Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უვიზო მიმოსვლის პირველ დღეს ქუთაისის აეროპორტიდან ოთხი ავიარეისი სრულდება


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

დღეს, გამთენიისას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის მიმართულებით ორი ავიარეისი შესრულდა - უნგრეთსა და საბერძნეთში. ბუდაპეშტისა და სალონიკისკენ უვიზოდ მიმავალ პირველ მგზავრებს აეროპორტში სიურპრიზი დახვდათ: მათ ნაწილს ბილეთი უფასოდ გადასცეს. მოგვიანებით კიდევ ერთი რეისი კვიპროსში შესრულდა, ქალაქ ლარნაკაში, საღამოს 10 საათზე კი მგზავრები უვიზოდ პირველად წავლენ პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში. ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის გამო, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობის მატებას ელოდებიან, რისთვისაც აეროპორტში უკვე განხორციელდა ინფრასტრუქტურული ცვლილებები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის, ინფორმაციით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია ახალი ტერმინალის მშენებლობა და აეროპორტი მგზავრთა გაზრდილ ნაკადს შეუფერხებლად მოემსახურება. ქეთევან ალექსიძისავე განცხადებით, მგზავრები აეროპორტშივე იღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ქუთაისის აეროპორტის პირველი მგზავრები უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მეტი ადამიანი შეძლებს ევროპაში სხვადასხვა მიზნით მოგზაურობას.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი ამბობს, რომ უკვე იცის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის წესები და მათ გაცნობასა და დაცვას სხვებსაც ურჩევს.

რესპონდენტთა ნაწილი ამბობს, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ნუგზარ კოხრეიძე ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პროცედურებს განმარტავს.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, დღეიდან შეუძლიათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის შენგენის ზონაში გაერთიანებულ 22 სახელმწიფოში, ასევე, შენგენის ზონის ოთხ კანდიდატ ქვეყანასა და ამდენივე არაწევრ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს 180 დღის განმავლობაში 90 დღით შეეძლებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობა ისეთი მიზნებით, როგორიცაა ტურიზმი, ოჯახის წევრების ან ახლობლების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსის გავლა და საქმიანი მოლაპარაკებები. მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა დასაქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან, საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყანაში ყოფნის ვადის გასვლამდე უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ პირი ვადას დაარღვევს, გააძევებენ და 5 წლით აუკრძალავენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას. შესაძლებელია, ასევე, მოქალაქეს 3 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისროს უვიზოდ მიმოსვლის წესის დარღვევისათვის.

XS
SM
MD
LG