როგორ უყურებენ ქალთა საკითხებს პოლიტიკური პარტიები, რა უშლის ხელს ქალთა კონსოლიდაციას და არსებობს თუ არა იმის წინაპირობა, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსმა ქალებმა, გამარჯვების შემთხვევაში, განვითარებისთვის ხელსაყრელ ცვლილებებს შეუწყონ ხელი? ამ საკითხებზე დისკუსიისთვის რამდენიმე პარტიის პროპორციული სიის პირველ ათეულში შემავალ კანდიდატ ქალებს „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ უმასპინძლა.
პოდიუმ-დისკუსიის სამუშაო ფორმატის შეხვედრაში „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ „ქართული ოცნებიდან“ თამარ ჩუგოშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილი, რესპუბლიკური პარტიიდან თამარ კორძაია, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თამარ კეკენაძე, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობიდან“ ნანა დევდარიანი და ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დავით კიზირია მიიწვია. შეხვედრაზე არ მივიდნენ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები, დანარჩენებს კი ამომრჩეველ ქალთა შეკითხვებზე მოუხდათ პასუხების გაცემა. დარბაზში მყოფ ამომრჩევლებს შორის იყვნენ საგანგებოდ თბილისში ჩამოსული ქალები რაჭიდან, მათ შორის, ამბროლაურელი ნათია მაისაშვილი:
“ეს შეხვედრა იყო ბევრად საინტერესო, ვიდრე, ვთქვათ, ჩვეულებრივი შეხვედრები პოლიტიკოსებთან, რომლებიც თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქცენტირება ხდება იმაზე, რომ ქალის ხმა გადამწყვეტია. ვფიქრობ, რომ ქალი უფრო მეტად, თუნდაც პრაგმატული აზროვნებით, თავისი სიმშვიდით, სიშვიდეს მოიტანს, პირველ რიგში, ქართულ პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გვჭირდება. უფრო მეტად ცივი გონების დრო დადგა, მე ასე ვფიქრობ. და ვფიქრობ, რომ ქალი ამ ყველაფერს უფრო მეტად რეალიზებას გაუკეთებს ქართულ პოლიტიკაში“.
შეკითხვები კი, რომლებიც პოლიტიკოს ქალებს დაუსვეს აუდიტორიაში მყოფმა ქალებმა, შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოება და საზღვრისპირა მოსახლეობის პრობლემები, ეკონომიკა და სიდუხჭირის დაძლევის საშუალებები, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის ამოცანები და სხვა. დისკუსიის საგანი იყო უშუალოდ ქალთა საკითხებიც, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური გააქტიურების ისეთი მექანიზმის საკანონმდებლო რეგულაცია, როგორიცაა გენდერული კვოტირება. ვინ იქნება კვოტირების კანონპროექტის ინიციატორი თქვენს შორის საქართველოს პარლამენტში? ამ შეკითხვით პოდიუმ-დისკუსიის მონაწილეებს „ქალთა პოლიტიკური ცენტრის“ დირექტორმა ელენე რუსეცკიმ მიმართა:
“კონკრეტულად ვერ გავიგეთ ჩვენ პასუხი, იქნება თუ არა რომელიმე მათგანი, რომელიც დღეს ესწრებოდა, ქალი კანდიდატი თუ მოვა პარლამენტში, ამ კანონპროექტის ინიციატორი. თუმცა, მე მგონი, უმრავლესობა მხარდამჭერი იქნება, მაგრამ მაინც ჩვენ ველოდებით იმ ადამიანს, იმ ქალს ან კაცს, რომელიც იქნება რეალურად, არა უბრალოდ მოკიდებს ხელს, არამედ გააზრებულად იქნება ჩვენი თანამოაზრე და ექნება იმის ბრძოლისუნარიანობა, რომ პარლამენტში ეს საკითხი ისე გაიტანოს, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვოს“.
მე კვოტები არ მომწონს, როგორც მექანიზმი, თუმცა, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, ვხედავ იმასაც, რომ შესაძლოა ეს იყოს, ასე ვთქვათ, არასასურველი მწარე წამალი, რომელიც, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს...სალომე სამადაშვილი
რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია კი ფიქრობს, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართული დისკუსიის ფორმატი იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველს განესაზღვრა, რომელი პარტია უფრო ადეკვატურია ქალთა პრობლემების მიმართ:
“საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ოთხი პოლიტიკური პარტია ვიყავით წარმოდგენილი და არც ერთს სინამდვილეში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული და ისინი ამას მხარს ღიად არ უჭერენ და ვერ უჭერენ, იმიტომ რომ პარტიამ ვერ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რესპუბლიკელებმა ეს მოვახერხეთ. ეს გადაწყვეტილება დაეტყო ჩვენს სიას, იმიტომ რომ, „ენდიაის“ კვლევითაც, ყველაზე მეტი კანდიდატი ქალი მაჟორიტარი წარმოდგენილი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიას. ასევე, რესპუბლიკურ პარტიაში 30-პროცენტიანი კვოტა კი არ არის დაცული, ყოველი სამიდან ერთი არის განსხვავებული სქესის, ათეულის შემდეგ“.
თამარ კორძაია ფიქრობს, რომ კვოტირების საკითხთან ერთად, ახალ პარლამენტში განსახილველად ისევ უნდა დადგეს ქალთა მიმართ ძალადობის, ფემიციდის საკითხიც. თავის მხრივ, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით კვოტირების მექანიზმის მიზანშეწონილობაზე პარტიის შიგნით დისკუსიის გაგრძელების მოლოდინი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს:
აქცენტი გაკეთდა უფრო ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკურ პროცესში და სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქალთა როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ ეკონომიკურ პროცესში იყოს გაზრდილი...თამარ ჩუგოშვილი
“მე კვოტები არ მომწონს, როგორც მექანიზმი, თუმცა, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, ვხედავ იმასაც, რომ შესაძლოა ეს იყოს, ასე ვთქვათ, არასასურველი მწარე წამალი, რომელიც, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს. რაც შეეხება ქალთა სოლიდარობას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში იყოს ქალთა მრავალპარტიული გაერთიანება. არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, ის, რომ ქალები დაცულნი უნდა იყვნენ ძალადობიდან და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არის ჩვენი საერთო ინტერესი“.
სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც ქალთა მრავალპარტიული გაერთიანების მიერ ლობირებული იქნება ისეთი საკითხები, რომლებზეც განსხვავებულ პლატფორმებზე მდგომი პარტიები თანხმდებიან. შეხვედრაზე დაისვა, ასევე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გააქტიურებისა და მისი ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობის საკითხი. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა, ამომრჩეველთან - მათ შორის, ქალ ამომრჩეველთან - შეხვედრისა და ქალთა საჭიროებებისშესახებ პირველი პირებისგან მოსმენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
“დღეს ჩვენ ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ რაჭიდან წარმოდგენილი ქალებისთვის გაგვეცნო ჩვენი საარჩევნო პროგრამები - მოკლედ, მართალია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვცადეთ, რომ კითხვებისთვისაც გაგვეცა გარკვეული პასუხები. აქცენტი გაკეთდა უფრო ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკურ პროცესში და სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქალთა როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ ეკონომიკურ პროცესში იყოს გაზრდილი“.
თავის მხრივ, „სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენელმა დავით კიზირიამ გვითხრა, რომ მისი გაერთიანებისთვის მნიშნელოვანია იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა წინაშეც დგას ქალი. კიზირია დარბაზშიერთადერთი პოლიტიკოსი მამაკაცი აღმოჩნდა სწორედ იმიტომ, რომ პარტიული სიის პირველი ოცეული ქალის გარეშეა წარმოდგენილი.
პოდიუმ-დისკუსია გაიმართა პროექტის „ქალის ხმა გადამწყვეტია“ ფარგლებში.