არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ვებსაიტები შეისწავლა. ცენტრის ხელმძღვანელის გურამ ჩიხლაძის განცხადებით, ინფორმაციული თვალსაზრისით ვებსაიტები გამართულია, თუმცა საჭიროებს დახვეწას. მისი თქმით, მერიაც და საკრებულოც ინფორმაციის გავრცელების წყაროდ აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, არადა, ვებსაიტი ფუნქციური და შინაარსობრივი თვალსაზრისით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და უმჯობესია მეტი უპირატესობა მას ჰქონდეს. ჩიხლაძის განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განთავსებული უნდა იყოს არა ვებსაიტის ბოლოში, არამედ მის ცენტრალურ ადგილას. ასევე აუცილებელიავებსაიტზე აიტვირთოს ინფორმაცია ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რაც არ ხდება. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრში“უმჯობესად მიაჩნიათ, მუნიციპალური სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია ვებსაიტზე ცალკე იყოს გამოტანილი, რათა დაინტერესებულმა პირმა ის უფრო ადვილად მოიპოვოს:
„ჩვენ მივმართეთ საკრებულოს, რომ მიმდინარე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია გამოაქვეყნონ, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. საჯარო მოხელეთა ბიოგრაფიებიდან მხოლოდ მერის ბიოგრაფია დევს მერიის ვებგვერდზე. კანონი გვავალდებულებს, რომ იდოს ასევე საკონტაქტო ინფორმაცია ყველა საჯარო მოხელეზე“.
ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, კვლევამ უჩვენა, რომ მერია და საკრებულო თანაბრად არ ითვალისწინებენ მოქალაქეების რელიგიურ კუთვნილებას, რადგან ვებსაიტებზე ინფორმაცია მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ არის განთავსებული:
„იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ ზუგდიდში, გარდა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა, ცხოვრობენ სხვა არაერთი რელიგიის წარმომადგენლებიც, აუცილებელია, რომ მიდგომა იყოს საერთო ყველასათვის და აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია ქალაქ ზუგდიდში მოქმედი სხვა რელიგიური ჯგუფებისა თუ დაწესებულებების შესახებ“.
გარდა ამისა, გურამ ჩიხლაძის თქმით, ასევე აუცილებელია ახლო ხანებში განახლდეს ორივე ვებსაიტის ინგლისური ვერსია და სასურველია ითარგმნოს რუსულ ენაზეც.
არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებისა და რეკომენდაციების პასუხად, ქალაქის მერიასა და საკრებულოში აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ამ ეტაპზე განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, რადგან ვებსაიტები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. მერიასა და საკრებულოში ამბობენ, რომ ორგანიზაციის შენიშვნები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული:
„მივესალმებით და მადლობა მინდა ვუთხრა ამ ორგანიზაციას რჩევებისთვის და შენიშვნებისთვის, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ვებგვერდზე მერის გარდა სხვა ბიოგრაფიები არ დევს სრულად იმიტომ, რომ ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მერიაში მიმდინარეობს ასევე კონკურსის შედეგად შერჩეული თანამშრომლების დანიშვნები. ამ პროცესის დასრულების შემდგომ, რაც მომდევნო კვირაში, ალბათ, დასრულდება, განთავსდება ყველა ინფორმაცია სრულყოფილად“, - განაცხადა მაია ღუბელაძემ, მერიის პრესსამსახურის უფროსმა.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი ლაგვილავა აცხადებს, რომ მათთვის ცნობილი იყო ყველა ხარვეზი, რაზეც ისაუბრა გურამ ჩიხლაძემ და ამაზე მუშაობაც დაწყებულია:
„საკრებულოს ვებგვერდი სულ ახლახან შეიქმნა და ის ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს. რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას და რეკომენდაციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან წამოვიდა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ საკითხზე უკვე გვქონდა მუშაობა დაწყებული და ძალიან კარგია არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციებიც. ის დაგვეხმარება შევქმნათ მოსახლეობაზე ორიენტირებული და მორგებული ვებგვერდი“.
მერიასა და საკრებულოში განმარტავენ, რომ ასევე გათვალისწინებული იქნება შენიშვნა მოქალაქეების რელიგიურ კუთვნილებასთან დაკავშირებით და ზუგდიდში მოქმედი სხვა რელიგიური ჯგუფებისა თუ დაწესებულებების შესახებ.