტე რომ ეწოდა, თავისი ჩაცმულობით უსახლკაროსგან რომ არ განსხვავდებოდა, ძალაუფლებითა და ფუფუნებით კორუმპირებულმა სამღვდელოებამ სამეფო ბრწყინვალებითა და სიმდიდრით შემოსილ ყოვლისმპყრობელად (პანტოკრატორად) გამოსახა და ამ იდეალისკენ სწრაფვა აქცია საკუთარ მიზნად. ხოლო ისინი, ვინც გაბედავდა და წინ აღუდგებოდა ძალაუფლებისა და მომხვეჭელობისაკენ კლერიკოსთა დაუოკებელ სწრაფვას, ან თუნდაც კრიტიკას შეჰკადრებდა, „ღვთის მსახურთა“ სასტიკი იერიშის ობიექტად იქცეოდა: ეს უკანასკნელნი მათს სამუდამოდ დასადუმებლად არასოდეს იშურებდნენ ცეცხლსა და მახვილს.
თუმცა, ამ საყოველთაო სიყალბისა და კორუფციის საპირისპიროდ, ქრისტიანობაშიც და სხვა რელიგიებშიც იყვნენ ამგვარი მიწიერი „სიკეთეებისგან“ განმდგარი ადამიანები, რომლებიც უდაბურ ადგილებში სახლდებოდნენ, ხშირად განდეგილებად და საკუთარ ცხოვრებას სწორედ რელიგიურ გრძნობებს, ზეგრძნობითი და ტრანსცენდენტური სამყაროს განცდას უთმობდნენ. ბერ-მონაზვნობა თავდაპირველი ფორმით პროტესტი იყო ძალაუფლებითა და ფუფუნებით კორუმპირებული საეკლესიო ნომენკლატურის წინააღმდეგ. ყველაფერი, რითაც რელიგიები ამაყობენ − თეოლოგია, მისტიკა, საკრალური პოეზია და ხელოვნება − ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, სულიერება, სწორედ ამ განმდგარი ასკეტების შექმნილია, რომლებისთვისაც ისეთივე გაუგებარი და აბსურდული იქნებოდა „რელიგიურ გრძნობათა შეურაცხყოფა“, როგორც ნახევრად მოშიმშილე ქვეყნის პატრიარქის იუბილეებზე დახარჯული მილიონები.
თანამედროვე რელიგიები დაცლილია სულიერებისგან. სულიერებაზე მონოპოლია რელიგიურმა ინსტიტუტებმა ჯერ კიდევ გვიან შუა საუკუნეებში დაკარგეს, ხოლო ახალმა ეპოქამ სულიერების ყველა სფერო გამოსტაცა ეკლესიას და ის ფაქტობრივად უფუნქციოდ დატოვა. ერთადერთი, რაც ეკლესიამ შეინარჩუნა, ყოველგვარ საკრალურ შინაარსს მოკლებული რიტუალები და სიმდიდრისა და ძალაუფლებისკენ ეკლესიის მარადიული სწრაფვაა. სწორედ ამ ფუნქციათა შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც საზოგადოების ცნობიერება, ამა თუ იმ მიზეზით, რეგრესის მდგომარეობაშია, სოციალური უსამართლობის ხარისხი და ეკონომიკური უთანასწორობა მაღალია, ხოლო განათლების დონე კატასტროფულ ვარდნას განიცდის, ეკლესია XXI საუკუნეში ცდილობს, იმედგაცრუებული და გაწბილებული მოქალაქეების მანიპულაციით ისინი საკუთარი ძალაუფლების ინსტრუმენტებად გამოიყენოს. საამისოდ ის იძულებულიც კია, იყოს ფანატიზმისა და ექსტრემიზმის ფაბრიკა, აღვივოს შუღლი და თესოს სიძულვილი, გონება უმღვრიოს ადამიანს და წაართვას მას კრიტიკული აზროვნების უნარი, მაქსიმალურად დააუძლუროს ის სულიერად და მორალურად, და ამით მთლიანად ამ ინსტიტუტის მოძღვარ-ჩინოვნიკებზე ნარკოდამოკიდებული გახადოს, რათა ადამიანმა თუთიყუშებივით იმეოროს თავისი დამმოძღვრელის აზრისა და შინაარსისგან დაცლილი სიტყვები და მორჩილად ასრულოს მათი ნება-სურვილი.
თუ ოდესმე რელიგიის ნარკოტიკთან შედარება შეიძლებოდა, რაც არა მხოლოდ მარქსს, არამედ არაერთ სხვა დიდ მოაზროვნესაც გაუკეთებია (ვოლტერი, ნოვალისი, გოეთე, ჰაინე), ყველაზე ადეკვატური ეს სწორედ თანამედროვე სამყაროში იქნებოდა. რელიგიები და „რელიგიურ გრძნობათა“ დამცველები არიან თანამედროვე მსოფლიოში ომებისა და ტერორიზმის დამკვეთ-შემსრულებლები, ძალადობისა და სიძულვილის შთამაგონებლები და საკუთარივე მრევლის ძარცვისა და სახელმწიფო ქონების მითვისების ხარჯზე გამდიდრებულნი. იქ, სადაც სუსტია სახელმწიფო, სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, ეკლესია ადვილად ახერხებს ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლებისა და ზეგავლენის მოპოვებას. სწორედ ამ პრივილეგიათა შესანარჩუნებლად სჭირდება მას „რელიგიური გრძნობებით“ მანიპულირება და სახელმწიფოსგან იურიდიული გარანტიების მოპოვება, რომ „დაცული“ იქნება. პოლიტიკურად ბანკროტი და საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსები კი მზად არიან, ეკლესიას ამგვარი სამსახური გაუწიონ და მისი ავტორიტეტის ხარჯზე ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ „ღმერთის კიდევ უფრო განსადიდებლად“ და ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გასაპარტახებლად.
კანონპროექტი „რელიგიურ გრძნობათა შეურაცხყოფის“ შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს, სწორედ ამგვარი მანკიერი გარიგების ნიმუშია და მისი მიღება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფალი აზრის ჩახშობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.