Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ოკუპაციის კვირეული ზუგდიდში მარო მაყაშვილის ხსოვნას მიეძღვნა


"გაფითრებული თებერვლის ლანდი“ - ამ ფილმის ჩვენებით გაიხსნა ოკუპაციის კვირეული ზუგდიდში. ფილმი 1921 წლის 19 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის ბიოგრაფიას ასახავს. მის ჩვენებამდე კინოთეატრ „ატრიუმში“ შეკრებილ ახალგაზრდებს ფილმის რეჟისორი გია ჭუბაბრია გაესაუბრა და თავად მიაწოდა მათ ცნობები 19 წლის ასაკში ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაჭრილი გოგონას შესახებ:

„მისი სახელი საერთოდ არსად არ იხსენებოდა, მაგრამ როცა დაასაფლავეს მარო, მთელ საქართველოში იყო გლოვა გამოცხადებული. ცნობილმა მეცნიერმა საშა მაყაშვილმა ასეთი აზრი გამოთქვა: მომავალი მას დაადგამს ოქროს გვირგინს, როგორც ჟანა დარკს. დღეს ჩვენ მოწმე ვართ, რომ ეს ქალი გამოდის წინა პლანზე“.

ასევე მარო მაყაშვილს მიეძღვნა ზუგდიდის არტგალერეაში გამართული გამოფენა, რომლისთვისაც ნამუშევრები ფილმის ნახვის შემდეგ შექმნეს ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. გამოფენას სახელად სიმბოლურად ეწოდა „თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“. ეს სიტყვები ლექსიდანაა, რომელიც პოეტმა კოტე მაყაშვილმა შვილს, მაროს, მიუძღვნა. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, მარო მაყაშვილის სახელზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდებისთვის მისი უკეთ გაცნობის მიზნით, რამდენადაც წლების განმავლობაში მას არავინ ახსენებდა:

„ეს არის ადამიანი, რომლის სახელის ხსენებაც კი არ შეიძლებოდა და მიჩქმალული იყო წლების განმავლობაში. როდესაც გავიგე, რომ მარო მაყაშვილის შესახებ ფილმი იყო გადაღებული, ძალიან მომინდა, რომ ეს ფილმი ზუგდიდის საზოგადოებას ენახა. ასე, ფილმით და ასე, რეჟისორთან უშუალო შეხვედრით უფრო ადვილად დაამახსოვრდებოდათ მათ და უფრო საინტერესო იქნებოდა“, - განაცხადა ხათუნა დარასელიამ, ზუგდიდის მერიაში კულტურის განყოფილების უფროსმა.

ნამუშევრებში ძირითადად დღიურით ხელში გამოსახული მარო მაყაშვილის პორტრეტი ჭარბობდა. წარმოდგენილი იყო ასევე თბილისისა და კახეთის ხედები, რომელსაც მარო მაყაშვილის გმირი ფილმში ათვალიერებს. გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდა მხატვარმა მარიამ ქირიამ მარო მაყაშვილის პორტრეტი წარადგინა გამოფენაზე.19 წლის მეომარი ქალის სახესთან ერთად პორტრეტში მისი დღიურის გარეკანიც არის გამოსახული:

„გადავწყვიტე, რომ ყოფილიყო რაღაც სიძველის გამოხატულება და ისტორიიდან წამოსული. ეს ყვავილები აღნიშნავს ამ ადამიანის სინაზეს, კდემამოსილებას. ეს სისხლი გამოხატავს მის მებრძოლ ხასიათს და ეს წარწერები მისი დღიურიდანაა“.

არტგალერეაში მისული დამთვალიერებლების თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ოკუპაციის კვირეულმა ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი სახე მიიღო. რუსუდან პაჭკორიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მარო მაყაშვილზე მეტი ცნობების მიღებით ახალი თაობა საქართველოს ისტორიას ეცნობა:

„სწავლობენ იმას, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც არ არიან დიდი ასაკის, ძალიან დიდი შრომა გასწიეს. მე აღფრთოვანებული ვარ ამ პორტრეტებით და თბილისის ხედებით“.

ოკუპაციის კვირეული ზუგდიდში 20 თებერვალს გაიხსნა. მიმდინარე კვირაში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოიფინება ოკუპაციის ამსახველი საარქივო ფოტომასალა. აქვე გაიმართება ლექცია „საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია“. კვირეული 27 თებერვალს „არტგალერეაში“დაიხურება მასში მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოებით.

XS
SM
MD
LG