Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, პირველ რიგში, მიიღეს გადაწყვეტილება, შემსუბუქდეს ირანის სანქციები. ასევე შეთანხმდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჯარის გაგზავნისა და სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე კონფერენციის გამო. ევროპის კავშირის საბჭოს ეს შეხვედრა, რიგით 3288-ე, ისტორიულადაც კი შეიძლება შეფასდეს, რადგან მისი მსვლელობის დროს გადაწყვიტეს მინისტრებმა ირანისთვის დაწესებული სანქციების ნაწილის ექვსი თვით შეჩერება. გავრცელდა ცნობა, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დასტურით, რომ ირანმა დაიწყო ნოემბრის შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - ურანის 20 პროცენტით გამდიდრების შეწყვეტა და სხვა. ევროპის კავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა, რომელიც შეხვედრას თავმჯდომარეობდა, კმაყოფილება გამოხატა, რომ ირანმა, შეთანხმების შესაბამისად, თავის ბირთვულ სფეროში სათანადო ზომები გაატარა და თქვა, მივიღეთ დადგენილება, რომელიც ექვსი თვით სანქციების შეჩერებას გულისხმობსო. სანქციების შეჩერება ძალაში შევა დღესო, თქვა ეშტონმა და იქვე იმედი გამოხატა, ირანთან მისი ბირთვული სფეროს გარშემო საბოლოო შეთანხმება მიიღწევაო. ორშაბათის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის და, მასთან ერთად, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ნაწილი გაუქმდება - კვლავ დაიშვება ირანის ნავთობპროდუქტების ექსპორტი და ტრანსპორტირება. ამ პროდუქტით ვაჭრობის აკრძალვის გამო, ირანს მოუწია თავისი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტის გატანა ნახევრად შეემცირებინა, რაც ეკონომიკისთვის დიდი ზარალი იყო. ამასთან ერთად, თეირანს კვლავ დართეს ნება ივაჭროს ოქროთი და სხვა კეთილშობილი ლითონებით. ამას დაერთვის ირანის გაყინული აქტივების კვლავ განთავისუფლება, თუმცა - მხოლოდ ნაწილისა. ისლამური რესპუბლიკა ხუთ მილიარდ ევროს მიიღებს თანდათანობით. უცხოეთში არსებული კაპიტალი, დაახლოებით 70 მილიარდი ევროს ტოლფასი, კვლავ გაყინულია. ბრიუსელში, ორშაბათის შეხვედრაზე, შეეხნენ წმინდა ევროპულ თემებსაც, როგორიცაა იგივე უკრაინის საკითხი. ამ ქვეყანაში - მას მერე, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან პარაფირებული შეთანხმების ხელმოწერაზე - საპროტესტო გამოსვლებია, რომლებმაც გასულ შაბათ-კვირას მწვერვალს მიაღწია, მას შეემდეგ, რაც უკრაინის პარლამენტმა დემონსტრაციების შესახებ ახალი ანტიდემოკრატიული კანონი მიიღო. ბრიუსელში კეტრინ ეშტონი ასე გამოეხმაურა ამ კანონს:

განვაგრძობთ უკრაინის მთავრობისადმი მოწოდებას, იფიქროს: მან ვალდებულებები არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ უკრაინელი ხალხის მიმართაც იკისრა...
კეტრინ ეშტონი
„ძალიან შეშფოთებული ვართ უკრაინის პარლამენტის მიერ გასულ კვირაში მიღებული კანონის გამო. ის უკრაინის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებს, უზრუნველყონ ამ კანონმდებლობის შესწორება ისე, რომ უკრაინის საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს შეესაბამებოდეს. ასევე გვაშფოთებს შაბათ-კვირის მოვლენები. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მხარემ ისურვოს შინაარსიანი დიალოგი, რათა ამ პოლიტიკური კრიზისის დემოკრატიულად მოგვარება მოხერხდეს“.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი თვლის, რომ კიევს ვალდებულება მხოლოდ ბრიუსელის მიმართ არ უკისრია:

„აშშ ამბობდა, თუ როგორ შეუძლია უკრაინაში ხალხის მდგომარეობას ხელი შეუწყოს. ევროპის კავშირის თაობაზე მინდა ვთქვა (ამის შესახებ იცით თქვენ უკრაინაში ჩემი და გაფართოების ევროკომისრის შტეფან ფიულეს ვიზიტებიდან), რომ განვაგრძობთ უკრაინის მთავრობისადმი მოწოდებას, იფიქროს: მან ვალდებულებები არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ უკრაინელი ხალხის მიმართაც იკისრა“.

კეტრინ ეშტონის აზრს იზიარებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოლგერ ნილსენი, რომელმაც იმედი გამოთქვა:

დარწმუნებული ვარ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის თემა ევროკავშირის და რუსეთის სამიტზე წინ წამოიწევს. ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ ევროკავშირის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრების უმეტესობის თვალსაზრისით, რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვსურს...
რადეკ შიკორსკი
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაგზავნიან სიგნალს, რომ რაც უკრაინაში ხდება, მიუღებელია და პრობლემების მოგვარების ცივილიზებული გზები გამოინახება. ამ კანონებით, რომლებიც დემოკრატიას კვეცენ, საქმეს ვერ უშველი. მაგრამ, ამავე დროს, უკრაინისთვის კარი ღია უნდა დავტოვოთ და უკრაინელებს ვუთხრათ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, თუ მათ შემოსვლა სურთ“.

რუსეთ-ევროკავშირის სამიტი ახლოვდება. ის 28 იანვრისთვისაა დაგეგმილი. მინისტრებმა სადილზე, ბრიუსელში, მოსკოვის გარშემო ისაუბრეს. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რადეკ შიკორსკი ასე ხედავს პრობლემას:

„დარწმუნებული ვარ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის თემა ევროკავშირის და რუსეთის სამიტზე წინ წამოიწევს. ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ ევროკავშირის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრების უმეტესობის თვალსაზრისით, რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვსურს, მაგრამ არა ჩვენი საერთო მეგობრების და, საერთოდ, ევროპული ინტერესების ხარჯზე“.

ბრიუსელის შეხვედრაზე იმსჯელეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიის გაგზავნის შესახებაც. რამდენიმე ასეული სამხედროსგან შემდგარი ქვედანაყოფი უნდა შეეცადოს ქვეყანაში ვათარების დამშვიდებას. ევროკავშირის ჯარი დედაქალაქ ბანგუის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობას შექმნის, განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ერთი უნდა აღინიშნოს: გერმანია ამ ოპერაციაში სამხედრო ძალით არ ჩაერთვება, ის სატრანსპორტო თვითმფრინავებით მიიღებს მასში მონაწილეობას.

სირიის თემა იყო ასევე მნიშნელოვანი საკითხი, რაზეც ბრიუსელში იმსჯელეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შეხვედრის პარალელურად, ვნებათაღელვა ახლდა ჟენევის კონფერენციაში ოპოზიციისა და სირიის ხელისუფლების მომხრე ქვეყნების - საუდის არაბეთისა თუ ირანის -მონაწილეობის საკითხს. თავიდან გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ირანი ჟენევის შეხვედრაზე მიიწვია. მოგვიანებით - მას მერე, რაც აშშ-ის და სირიის ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება, კონფერენციის ბოიკოტირების მუქარაც კი - ბან კი მუნი იძულებული შეიქნა უარეყო თავისი თავდაპირველი მიწვევა. საქმე ისაა, რომ ირანი არ არის მომხრე სირიის მმართველის, ბაშარ ალ ასადის, გადაყენების და გარდამავალი მთავრობის შექმნისა, რაც სხვა მონაწილეებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რათა სირიის კონფლიქტი მოგვარდეს. ევროკავშირის მინისტრების აზრით, ჟენევის კონფერენცია პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პროცესში, რომელიც კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებასთან მიგვიყვანს. მინისტრები ფიქრობენ, რომ კონფლიქტის მოგვარება მაშინ იქნება წმინდა პოლიტიკური გარდაქმნა, თუ ის დაეფუძნება შარშანდელი ივნისის ჟენევის კომუნიკეს, სირიის სუვერენიტეტს, დამოუკიდებელობას და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ბრიუსელში 20 იანვარს გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უფრო დაწვრილებით შეეხნენ ავღანეთის და ასევე სამხრეთ სუდანის საკითხს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG