Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს მიმდინარე წლის მარტში ფარული ჩანაწერების შენახვისა და გავრცელების საქმეზე დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე.

მათი გათავისუფლების მიზეზი გახდა წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის ამოწურვა, რის გამოც მოსამართლემ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სამართალწარმოება გრძელდება, თუმცა, თავის მხრივ, გათავისუფლებულები ირწმუნებიან, რომ პროკურატურას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და, სავარაუდოდ, მათ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელი იქნება.

ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) დააკავეს, კონკრეტულად კი საქმე ეხება გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორ ელისო კილაძისათვის მიტანილი პირადი ვიდეოჩანაწერის გავრცელებასა და მოპოვებას. საქმე სულ ხუთი პირის მიმართ აღიძრა. მათგან ერთი, გელა ღურწკაია, სასამართლომ, ასევე წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის ამოწურვის გამო, 1 ნოემბერს გაათავისუფლა. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ 9 თვის განმავლობაში ისინი პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ. მათგან ერთ-ერთი, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, თავს პროკურატურის პირად პატიმრად მიიჩნევს:

“მე ვიყავი პროკურატურის პირადი ტყვე ამ ცხრა თვის განმავლობაში და არ მომცეს საშუალება იმისა, რომ ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩამეტარებინა, ასევე, წარმომედგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც ნათელს მოჰფენდა ამ საქმეს. თქვენთვის, ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ მე საადვოკატო საქმიანობას ვეწევი 16 წელია და ასეთი სიტუაციები ჩემთვის უცხო არ არის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არა აქვს და, ალბათ, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენიც ვერ დადგება“.

ირაკლი ფხალაძის განცხადებას, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, არ ეთანხმება საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე :

“როდესაც სხდომა დაიწყო, არსებითი განხილვა, ყველა პროცესზე ჩვენ ვიკვლევდით მტკიცებულებებს და ვიმეორებ, რომ არც ერთი პროცესი არ ჩავარდნილა. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურად და თეორიულადაც ვერ მოხერხდებოდა ამ ცხრათვიან ვადაში იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რაც წარმოდგენილია სასამართლოში. უბრალოდ, ვერ ესწრება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება ცხრათვიანი პატიმრობის ვადაში“.

იმ ვერსიის მიხედვით, რომლითაც პროკურატურა ბრალდებულებს უპირისპირდება, საქმეში სულ ხუთი პირი ფიგურირებს, რომელთაგან ერთმა, გელა ღურწკაიამ, ელისო კილაძეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გასავრცელებლად წარუდგინა სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ეს ვიდეოჩანაწერი გელა ღურწკაიას გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ. თავის მხრივ, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ხსენებული ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა, რომელმაც ვიდეოები 2015 წლის ზაფხულში, მათი რეალიზაციის მიზნით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისაგან მოიპოვა. პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის მიხედვით, ირაკლი ფხალაძემ პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები ზურაბ ჯამალაშვილს გამოართვა, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მათი გავრცელების მიზნით. ზურაბ ჯამალაშვილს, მისი ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე, უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკანონო პატიმრობის საკითხზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც იდავებს:

“ზურაბ ჯამალაშვილის დღევანდელი გამოსვლა ეს არის დასაწყისი იმისა, რომ ცოტა ხანში ჩვენ ვიხილავთ გამამართლებელ განაჩენს მის მიმართ. უბრალოდ, სავალალო იქნება თვითონ ქვეყნისთვის, ვინაიდან ჩვენ ამ ცხრათვიან პატიმრობას ასე არ დავტოვებთ. ბუნებრივია, ჩვენ მივმართავთ აუცილებლად ევროსასამართლოს, სადაც აუცილებლად აღბეჭდილი იქნება ყველა ის დარღვევები, რაც უკანონოდ დასდეს ბრალი ზურაბ ჯამალაშვილს“.

გიორგი ფოფხაძესთან ერთად ირაკლი ფხალაძის გათავისუფლებისთვის სასამართლოს ნაცვლად პროკურატურას გადაუხადა მადლობა ადვოკატმა ნანა ფილაურმა, რომელიც ამბობს, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო პროკურატურამ საქმე მაქსიმალურად გააჭიანურა:

“პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და ჰქონდა მოლოდინი, რომ აუცილებლად დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი. მაქსიმალურად აჭიანურა პროცესები და შედეგად ის მივიღეთ, რომ ცხრათვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა ამოეწურათ ბრალდებულებს და დღეს სასამართლომ გააუქმა პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი ფხალაძე დღეს არის თავისუფალი აბსოლუტურად სწორად, სამართლიანად და პროკურატურის დიდი ძალისხმევით, სხვათა შორის. მადლობა პროკურატურას“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული კი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება და სწორედ პროკურატურამ უნდა განმარტოს, რატომ მოხდა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე რეზონანსულ საქმეში ბრალდებული პირები საპატიმრო დაწესებულებებს ტოვებენ ისე, რომ საბოლოო გადაწყვეტლების მიღება წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურ - 9 თვის - ვადაში ვერ მოხერხდა:

“ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის იყო საუბარი იმაზე, რომ საქმეში ბრალდებულ რამდენიმე ადამიანთან ჯერ კიდევ ზაფხულში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურამ განმარტოს, არის თუ არა ეს ყველაფერი დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების პრობლემასთან, თუ რასთან გვაქვს საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მძიმე დანაშაულზე და, მით უმეტეს, ამ ტიპის დანაშაულზეა საუბარი, რომელმაც მთელი თვეების განმავლობაში, ერთი მხრივ, საზოგადოებაც შეძრა და ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია პროკურატურის პასუხისმგებლობა, რომ ის ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ დროულად დამთავრდეს მტკიცებულებების მოპოვება“.

საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ კი, თავის მხრივ, მედიასთან აღნიშნა, რომ ბრალდებულების, ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის, გათავისუფლება არ უკავშირდება არასაკმარის მტკიცებულებებს. მისი განმარტებით, საქმის სასამართლო განხილვები ცხრათვიან ვადაში ვერ დასრულდა, საქმის მოცულობიდან და მტკიცებულებების სიმრავლიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG