Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტვილში მოსახლეობამ მრავალწლიანი ხეების მოჭრა გააპროტესტა


მოჭრილი ხეები სოფელ ვედიდკარში
მოჭრილი ხეები სოფელ ვედიდკარში

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში მრავალწლიანი ხეების მოჭრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 19 თებერვალს, მოქალაქეების მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ.

შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ, ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, არის თუ არა კერძო საკუთრება.

საქმე ეხება ინდმეწარმე გოჩა დანელიას მიერ ვედიდკარში 10 მრავალწლიანი ნაძვის მოჭრის ფაქტს. თავად ინდმეწარმე ირწმუნება, რომ ხეები კერძო პირის, ბადრი ჯელიასგან იყიდა და სწორედ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაიჩეხა ხეები.

საპროტესტო აქცია სოფელ ვედიდკარში
საპროტესტო აქცია სოფელ ვედიდკარში

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით კი, მოქალაქე ბადრი ჯელიამ, რომელიც მანამდეც ფლობდა მიმდებარედ ნაკვეთს, თავისი საკუთრება უკანონოდ გააფართოვა და მიითვისა ის ტერიტორიაც, სადაც მრავალწლიანი მცენარეები ხარობდა.

„უკანონოდ მოიჭრა ეს ხეები და გვაწუხებს ეს ამბავი. გასული წლის სექტემბერში მოჭრა სამი ხე. მაშინ მას მოსახლეობისგან წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ გასულ პარასკევს ისევ განმეორდა ეს ვანდალური ფაქტი და ისევ ჭრის ხეებს“, - ამბობს ვედიდკარელი პაატა ფანცულაია.

მიმდინარეობს გამოძიება და შედეგი ცოტა ხანში იქნება ცნობილი. ზუსტად არ ვიცით, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით, ეს არ არის კერძო საკუთრება...
ალექსანდრე გრიგალავა

მისი თანასოფლელი იზოლდა რურუა კი აცხადებს, რომ არ მისცემენ ინდმეწარმეს ხეების გაჩეხის უფლებას და მოსახლეობა საქმეს სასამართლომდეც მიიყვანს. იზოლდა რურუა ასევე მოითხოვს, უკვე მოჭრილი ხეებიც ჩამოერთვას გოჩა დანელიას და საქველმოქმედო მიზნით დარიგდეს.

„აწი მოჭრილ ხეებს არაფერი ეშველება. შენდება ეკლესია და მათ მიეცეთ ეს ხეები და, თუ რამე გადარჩა, ის გაჭირვებული ქვრივ-ობლების ბავშვებს გადაეცეს“, - ამბობს იზოლდა რურუა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, სანამ მოკვლევა არ დასრულდება, ხის მოჭრის პროცესი შეჩერდება. როგორც მარტვილის მერი აცხადებს, მრავალწლიანი ნაძვის მოჭრის პირველი ფაქტი ვედიდკარში სექტემბერში დაფიქსირდა, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ჩატარებულმა მოკვლევამ კი დაადგინა, რომ ეს იყო უკანონო ქმედება, რადგან ხეები ინდმეწარმემ სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ მოჭრა:

„მიმდინარეობს გამოძიება და შედეგი ცოტა ხანში იქნება ცნობილი. ზუსტად არ ვიცით, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით, ეს არ არის კერძო საკუთრება“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

მოჭრილი ხეები სოფელ ვედიდკარში
მოჭრილი ხეები სოფელ ვედიდკარში

ვედიდკარის მცხოვრებლებს შეხვდა თავად ინდმეწარმეც, რომელმაც ხეები მოჭრა. გოჩა დანელია ირწმუნება, რომ მიწის მესაკუთრე ბადრი ჯელიასგან მხოლოდ მას შემდეგ შეიძინა ხეები, რაც დარწმუნდა, რომ ის ამ ნაკვეთის კანონიერი მფლობელი იყო. მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალურ სამსახურში.

„გადავამოწმე ყველაფერი, დავრწმუნდი, რომ ეს ნაკვეთი ბადრი ჯელიას სახელზე იყო რეგისტრირებული და, აქედან გამომდინარე, მოვჭერი ხეები. სულ თხუთმეტი ხე მაქვს შეძენილი და ათი მაქვს მოჭრილი“, - აცხადებს გოჩა დანელია.

მოჭრილი ხეები სოფელ ვედიდკარში
მოჭრილი ხეები სოფელ ვედიდკარში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზე კერძო პირმა იმ ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა, სადაც მრავალწლიანი ხეები მოიჭრა და მასალა გადამოწმების მიზნით გადაგზავნილია საჯარო რეესტრში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სექტემბერში, როცა ვედიდკარში ხის ჭრის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გოჩა დანელიას მიერ წარმოდგენილი მონაცემები საჯარო რეესტრში გადამოწმების შემდეგ არ დადასტურდა, რის გამოც დაიწერა ოქმი. ის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ხის უკანონოდ მოპოვების გამო 703 ლარით დაჯარიმდა.

XS
SM
MD
LG