Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს გადაწყვეტილება არ ასახავს რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას


უკრაინასა და მის უახლოეს ევროპელ მოკავშირეებს გამანადგურებელი მარცხის განცდა ჰქონდათ, როცა 25 ივნისს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის დელეგაცია დაუბრუნდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

მრავალი მიმომხილველის აზრით, ეს სამარცხვინო გარიგებაა. მაშინ, როცა მოსკოვს არავითარი პირობა რა დაუდვია, საპარლამენტო ასამბლეის წესები ნაჩქარევი ანგარიშის მეშვეობით შეიცვალა მის სასარგებლოდ. ისე, რომ რუსებს ახალი გენერალური მდივნის არჩევნებისთვის მოესწროთ დაბრუნება და ამავე დროს თავი აერიდებინათ სანქციებისთვის, რომელთა დაწესება მომავალში წარმოუდგენლად რთული იქნება საპარლამენტო ასამბლეის განახლებული კანონების მიხედვით.

გაისმის შეშფოთება, რომ ამან შესაძლოა დომინოს ეფექტი იქონიოს რუსეთის მიმართ დასავლეთის სამომავლო სანქციებზე; სოციალურ ქსელებში გაჩნდა ბრალდებები, რომ საქმე გვაქვს ახალ „ფრანგულ-გერმანულ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან“, რომელიც კიევისთვის ზურგში დანის ჩაცემას უდრის, ისევე, როგორც ეს ჩეხოსლოვაკიის მიმართ მოხდა 1938 წელს „მიუნხენის ხელშეკრულებით“. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს უფრო ფართო სურათი - რუსეთისთვის ესაა პიროსის გამარჯვება, რომელიც ბევრს არ მეტყველებს იმაზე, თუ რეალურად რა დამოკიდებულება აქვთ ევროპის უმეტეს ქვეყნებს მოსკოვის მიართ. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ბევრს მეტყველებს თავად საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ამ ნაბიჯით იმაზე უფრო არარელევანტურ როლში იყენებს თავს, ვიდრე ის უკვე არის.

მხოლოდ გასულ კვირაში ევროკავშირის ლიდერებმა განაახლეს რუსეთის მიმართ სანქციები ბრიუსელში გამართულ სამიტზე. როგორც საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა მითხრეს, გადაწყვეტილება რეკორდულად სწრაფ ტემპში იქნა მიღებული. სიტყვით არ გამოსულა იტალიაც კი, რომელიც ასეთ შემთხვევებში სანქციებზე უკმაყოფილებას გამოხატავს ხოლმე. იმავე კვირაში ევროკავშირის ელჩებმა ერთი წლით გააგრძელეს ყირიმში ინვესტიციის აკრძალვა. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ბრიუსელმა უფრო მეტი რუსი შეიყვანა იმ პირების სიაში, რომლებისთვისაც იკრძალება ვიზის გაცემა და რომელთა ქონება იყინება - მათ შორის არიან სოლსბერის თავდასხმისა და ქერჩის ინციდენტის მონაწილეები - ვიდრე გამოიყვანა. ბოლო ხანებში ევროპის კომისია უფრო ღიად ლაპარაკობს ევროპულ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე. ძნელია არაა იმის თქმა, რომ ევროკავშირის მოქმედებები არასაკმარისი და დაგვიანებულია, მაგრამ ტენდენცია აშკარაა: ევროპის კავშირი მოსკოვისადმი დამოკიდებულებას უფრო ამკაცრებს.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, დროა ითქვას მტკივნეული სიმართლე მისი შეზღუდული უნარების შესახებ. დღესდღეობით ის ბევრად არ აღემატება სალაყბოებს, ისეთებს, როგორებიცაა ეუთოსა და ნატოს ასამბლეები. პარლამენტარები იკრიბებიან, ლაპარაკობენ და იღებენ ანგარიშებს. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ანგარიშები არაა იმ ქაღალდზე ბევრად უფრო ღირებული, რომელზეც არის ისინი დაწერილი. მახსოვს ჩემი, როგორც ჟურნალისტის, პირველი შეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან. ეს იყო 2013 წელს, როცა იგი განიხილავდა ე.წ. შტრასერის ანგარიშს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების შესახებ. ანგარიში არ იქნა მიღებული და მას მერე ალიევის რეჟიმი მას იყენებს, როგორც „საბუთს“, რომ სამხრეთ კავკასიის რეპრესიულ ქვეყანაში არავითარი პოლიტიკური პატიმრები არ არიან. ვინც თვალყურს ადევნებდა ასამბლეაში ამ თემაზე დებატებს, მისთვის ცხადი იყო, რომ ბაქოს ცნობილი „ხიზილალის დიპლომატია“ კარგად მუშაობდა.

ამჯერად არ მოიპოვება იმის კონკრეტული საბუთი, რომ საქმეში ერია რუსეთის ფული და საჩუქრები. მაგრამ ასამბლეის ბიუჯეტში დიდი გარღვევა იყო მას მერე, რაც მოსკოვმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბოიკოტის ნიშნად შეწყვიტა თავისი წილი თანხის გადახდა და რასაც, როგორც ჩანს, იგი აწი გადაიხდის.

ანგარიშის სასარგებლოდ ხმის მიმცემმა დეპუტატებმა ჩვეული მოტივებით გაამართლეს არჩევანი: მეტი დიალოგი და მეტი საშუალება, პასუხი მოსთხოვონ რუსეთის დუმის წევრებს ადამიანის უფლებების საკითხებში; იმის აუცილებლობა, რომ რუსეთის რიგითი მოქალაქე არ იყოს მოწყვეტილი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, თუკი რუსეთი გავიდოდა; რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საქმეს უნდა აგვარებდეს ევროკავშირი და არა ევროპის საბჭო. ყველა ეს მიზეზი შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ისინი ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და მისი წევრების შეზღუდულ შესაძლებლობებზე და არასაკმარის ამბიციაზე, პოლიტიკური როლი ითამაშონ კონტინენტის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

უკრაინელი პარლამენტარებისთვის, რომლებიც ცხრა საათის განმავლობაში იბრძოდნენ საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივის ჩასაშლელად, ეს შეიძლება დიდ ნუგეშად არ ჟღერდეს, მაგრამ რაც უფრო მალე დაუთმობენ ისინი საკუთარ ენერგიას სხვა ინსტიტუციებს, მით უკეთესი იქნება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG