Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრები საქმეების გადასინჯვას მოითხოვენ


საქართველოს საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი საქმეების გადასინჯვას მოითხოვს. ზოგი მსჯავრდებული უკვე დაუფარავად საუბრობს წამებისა და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; ზოგიც მოითხოვს, რომ მათი საქმეები ხელახლა გამოიძიონ.

ყოფილი პატიმარი იმედა ბუთხუზი ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს: „ბუნტის მერე დაიწყო ეს ალიაქოთი, წამება და ყველაფერი. პირველი მსჯავრდებული ვიყავი, ვინც უკანონობის წინააღმდეგ ხმა ამოვიღე: ყბები, კბილები, ბეჭი, ეპილეფსია... ყველაფერი დამმართეს. ციხე-ციხე მატარეს. გადავყავდით იმის გამო, რომ ყველა ციხეში, როცა ეტაპს იღებდნენ, გცემდნენ.“

წერილი ციხეში არსებული ვითარების შესახებ იმედა ბუთხუზმა ჯერ კიდევ პატიმრობისას გაუგზავნა ადამიანის უფლებათა ცენტრს. ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი წერილები სხვა პატიმრებისგანაც მრავლად მოსდიოდათ: „უფრო მე-8 დაწესებულებიდან და რუსთავის ზონებიდან იყო განცხადებები. წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ ციხის თანამშრომლები და ადმინისტრაცია.“

ერთ-ერთი ვიზიტისას, ზამთარში, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა იმედა ბუთხუზი, რუდიკ ოვაკიმიანი და რამდენიმე სხვა პატიმარი „კარცერში“, შიშველი იპოვეს. პატიმრებმა სახალხო დამცველისა და სხვა სტრუქტურების სახელზე საჩივარი დაწერეს. როგორც ოვაკიმიანი ამბობს, ამის შემდეგ მათ განუწყვეტლივ სცემდნენ, რათა საჩივარი უკანვე გამოეტანათ: „ხუთი დღე არც წყალი დამალევინეს, არც არაფერი, შეგნებულად დამმართეს „ტუბიკი“. ჩამიყვანეს ტუბზონაში, იქ ავიკიდე ჩხირი...“

პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი ასევე იხსენებს, შემთხვევას, როდესაც წინ საკუთარი გარდაცვალების ცნობა დაუდეს და განუცხადეს, თუ საჩივარს არ გამოიტანდა, მოკვდებოდა: „დამიდო ფურცელი წინ, სადაც ხელმოწერები იყო სამი ექიმის, იმაზე, თუ როგორ გარდავიცვალე.“

რუდიკ ოვაკიმიანიცა და იმედა ბუთხუზიც ღიად ასახელებენ იმ მაღალჩინოსნებსა თუ რიგით თანამშრომლებს, რომლებიც მათს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ. თუმცა, ბუთხუზი ამბობს, რომ პროკურატურას მისი საქმე წლების განმავლობაში თაროზე უდევს და ის ჯერ არც კი დაუკითხავთ. ყოფილი პატიმარი დამნაშავეების დასჯასა და მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. მისი თქმით, პატიმრებიდან ყოველი მეორე აცხადებს, რომ უდანაშაულოა, ან სასჯელი არასწორად აქვს შეფარდებული.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მრჩეველი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ თუ ვინმეზე სერიოზული ეჭვი ჰქონდათ, ყველა გაათავისუფლეს: „ვისთან დაკავშირებითაც იყო მასალები, რამდენიმე პატიმარის საჩივარი და არა ზოგადად განაწყენებული პატიმრების, ყველა მოხსნილია. ახლა სწორედ თვალწინ მიდევს 19 დაწესებულების სია და ყველგან ახალი დირექტორებია. ადგილზე რჩებიან მოადგილეები, მაგრამ თუ არ იქნება საჩივარი პროკურატურაში, მტკიცებულება ისე, ძალიან ძნელია ადამიანს ხელი დაადო.“

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით მჭედლიშვილი ამბობს, რომ წამებასთან დაკავშირებით შემოტანილ საჩივრებს პროკურატურა გულდასმით შეისწავლის, თუმცა რთული იქნება იმ საჩივრების მოძიება, რომლებითაც პატიმრებმა პროკურატურას წლების წინ მომართეს.

„წინა წლების განცხადებების მოძიება შეიძლება შეუძლებელიც გახდეს, ამიტომ პატიმრებმა ჯობია ხელახლა მიმართონ პროკურატურას“, – ამბობს მჭედლიშვილი.

რაც შეეხება, იმ პატიმართა საქმეების გადასინჯვას, რომლებიც თავს დამნაშავედ, ან ნაკლებად დამნაშავედ მიიჩნევენ, დავით მჭედლიშვილი ადასტურებს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პირველ ეტაპზე საჭირო გახდება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ამდენი საქმის გადასინჯვას მოახერხებდა:
„იყო საუბარი იმაზე, რომ პროკურატურასთან შეიქმნება სპეციალური უწყება, რომელიც ამას გააკეთებს, ან პარლამენტთან შეიქმნება. ამას დრო გვიჩვენებს, რაზე ჩამოყალიბდება ხელისუფლება.“
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG