ოძისში, პოლიციის ბოლო საგუშაგოსთან, საქართველოს პრეზიდენტი პირველი მივიდა, პოლიციელებს მიესალმა და უკრაინის პრეზიდენტს საგუშაგოზე დაელოდა. ოძისიდან კარგად ჩანს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ბაზა, რომელიც ახალგორის მისადგომებთან არის განლაგებული. 20 წუთის შემდეგ ოძისში უკრაინის პრეზიდენტიც მივიდა. პეტრო პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა დურბინდები მოიმარჯვეს და საოკუპაციო რეჟიმის ბაზას დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთი შეკითხვა დასვა მცოცავი ოკუპაციის შესახებ.
ოძისიდან პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთისკენ გაემართნენ, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს შეხვდნენ და მისი პრობლემები მოისმინეს. მანამდე კი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს, გაესაუბრნენ, რომლისგანაც სადამკვირვებლო მისიის მანდატის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ამის შემდეგ პრეზიდენტები ახალი ხურვალეთისკენ წავიდნენ, სადაც დავით ვანიშვილს ჟურნალისტები უკვე ესაუბრებოდნენ. მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავლებული ბასრი მავთულხლართი იყო, რომელსაც პრეზიდენტებმა ხელი ჩასჭიდეს. 83 წლის დავით ვანიშვილი ამბობს, რომ მასთან ხშირად მიდიან რუსეთის მესაზღვრეები და სტუმრებთან ურთიერთობას უკრძალავენ. გარდა ამისა, ორჯერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული, ბოლოს კი 2 000-რუბლიანი ჯარიმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დააკისრეს.
დავით ვანიშვილთან გასაუბრების შემდეგ პრეზიდენტებმა კომენტარი ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის იქვე, მავთულხლართებთან, გააკეთეს. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის სიმტკიცით ოკუპაციის ხაზები მალე დაინგრევა.
უფრო ემოციური იყო პეტრო პოროშენკოს განცხადება. მან ხმასაც კი აუწია. მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო საოკუპაციო ხაზი - ესაა უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის, უკრაინა კი საქართველოს ეუბნება, რომ ის მარტო არ არის.
ხურვალეთიდან პრეზიდენტები დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ.