Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოქალაქევში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოების მეორე ეტაპი


ციხე-გოჯის აღდგენითი სამუშაოები
ციხე-გოჯის აღდგენითი სამუშაოები

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრად წოდებული ციხე-გოჯის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის, მათ შორის, გვირაბის, რკინის ხიდის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების, ასევე წყალსაცავის მოწესრიგება და სრული კონსერვაცია. პირველ ეტაპზე, რომელიც 2016 წელს დაიწყო, ტერიტორია გასუფთავდა და დამუშავდა ნაკრძალში არსებული ისტორიული ნაგებობები.

მიმდინარე სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, 2017 წელს დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გარდა, პროექტი, ძველის აღდგენის პარალელურად, ახალი ბილიკების, საჩრდილობლების, სკამების, ასევე მედეას ბაღის მოწყობას მოიცავს. მედეას ბაღის პრინციპი კი, ნიკოლზ ანთიძის სიტყვებით, არის ბალახების, მცენარების გამოყენება მედიცინაში.

მუზეუმში არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ექსპონატები, რომელიც ახალ მუზეუმში განთავსდება და მიეცემა თავისი დატვირთვა...
ნინო ჯოლია

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული ქალაქი ამიერკავკასიაში, რომელიც 30 ჰექტარზეა გადაჭიმული. კომპლექსის ზედა ნაწილი ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის მიუწვდომელია, ამიტომ იგეგმება მისი კონსერავაცია, შემდგომ კი ბილიკების მოწყობა“, - აღნიშნა მან.

პროექტის ფარგლებში ხდება კომპლექსში დაცული 40-მოწამეთა სახელობის ეკლესიის აღდგენაც. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტი უნდა გახდეს მის სიახლოვეს მდებარე ეგრისის მეფეთა მეორე სასახლეც.

„შარშან დაიწყო 40 მოწამეთა სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია და დასრულდა ფასადების საკონვერსაციო სამუშაოები. წელს უკვე გაგრძელდება სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დასრულდება წლის ბოლომდე. ასევე აქ არის ეგრისის მეფეთა მეორე სასახლე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტი უნდა გახდეს სამომავლოდ. საკონვერსაციო სამუშაოები ჩატარდება სამომავლოდ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი - შემდეგ“, - ამბობს პროექტის მენეჯერი გიორგი ტრაპაიძე.

ციხე-გოჯის აღდგენითი სამუშაოები
ციხე-გოჯის აღდგენითი სამუშაოები

პროექტის ბოლო ეტაპზეა დაგეგმილი ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმის სრული განახლება. დირექტორის, ნინო ჯოლიას, განცხადებით, იგეგმება სრულიად ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა. მუზეუმში უნდა განთავსდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოემსახურება.

„აქ იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მუზეუმის აშენება, სადაც განთავსდება ნოქალაქევში აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით მეთერთმეტე საუკუნის და ახალი წელთაღრიცხვით მეთვრამეტე საუკუნის ჩათვლით ექსპონატები. მუზეუმში არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ექსპონატები, რომელიც ახალ მუზეუმში განთავსდება და მიეცემა თავისი დატვირთვა“, - ამბობს ნინო ჯოლია.

ეგრისის სამეფოს დედაქალაქის, ციხე-გოჯის, აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით. სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეკონსტრუქციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

XS
SM
MD
LG