Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტიცია რუსეთის წინააღმდეგ


საქართველოს ხალხის მემორანდუმი 1907
საქართველოს ხალხის მემორანდუმი 1907
  • სპეციალისტებმა დიდი ხანია, იცოდნენ ამ პეტიციის არსებობის შესახებ, თუმცა დოკუმენტის ხელმომწერთა ვინაობა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო, სანამ გასულ კვირაში ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ მას ოქსფორდის ბიბლიოთეკაში არ მიაგნო. შესაბამისად არ ჩატარებულა მასალის სამეცნიერო ანალიზი.
  • როგორც ბექა კობახიძე ამბობს, 3 000 ხელმომწერი იმ დროისთვის იმდენად დიდი რიცხვია, რომ დღეს, ფაქტობრივად, ყოველ მეორე ქართველს შეუძლია ხელმომწერთა შორის თავისი გვარის ამოკითხვა.
  • შეგიძლიათ, თქვენი გვარი ამ სტატიაზე თანდართულ სიაში მოძებნოთ. სია ჯერჯერობით არასრულია, თუმცა ჩვენი გუნდი დოკუმენტზე მუშაობს და მოკლე დროში მას კიდევ დაემატება ხელმომწერთა სახელები.

ეს პეტიცია არის „ეროვნული მობილიზაციის პირველი და წარმატებული მცდელობა დახურულ რუსეთში“

1907 წელს გამართულ ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გლობალური გეოპოლიტიკური საკითხები განიხილებოდა, თუმცა განხილვის მაგიდაზე ასევე აღმოჩნდა პეტიცია, რომელსაც საქართველოს 3 000-მდე მოსახლე აწერს ხელს.

მემორანდუმში აღწერილია რუსეთის მიერ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ხისტი ჩარევის მაგალითები. რიგ შემთხვევაში საქმე ეხება მოსახლეობისადმი სასტიკ მოპყრობას, გადასახლებას, დახვრეტას და ქალაქებისა და სოფლების ფიზიკურ განადგურებას.

ბექა კობახიძე
ბექა კობახიძე

ყველა ხელმომწერი არის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. როგორც ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, „ავტორებმა იზრუნეს, რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი და [ხელმომწერთა რაოდენობის გათვალისწინებით] ეს სახელი, „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ ნამდვილად არ არის გადაჭარბებული“.

მემორანდუმის მთავარი მოთხოვნა საქართველოს ავტონომია იყო

„საქართველოს ხალხის მემორანდუმის“ მიხედვით, რუსეთმა დაარღვია 1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატის“ შეთანხმება. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველო შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა უნდა შეენარჩუნებინა სრული პოლიტიკური ავტონომია.

„...რუსეთის საიმპერატორო მთავრობის მოქმედება შეიქმნა საქართველოს უფლებათა განუწყვეტლივ დარღვევად. ჩვენი, საკუთარი უმაღლესი მთავრობა მოსპეს და მისი ადგილი დაიჭირა რუსულმა ბიუროკრატიულმა და სამხედრო წეს-წყობილებამ. მთავარ-მმართებლის უმაღლეს მმართველობაში ეხლა იმყოფება მხოლოდ ერთი ქართველი შტატის მოხელე-თარჯიმანი.“
ამონარიდი მემორანდუმის ტექსტიდან

მოსახლეობა ჩიოდა რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის ქონების მითვისებასა და მათი ეკონომიკურად შევიწროების შესახებ.

რუსეთის ჯარებმა დაარბიეს ქართული სოფლები და ქალაქები. დახოცეს 1905 წლის გურიის აჯანყების მონაწილეები, გადაწვეს ქალაქი ოზურგეთი და აკრძალეს იქ ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.

„ევროპამ უკვე იცის, თუ რა აუარებელი ხალხი გაჟლიტა რუსეთის მთავრობამ მოძრაობის დასამშვიდებლად. რიცხვი დახოცილთა რუსეთში უდრის 40,000-ს. მაგრამ ჟლეტას, გადასახლებასა და დატყვევებას ისეთი მძვინვარება არსად გამოუჩენია, როგორც საქართველოში.“ - ვკითხულობთ მემორანდუმში.

რატომ ავტონომია და არა დამოუკიდებლობა?

როგორც ბექა კობახიძე განმარტავს, მეოცე საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება არ აძლევდა საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს უფრო დიდი პროტექტორის გარეშე არსებობის საშუალებას. დიდი სახელმწიფოების მიერ პატარების დაპყრობა საერთაშორისო სამართლებრივად ჩვეულებრივი ამბავი იყო.

„ახლა რომ წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს იმ დროს გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა; ერთი მხრიდან წამოვიდოდა ოსმალეთი, მეორე მხრიდან რუსეთი და საქართველო ყოველგვარი დაცვის გარეშე დარჩებოდაო“, - ამბობს ბექა კობახიძე.

„როდესაც ქალთა საზოგადოებამ შეჰკრიბა ცოტაოდენი ფული რუსის ჯარისგან აოხრებულ გურიის დასახმარებლად, მთავარ-მმართებელმა გრაფ ვორონცოვ-დაშკოვმა უნამუსოდ განაცხადა: - „მთავრობა ნებას არ მისცემს დახმარება აღმოუჩინონ იმათ, ვინაც მთავრობის მიერვე დასჯილ არიან.“
ამონარიდი მემორანდუმის ტექსტიდან

ავტონომიის მოთხოვნა არ იყო უსაფუძვლო, რადგან „გეორგიევსკის ტრაქტატით“ რუსეთი საქართველოს ამ გარანტიას აძლევდა, თუმცა მოგვიანებით შეთანხმების პირობები დაარღვია.

„100 წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა“

ჰააგის კონფერენციაზე „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ არ განხილულა და ამას არც მისი ავტორები ელოდნენ. თუმცა მთავარი მიზანი მიღწეული იყო: საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო რუსეთის აგრესიის შესახებ საქართველოში.

კონფერენციაში რუსეთიც მონაწილეობდა. პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, ვარლამ ჩერქეზიშვილი აღნიშნავდა, რომ მონაწილეებს შორის გაჩნდა ერთგვარი უხერხულობის განცდა, რადგან ამ პეტიციაში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოსადმი სასტიკ მოპყრობაზე იყო ყურადღება გამახვილებული.

"ფაქტობრივად ერთადერთი ისტორიული დოკუმენტი, რომელიც აღწერს საქართველოში საზოგადოების და არა ელიტების მდგომარეობას".

ბექა კობახიძის შეფასება:

"ეს არის ფაქტობრივად პირველი დოკუმენტი, რომელიც არა ელიტების, არამედ ქართველი ერის, მისი ყველა კუთხისა და სოციალური ფენების სახელით აყალიბებს ქართულ ეროვნულ ისტორიულ ნარატივს და აფასებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიას.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად არის შესწავლილი სოციალური ისტორია. ყველაზე დიდი ისტორიული დოკუმენტი, „ქართლის ცხოვრებაც“ კი სამეფო კარის ისტორიას აღწერს.

შესაბამისად, „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ შეგვძლია, კარგად გამოვიყენოთ სოციალური ისტორიის შესასწავლად და გასაანალიზებლად.

დოკუმენტი ნაწილობრივ გვაჩვენებს რა დამოკიდებულება არსებობდა 1907 წელს ეროვნული საკითხისადმი ქართულ თღავადაზნაურობაში, გლეხებში, ვაჭარ-მრეწველებში, მუშებში, კულტურული სფეროსა და სამღვდელოების ნაწილის წარმომადგენლებში, საშუალო ფენაში, რომელსაც მასწავლებლები და საჯარო მოხელეები წარმოადგენდნენ."

„როგორც ვხედავთ, 111 წლის წინ ვსაუბრობდით რუსეთის მხრიდან ჩაგვრაზე ისევე, როგორც დღეს. ჩვენ კონკრეტულ ბოროტმოქმედებაზე შევჩიოდით მსოფლიოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას და საკომუნიკაციო საშუალებებს, მაშინდელისგან განსხვავებით დღეს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მეტი შანსი გვაქვს.“

ეროვნული მობილიზაციის წარმატებული მცდელობა

  • 1907 წელს გამართულ ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გლობალური გეოპოლიტიკური საკითხები განიხილებოდა, თუმცა განხილვის მაგიდაზე ასევე აღმოჩნდა პეტიცია, რომელსაც საქართველოს 3000-მდე მოსახლე აწერს ხელს.
  • მემორანდუმში აღწერილია რუსეთის მიერ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ხისტი ჩარევის მაგალითები. რიგ შემთხვევაში საქმე ეხება მოსახლეობისადმი სასტიკ მოპყრობას, გადასახლებას, დახვრეტას და ქალაქებისა და სოფლების ფიზიკურ განადგურებას.
  • ყველა ხელმომწერი არის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. როგორც ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, „ავტორებმა იზრუნეს, რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი და [ხელმომწერთა რაოდენობის გათვალისწინებით] ეს სახელი, „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ ნამდვილად არ არის გადაჭარბებული“.

XS
SM
MD
LG