Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია გაიმართა


„ნაციონალური მოძრაობა“ „ახალ ეროვნულ მოძრაობას“ იწყებს
please wait

No media source currently available

0:00 0:06:57 0:00
გადმოწერა

„ნაციონალური მოძრაობა“ „ახალ ეროვნულ მოძრაობას“ იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სხვადასხვა ინფორმაციით, 5-დან 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციაზე, დევიზით ”ევროპული არჩევანი”, გამოცხადდა, რომ ნაციონალური მოძრაობა იწყებს ახალ ეროვნულ მოძრაობას. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ეს მოძრაობა ოცნება კი არა, რეალური ხელშესახები შესაძლებლობაა. მისი თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა ისეთ სამ მნიშვნელოვან პრინციპს დაეფუძნება, როგორებიცაა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და ქვეყნის მოდერნიზაცია, ანუ გლობალურ სამყაროში ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება. ”ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის რუსეთის სიძულვილი,“ განმარტა გიორგი ვაშაძემ. „ეს არის პრინციპული პოლიტიკა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რისი საბოლოო მიზანიც მათი მხრიდან ჩვენი პარტნიორად აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს.”

ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში და ამ დღის მერე ვერავინ, ”ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვერ გაბედავენ იოცნებონ, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას.”

„ვაფრთხილებ ხელისუფლებას-ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისაგან”, განაცხადა ვანო მერებაშვილმა და აღნიშნა, რომ შეიქმნა ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ დარჩა დასაქმების პრობლემა. მისი სიტყვებით, ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა იქნება, ყველა ადამიანს შეუნარჩუნდეს სამსახური და აიძულოს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას. ”თუ ის ამას არ გააკეთებს,“ აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „მაშინ ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ჩვენი მთავარი ამოცანა გახდება, რომ საქართველოში არ იყოს არც ერთი ადამიანი უმუშევარი.” აქვე ვანო მერაბიშვილმა მიმართა ბიძინა ივანიშვილს, თავი დაანებოს ნგრევას და მთელი თავისი დრო, ენერგია და თუნდაც ფული საქართველოს კეთილდღეობას მოახმაროს.

საქართველოს ხელისუფლება იყო მიმართვის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი საქართველოს პრეზიდენტისთვისაც. მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს დღეს იმედიანი ოპოზიცია და ბრაზიანი მთავრობა ჰყავს, მაგრამ ისურვებდა, რომ საქართველოში იმედიანი მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება ყოფილიყო. ”ჩვენი ოპოზიცია ღალატზე ფიქრით ცხოვრობდა და იღვიძებდა იმის ფიქრით, როდის გაქცეულიყო კრემლში და იქ მიეღო აღლუმები. თქვენ კი გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა, ვინც ათენებს და აღამებს სამშობლოს კეთილდღეობაზე ფიქრში და არ მოგცემთ საშუალებას, უღალატოთ ქვეყანას და მტერს ჩააბაროთ.” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის შეფასებითაც, დღევანდელი დღე მთავრობისთვისაც გამოღვიძების დღეა და ის ლოზუნგი, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაშლიან და გაანადგურებენ, ლოზუნგებად დარჩა.

ნაციონალური მოძრაობის აქცია თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 16 საათზე დაიწყო და 18 საათზე დასრულდა. აქციამ მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG