ვის რამდენპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რა მოაქვს პოლიტიკური რეიტინგების ომს და შეიძლება თუ არა არჩევნებამდე გამოქვეყნებულმა მონაცემებმა შეცვალოს ამომრჩევლის გადაწყვეტილება? ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK-ისათვის დაკვეთილი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ამჯერად უხმაუროდ არ ჩაუვლია - ტელევიზიას და მის ხელმძღვანელობას მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გააყალბა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეიტინგები, აცხადებს „თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი, ბესო კალაძე, რომელმაც 3 ოქტომბერს ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან ერთად მედიას აჩვენა ნოტარიუსთან დაცული ორი დოკუმენტი - ერთი, მათი განცხადებით, სოციოლოგიური კვლევების კომპანია GFK-ის კვლევის რეალურ შედეგებს ასახავს, მეორე კი „რუსთავი 2“-ის მიერ ეთერში გადაცემულ გაყალბებულ ვერსიას.
ერთ დოკუმენტში, რაც ეთერით გადაიცა, წერია, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს 26 % მხარდაჭერა, ხოლო მეორე დოკუმენტის თანახმად, - 12,5 %. „ქართულ ოცნებას“ ორივე დოკუმენტში ერთი და იგივე მონაცემი აქვს - 25,4...შალვა რამიშვილი
„ლეგიტიმური ეჭვი არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაყალბებული მონაცემები გავიდა, ხოლო მეორე დოკუმენტი, რომელიც რეიტინგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ჩვენთვის ცნობილი და ამ კაცს (კალაძეს) ჰქონდა ხელში, ასახავს რეალურ ციფრებს. ერთ დოკუმენტში, რაც ეთერით გადაიცა, წერია, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს 26 % მხარდაჭერა, ხოლო მეორე დოკუმენტის თანახმად, - 12,5 %. „ქართულ ოცნებას“ ორივე დოკუმენტში ერთი და იგივე მონაცემი აქვს - 25,4“, - უთხრა ჟურნალისტებს შალვა რამიშვილმა. თავად კალაძის თქმით კი, მან ეს დოკუმენტები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წევრისგან მიიღო, რომლის ვინაობასაც ის ანონიმურად ტოვებს.
„მეც შემიძლია ორი ფურცელი „ამოვპრინტო“ და ნოტარიუსთან რაღაც დროის განმავლობაში შევინახო. მე არ ვიცი, ეს რას ადასტურებს“, - რამიშვილი-კალაძის ბრალდებას ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მისი თქმით, სასაცილოა, რომ ხელისუფლებას მოკავშირედ შალვა რამიშვილი ჰყავს. რაც შეეხება GFK-ს კვლევის დეტალებს, ამ საკითხზე საუბარს ნიკა გვარამია 6 ოქტომბრის პრეზენტაციაზე აპირებს.
აქვე გავიხსენოთ რეიტინგების ამბავიც. 1 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა ტელეკომპანიის მიერ სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK-სათვის დაკვეთილი გამოკვლევის შედეგები, რომლის თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხული 2200 ადამიანიდან, თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მათი 26 % ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს, ხოლო 25, 4 % - „ქართულ ოცნებას“. ასევე სექტემბრის კვლევის მონაცემებით, განსხვავებით ზაფხულში ჩატარებული კვლევისგან, 5 %-იან ბარიერს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვეღარ ლახავს.
წინასაარჩევნო პოლიტიკური რეიტინგების საკითხს 3 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც. 3 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-მა კონტექსტიდან ამოგლიჯა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. მისი თქმით, ივანიშვილი ვერ იტყოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობაში 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ასე არ არის და, რეალურად, „ნაციონალების“ რეიტინგი სამჯერ ჩამორჩება დასახელებულ პროცენტს.
8 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია შექმნილი, იქიდან გამომდინარე, რაც გააკეთა ივანიშვილმა, როგორც დააწიოკა ქვეყანა და გადააგდო ხალხი, დღეს კი უტიფრად ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ ყველანი ბრმები ვართ...გიგა ბოკერია
„ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 150-200 000 კაცი უჭერს მხარს, რაც არის ბევრად ნაკლები, ვიდრე 30 %. ხოლო ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო ამ ყველაფრის მთავარი მიზანი. გაყალბებულია აბსოლუტურად ყველა მონაცემი, რომელიც ამ ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას“.
კობახიძემ ისიც თქვა, რომ ეს ყველაფერი „რუსთავი 2”-ისა და მისი ხელმძღვანელობის მხრიდან ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის ნაწილია, თუმცა „ამ სცენარს „საქართველოში განხორციელება არ უწერია”. მან ტელეკომპანიას მოუწოდა გაყალბებული გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნებისათვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.
„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის რეიტინგი რამდენჯერმე აღემატება ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს, რაც, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, 8 ოქტომბერს დადასტურდება.
3 ოქტომბერსვე რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საკუთარ პროგნოზზე ილაპარაკა ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა. მისი აზრით, პროპორციულ არჩევნებში ”ქართული ოცნება” ხმების 48-54 %-ს მიიღებს, ხოლო მაჟორიტარულში გამარჯვების შანსი „ოცნების“ 60-70 კანდიდატს აქვს. ივანიშვილმა არც მეორე ტურების ჩატარება გამორიცხა და ეს რეგიონებში მაჟორიტარების „უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით“ ახსნა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ რეიტინგების საკითხზე ატეხილ კლოუნადაზე გამოხმაურება არ ღირს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, აცხადებს, რომ ყველაფერი გამოჩნდება საპარლამენტო არჩევნებზე:
„8 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია შექმნილი, იქიდან გამომდინარე, რაც გააკეთა ივანიშვილმა, როგორც დააწიოკა ქვეყანა და გადააგდო ხალხი, დღეს კი უტიფრად ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ ყველანი ბრმები ვართ, ასევე იქიდან გამომდინარე, რა მკაფიო და ნათელი გეგმაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გააკეთებს არჩევანს ხალხი და ეს გაუგებრობა მშვიდობიანი არჩევნების გზით დამთავრდება“.
რა მოაქვს სხვადასხვა პარტიის თუ ტელევიზიის მიერ წინასაარჩევნოდ დაკვეთილ პოლიტიკურ რეიტინგებს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს რეიტინგების ომმა ამომრჩეველზე? - რადიო თავისუფლებამ ამ შეკითხვით სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს მიმართა. ერთი მხრივ, გავლენა შეიძლება იყოს დადებითი, გვითხრა მან:
„ვგულისხმობ იმას, რომ ამ რეიტინგებმა ადამიანს უფრო გაუღვიძოს რწმენა, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე, ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მას მოსწონს, მიუხედავად იმისა, როგორია წინასწარი რეიტინგები“.
მაგრამ გავლენა შეიძლება იყოს უარყოფითიც - სოციოლოგიური კვლევების მიმართ იმედგაცრუებამ ამომრჩეველში პოლიტიკურ მოვლენებში ჩართულობისადმი ნიჰილიზმი გამოიწვიოს. თუმცა იაგო კაჭკაჭიშვილი მაინც ფიქრობს, რომ, მიუხედავად სხვადასხვა შედეგების და ამ შედეგებით გამოწვეული დაძაბულობისა, დაკვირვებული თვალი მაინც აღმოაჩენს გარკვეულ კანონზომიერებას ასეთ გამოკვლევებში, დაინახავს ტენდენციას, რასაც დაეფუძნება კიდეც მისი პოლიტიკური სიმპათია. ზოგადად კი, სოციოლოგი ფიქრობს, რომ საქართველო ჯერ შორს დგას იმ ჯანსაღი ვითარებისგან, რომელშიც სოციოლოგიური გამოკითხვები პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებისა და სტაბილურობისთვის ამზადებს ობიექტურ ნიადაგს.
„ჩვენთან სოციოლოგიური გამოკითხვები უფრო დაძაბულობის პროვოცირების წყაროა, რაღაც შემთხვევებში კონფლიქტისაც კი, თუმცა, შესაძლოა, ამ ცუდ გაკვეთილზეც საზოგადოებამ რაღაც კარგი ისწავლოს“.