Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის სტიგმა


მე-20 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბებული სტიგმა პანკისის ხეობამ ვერც 21-ე საუკუნეში მოიშორა. ეს სტიგმა ჩეჩნეთის ომების კვალდაკვალ, ე.წ. ბოევიკებისა და ათასი ჯურის დამნაშავის ეპოქაში დიდწილად რუსეთის პოლიტიკის ზემოქმედებით გაჩნდა და პანკისის ხეობა, უარყოფით კონტექსტში, ერთგვარ საერთაშორისო „ბრენდად“ იქცა. ეს სტიგმა პერიოდულად ახალ ძალებს იკრებს, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" საქმიანობის კონტექსტში, კონკრეტული ფაქტების გახმაურებით, თუმცა ამ ფაქტებს ხშირად მრავალი უპასუხო შეკითხვა უკავშირდება. პანკისში უდანაშაულო მსხვერპლად მიიჩნევენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად სპეცრაზმელის მიერ ნასროლ ტყვიას შეეწირა. ხეობა ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას ითხოვს. რეალურ ცხოვრებაში სტიგმა ხელს უშლის პანკისის ხეობის განვითარებას, რადგან პანკისისკენ არც ბიზნესი იწევს და ტურისტებიც ერიდებიან ამ მარშრუტს. ადათ-წესებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობისა და ზოგჯერ მწვავე დისკუსიების მიუხედავად, ტრადიციული ისლამისა და ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლები ერთ პოზიციაზე დგანან ხეობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ფუნდამენტური ისლამის სალაფიტური თემი, რომლის წარმომადგენლებსაც ხშირად „ვაჰაბიტებადაც“ მოიხსენიებენ, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ხეობის მუსლიმი მოსახლეობის 30-35%-ს შეადგენს, თუმცა სახელდება ასევე 75-80 %-იც. სალაფიტურ თემს ძირითადად ახალგაზრდები წარმოადგენენ და რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ თემის რადიკალური ნაწილის წიაღში შეიმჩნეოდა სირიაში წამსვლელთა რეკრუტირება. სალაფიტები თავს ბევრად უფრო იზოლირებულად გრძნობენ სახელმწიფოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობა (განურჩევლად რელიგიური ხედვისა) მეტ კონტაქტსა და მეტ ჩართულობას მეტი უსაფრთხოების წინაპირობად განიხილავს. რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს ამ პატარა ხეობაში, რომელიც კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება და რომლის მოსახლეობა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სულ 6-7 ათას კაცს შეადგენს, აქაურების თქმით, სახელმწიფოს მეტის გაკეთება და თანამიმდევრული კონცეფციის შემუშავება მოეთხოვება. როგორ უყურებენ თავად პანკისელები უსაფრთხოების საკითხებს და შეიმჩნევა თუ არა ძველებურად ხეობაში აგრესიული ჯიჰადიზმის მომხრე გარკვეული რადიკალური ძალების აქტივობა? როგორ უყურებენ პანკისელები ერაყსა და სირიაში მიმდინარე ბრძოლებში ჩართვის საკითხს და თვლიან თუ არა სახიფათოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მოკავშირეების დაბრუნებას ხეობაში? როგორ გამოიყურება სახელმწიფოს ვალდებულებები პანკისელების თვალით და რატომ არ არის მათთვის მისაღები გამკაცრებული კანონმდებლობა, მაგალითად, უცხო ქვეყნის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში საქმიანობის ანდა რაიმე სახით მისი მოკავშირეობის შესახებ? პანკისელები დაიღალნენ თავის მართლებით, რომ ტერორისტები არ არიან. მათ მშვიდი, სტაბილური ცხოვრება უნდათ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG