Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები თვითდაზიანებას გამორიცხავენ


სასჯელაღსრულების # 6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, გელა ჯაყელის ოჯახის წევრები ეჭვქვეშ აყენებენ სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გელა ჯაყელი 25 აგვისტოს მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს. გელა ჯაყელის დედის, ზოია ჯაყელის სიტყვებით, მისი შვილი ეუბნებოდა, რომ მოკვლას უპირებდნენ. საპატიმროში გარდაცვლილი პატიმრის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს, საქმეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც სწავლობენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მე-6 დაწესებულებაში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. პატიმარი გელა ჯაყელი, რომელმაც მანამდე არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, 25 აგვისტოს საკანში მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს.

სამინისტროსვე ცნობით, 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გელა ჯაყელი თვითდაზიანებების გამო 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც.

გარდაცვლილი 41 წლის პატიმრის დედა, ზოია ჯაყელი, თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. მისი სიტყვებით, გარდაცვლილს საფეთქლებზე აქვს დაზიანება, რაც, სავარაუდოდ, ზონრის მჭიდრო შემოჭერით აქვს მიყენებული. ზოია ჯაყელის სიტყვებით, ასეთ დაზიანებას გარდაცვლილი თავად ვერ მიიყენებდა. ის შვილთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს, რომელიც გასული კვირის პარასკევს შედგა, და ამბობს, რომ მაშინ გელა მისი მოკვლის მცდელობის შესახებ საუბრობდა:

„დღემდე, დღეს დილამდე, მე ეჭვი არ გამჩენია, რომ ის მოკლა სხვამ. დღეს ისეთი ნიშნები ეტყობა თავის არეში, ეს თვითმკვლელობა არ არის, ამას არ ჩაიდენდა. როცა ცოცხალი დავტოვე და მოვდიოდი, ასე მითხრა, მე ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რომ თავი მოვიკლაო. თუ გითხრეს, შენი შვილი ჩამომხრჩვალიაო, ჩამომახრჩვეს თვითონო“.

დანამდვილებით ვიცი რამდენიმე თვითდაზიანების შესახებ, რომელიც მან მიიყენა და რომელზეც ქირურგიული და სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ სამოქალაქო საავადმყოფოებში. ასევე ვიცით, რომ მასთან ინდივიდუალურად მუშაობდა ფსიქოლოგი...
არჩილ თალაკვაძე
გარდაცვლილი პატიმრის დედის სიტყვებით, მანამდე მისი შვილი საპატიმროში ცუდი მოპყრობის შესახებ არ ლაპარაკობდა. ბოლოს ის რამდენიმე ხნის წინ იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მუცლის არეში მიყენებული თვითდაზიანების გამო მოხვდა.

როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, გარდაცვლილ პატიმარს მანამდეც რამდენჯერმე დასჭირდა სამედიცინო დახმარება, ის ფსიქიატრის კონსულტაციის დანიშნულებისამებრ იღებდა მედიკამენტებს და მასთან ფსიქოლოგიც მუშაობდა, თუმცა, არჩილ თალაკვაძის სიტყვებით, გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა პატიმრის მიმართ ზედამხედველობის ნაკლებობა ან არასათანადო მოპყრობა:

„დანამდვილებით ვიცი რამდენიმე თვითდაზიანების შესახებ, რომელიც მან მიიყენა და რომელზეც ქირურგიული და სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ სამოქალაქო საავადმყოფოებში. ასევე ვიცით, რომ მასთან ინდივიდუალურად მუშაობდა ფსიქოლოგი და ვიცით, რომ მას ჰქონდა ფსიქიატრიული დანიშნულება ფსიქიატრის მიერ, რომელსაც იღებდა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა რაიმე ტიპის შეცდომა დაშვებული მასთან მეთვალყურეობის დროს და თუ რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. თუ გამოიკვეთება, რომ ვინმემ დაუშვა შეცდომა, ამ შეცდომის გამო, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირები დაისჯებიან. თუმცა ეს სამედიცინო სამსახურის კომპეტენციას სცდება ცალსახად და მე გამიჭირდება ამაზე რაიმე სამართლებრივი კომენტარის გაკეთება“.

თუ სამინისტრომ ან შესაბამისმა უწყებამ იცოდა ამ პატიმრის მიდრეკილებების შესახებ თუნდაც თვითდაზიანებების მიმართ და იცოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, მაშინ მისი ადგილი არანაირად არ იყო მე-6 დაწესებულებაში...
ნათია იმნაძე
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნათია იმნაძის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო არ უნდა ასაჯაროებდეს პატიმრის სამედიცინო ისტორიას, რის შესახებაც სახალხო დამცველი რამდენიმე თვის წინაც იძლეოდა რეკომენდაციას. ამასთან, ნათია იმნაძის სიტყვებით, გარდაცვლილი პატიმრის, გელა ჯაყელის წერილი ომბუდსმენის ოფისშიც იყო შესული - ის ჯანმრთელობის პრობლემის გამო სამედიცინო პერსონალის მხრიდან ყურადღების საჭიროებაზე წერდა, რისთვისაც პატიმრებს პროტესტის უკიდურესი ზომების მიღება უწევდათ. ნათია იმნაძის სიტყვებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები გელა ჯაყელს აგვისტოს დასაწყისშიც შეხვდნენ. ამასთან, მისივე თქმით, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის ცნობილი იყო მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ის საკანში არ უნდა დაეტოვებინათ:

„თუ სამინისტრომ ან შესაბამისმა უწყებამ იცოდა ამ პატიმრის მიდრეკილებების შესახებ თუნდაც თვითდაზიანებების მიმართ და იცოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, მაშინ მისი ადგილი არანაირად არ იყო მე-6 დაწესებულებაში, რომელიც არის საკმაოდ მკაცრი რეჟიმის დაწესებულება. და თუ ამ ადამიანს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, თუ ამას ამტკიცებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში და მას შესაბამისი ზედამხედველობა და შესაბამისი ყურადღება ვერ მიექცეოდა... ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში სამინისტრომ ის უნდა გააკეთოს, რომ ეს ადამიანები გადაიყვანოს სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იქნებიან შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ, მით უმეტეს, თუ აქვთ თვითდაზიანებების მიმართ მიდრეკილება. ახლა ეს ყველა შემთხვევაში არ ხდება“.

ზოგადად, ნათია იმნაძის სიტყვებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა მდგომარეობა საპატიმროებში ისევ მძიმე რჩება. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დროული ჩატარება და დასკვნის გაცემა. ის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი პრობლემურია, ადასტურებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეც. მისი სიტყვებით, ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც სამინისტრომ წინა ადმინისტრაციისგან მიიღო. არჩილ თალაკვაძის სიტყვებით, სამინისტროს განზრახული აქვს 2014 წლისთვის შექმნას სპეციალური დაწესებულება - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი - წამალდამოკიდებული პატიმრების სამკურნალოდ, თვითდაზიანებებისადმი მიდრეკილი პატიმრებისათვის ზედამხედველობის გასაწევად და კრიზისული სიტუაციების სამართავად.
რაც შეეხება საპატიმროში 25 აგვისტოს გარდაცვლილი პატიმრის საქმეს, მას პროკურატურა გამოიძიებს. საკითხის დამოუკიდებლად შესწავლის შემდეგ მეტის თქმა იქნებაო შესაძლებელი, ამბობენ სახალხო დამცველის აპარატშიც.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG