Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი სტატუსი პედაგოგებისთვის


თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მას მასწავლებლებისთვის სტატუსების მინიჭებასთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხი არ მოუსმენია. ეს განცხადება მინისტრმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკეთა. პარლამენტმა 2 ოქტომბერს კანონისთვის კენჭისყრა გადადო. ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთნაირი აზრი ჰქონდათ უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს. რა დაუწუნეს დეპუტატებმა განათლების სამინისტროს?

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებიდან ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ დეპუტატებს შენიშვა. ერთია პედაგოგებისთვის 4 სტატუსის მინიჭება, ანუ იქმნება დღეს არსებული სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელი, და მეორეა პედაგოგისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განათლების სამინისტროს მიერ. დღეს არსებული წესის მიხედვით, პედაგოგისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე სასამართლო მსჯელობს, ხოლო ახალი წესის მიხედვით, უფლებამოსილებას ჯერ მინისტრი შეუწყვეტს, შემდეგ კი მასწავლებელი გაასაჩივრებს სასამართლოში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა ცვლილება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია:

„ნორმა უფლების ჩამორთმევის შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუციის მეორე თავი, მოგეხსენებათ, მთლიანად ადამიანის უფლებები და თავისუფლებებია, სადაც პირდაპირ წერია, რომ არანაირი უფლების ჩამორთმევა არავის, გარდა სასამართლოსი, არ შეუძლია“.

არც ერთი სტატუსის განმარტება არ არის მოყვანილი. მინდა მივმართო განათლების სამინისტროს და ამ პროექტის ავტორებს, რომ მასწავლებლები არ არიან საცდელი ბაჭიები...
ვანო კიღურაძე

რაც შეეხება პედაგოგებისთვის სტატუსების მინიჭებას, ცვლილების მიხედვით, პედაგოგები დაიყოფიან შემდეგ 4 კატეგორიად: მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია), მკვლევარი მასწავლებელი (პირველი კატეგორია), წარჩინებული მასწავლებელი (მეორე კატეგორია), პრაქტიკოსი მასწავლებელი (მესამე კატეგორია). პარლამენტში წარდგენილი პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, ახალი სქემა კანონში საერთოდ არ იყო ასახული და მასზე მხოლოდ პროექტის განმარტებით ბარათში იყო საუბარიო, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ. კომიტეტმა განათლების სამინისტროსგან სქემის კანონში შეტანა და მისი არსის დაკონკრეტება მოითხოვა.

როგორც ვანო კიღურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სასერტიფიკაციო გამოცდების არსებულმა სქემამ ვერ გაამართლა, შედეგები არის სავალალო და სამწუხარო, როცა 62 ათასი მასწავლებლიდან სასერტიფიკაციო გამოცდები 42 ათასმა ვერ ჩააბარა. ვანო კიღურაძის თქმით, "მასწავლებელთა სერტიფიცირების არსებული წესი რომ შესაცვლელია, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ როცა ერთი სქემა მეორე სქემით იცვლება, საჭიროა დაფიქრება და საკითხის კარგად აწონ-დაწონა":

„არც ერთი სტატუსის განმარტება არ არის მოყვანილი. მინდა მივმართო განათლების სამინისტროს და ამ პროექტის ავტორებს, რომ მასწავლებლები არ არიან საცდელი ბაჭიები. როცა ახალი სქემა შემოგაქვთ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული“.

იმისთვის, რომ მოტივაცია გავზარდოთ, ხარისხიც უნდა მოვთხოვოთ მასწავლებლებს, ანუ ორი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ერთ საერთო შედეგზე უნდა გავიდეთ...
ლია გიგაური

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განათლების მინისტრის მოდგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, მასწავლებელთა მოტივაციის გასაზრდელად საჭიროა შეფასების კრიტერიუმებიც. სერტიფიცირებული მასწავლებლები შემოწმდებიან პრაქტიკულ საქმიანობაშიც, ასევე გარე შემფასებლების მიერ და შემდეგ მიენიჭებათ კატეგორიები, რაც მათ სახელფასო ანაზღაურებაზეც იქონიებს გავლენას:

„იმისთვის, რომ მოტივაცია გავზარდოთ, ხარისხიც უნდა მოვთხოვოთ მასწავლებლებს, ანუ ორი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ერთ საერთო შედეგზე უნდა გავიდეთ. ამიტომ ყველა სისტემაში არსებობს მასწავლებლების შეფასების კომპლექსური სქემა და ჩვენ მასწავლებლებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნით უნდა ვაფასებდეთ, არამედ იმითაც, თუ როგორ საქმიანობს ის სკოლაში, იმიტომ რომ შეიძლება თეორიულად ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ კლასში მოსწავლეებთან ვერ მუშაობს. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მოტივაცია, დაფასება, ხელფასის ზრდა თვითონ მასწავლებლის მონდომებაზე უნდა იყოს დამოკიდებული - რამდენად სურს მას გახდეს კვალიფიციური და ჩაერთვება თუ არა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში“.

უნდა ფუნდამენტურად გადაიხედოს პროგრამები, ის წესები, რომლითაც მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა, ეს სახელმძღვანელოების არჩევის წესი და სხვა...
ნათელა სახოკია

ეს მოდელი აბსოლუტურად მისაღებია მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გია მაჩაბლისთვის. მისი თქმით, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობენ 5-6 კატეგორიაზე ნაკლები სტატუსის მქონე მასწავლებლები:

„თვითონ მოღვაწეობის პროცესში მათი საქმიანობა შეფასდება გარკვეული კრედიტქულებით, დააგროვებენ ამ ქულებს. შეფასება იქნება, ალბათ, სამდონიანი: იქნება სკოლის დონეზე, იქნება თვითშეფასება და გარე დონეზე შეფასება და ამის შესაბამისად იქნება შემდეგ საფეხურზე გადასვლის გადაწყვეტილება“.

თუმცა განათლების სფეროს ექსპერტი ნათელა სახოკია, მიუხედავად იმისა, რომ, მისი აზრით, მასწავლებელთა პროფესიული მომზდების დონე ასამაღლებელია, ამბობს, ეს დონე მსგავსი ახალი სისტემების შემოღებით არ მიიღწევაო:

„უნდა ფუნდამენტურად გადაიხედოს პროგრამები, ის წესები, რომლითაც მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა, ეს სახელმძღვანელოების არჩევის წესი და სხვა. მასწავლებლების დონე არის ძალიან დაბალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და ასეთი კოსმეტიკური ზომებით არაფერი გამოვა“.

პარლამენტი კანონში ცვლილების შეტანაზე, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში იმსჯელებს - მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის შენიშვნებს განათლების სამინისტრო გაითვალისწინებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG