Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიისა და კოსოვოს შეთანხმება - „მაგალითი“ საქართველოსთვის?


კოსოვოს დროშა
კოსოვოს დროშა
19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით და ზეწოლით, სერბიამ და მისმა ყოფილმა ოლქმა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებულმა კოსოვომ, ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმებას საქართველოს პრემიერმა საქართველოსთვის „მაგალითი“ უწოდა. ბრიუსელში 21 მაისს, საღამოს, დაიწყო შეხვედრა, რომელიც ამ შეთანხმების განხორციელების გეგმის დამტკიცებას ისახავდა მიზნად.

დასავლეთი ამ დოკუმენტს მიესალმა, ისტორიულიც უწოდა, მაგრამ ბელგრადსაც და პრიშტინასაც წაყენებული აქვთ პირობა, რომ ბრიუსელი საპასუხო ნაბიჯებს მხოლოდ მისი რეალიზების შემთხვევაში გადადგამს. სამშაბათს ევროკავშირში განახლდა მოლაპარაკება სერბიის პრემიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩსა და კოსოვოელ კოლეგა ჰაშიმ ტაჩისა, ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერ კეტრინ ეშტონს შორის. როგორც შეთანხმების გაფორმების, მერე კი უკვე პარლამენტების მიერ დამტკიცების შემდეგაც არაერთხელ ითქვა, ახლა მთავარია ამ დოკუმენტით მიღწეული შეთანხმების განხორციელება. უამისოდ ევროკავშირი არ დაიწყებს საპასუხო დაპირებების შესრულებას და არ გამართავს მოლაპარაკებას სერბიასთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ხოლო კოსოვოსთან სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გარშემო. 2008 წლის შემდეგ, როცა კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა, ბელგრადი ქედს არ იხრიდა და დღემდე აცხადებს, რომ არ აპირებს აღიაროს თავისი ოლქის დამოუკიდებლობა. ეს შეთანხმება გულისხმობს შემდეგს: კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბიულ უმრავლესობას უფლება მიეცემა პოლიცია თვითონ დააკომპლექტოს, ანუ პოლიცია სერბიული იქნება, თუმცა მათ უნდა აღიარონ კოსოვოს ამ არეალში ცენტრალური ხელისუფლების, პრიშტინის, ალბანური მთავრობის უფლებამოსილება. ამას უნდა ახლდეს კოსოვოს ჩრდილოეთიდან საკუთრივ სერბიის უწყებების გაყვანა. ამ შეთანხმების ერთი პუნქტი ეხება ევროპის კავშირისკენ მხარეების სწრაფვის პროცესში ერთმანეთისთვის ხელის არშეშლასაც. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის იოლი განსახორციელებელი. შეთანხმების განხორციელების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა ორშაბათს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის - გერმანიის - საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე, რომელიც გასულ შაბათ-კვირას რეგიონში ჩავიდა და ორივე მხარესთან ჰქონდა მოლაპარაკება ბრიუსელის შეხვედრის წინ:

არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სერბიას დაუმტკიცონ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების ვადა - არა იმიტომ, რომ ვინმეს ევროკავშირში ყოფნა სურს, არამედ იმის გამო, რომ ეს აუცილებელია...
ივიცა დაჩიჩი
„სერბიასა და კოსოვოს შორის 19 აპრილის შეთანხმებას მართლაც შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული. ახლა, ჩვენი აზრით, არსებითია დამტკიცდეს შეთანხმების განხორციელების გეგმა და გადაიდგას ამ გეგმის გატარების პირველი ხელმოსაჭიდი ნაბიჯები“.

თვითონ სერბიაში ნაციონალისტურად განწყობილი ძალები შეთანხმებას არ მიესალმებიან - მიაჩნიათ, რომ ის კოსოვოს ოლქის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია. ასე ფიქრობს, სხვათა შორის, სერბიის ეკლესიაც. მართლმადიდებელთა მამამთავარმა ამ ქვეყანაში ირინეოსმა განაცხადა, „ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს სულიერი და ისტორიული თვალსაზრისით ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, რწმენაზე სრული უარის თქმასო“.

სამშაბათს ბრიუსელში დაწყებული მოლაპარაკების მიზანია ტექნიკურმა ჯგუფებმა, რომლებმაც უნდა შეაჯერონ შეთანხმების განხორციელების გეგმა, ვადები და რაობა, სწრაფი თანამშრომლობა მოახერხონ. მათ სიბეჯითეზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა ევროკავშირი სერბიისა და კოსოვოს ბრიუსელთან დაახლოების დაწყების თარიღს 27-28 ივნისს, როცა ევროკავშირის სამიტი გაიმართება. სერბიის პრემიერმა ივიცა დაჩიჩმა გერმანელი სტუმრის გასაგონად შემდეგი თქვა:

„არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სერბიას დაუმტკიცონ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების ვადა - არა იმიტომ, რომ ვინმეს ევროკავშირში ყოფნა სურს, არამედ იმის გამო, რომ ეს აუცილებელია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო ათწლეულებში მთელი რეგიონის საერთო განვითარებას ჩამორჩა“.

როგორც ზემოთაც ითქვა, სერბია-კოსოვოს შეთანხმება - მართალია, ჯერ განუხორციელებელი - არ დარჩენილა საქართველოს, როგორც სეპარატისტული რეგიონების პატრონის, მთავრობის ყურადღების მიღმა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მას „მაგალითი“ უწოდა საქართველოსთვის, როცა „ევრონიუსის“ კორესპონდენტმა ჰკითხა, იქნებ სერბიასა და კოსოვოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმების მაგალითს შეუძლია საქართველოს შთააგონოს როგორ მოახერხოს ურთიერთობის მოგვარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთანო. ივანიშვილმა უპასუხა, ძალიან კარგი შეკითხვაა - ესეც იმედს გვაძლევს, რომ მსოფლიო იცვლება, ხალხები, რომლებიც ადრე ვერ პოულობდნენ საერთო ენას, დღეს მაინც აღწევენ კომპრომისსო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მაგალითია, თქვა პრემიერ-მინისტრმა, და ესეც გვიმძაფრებს იმედს და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან, ოსებთან და აფხაზებთან, ასევე უნდა დავალაგოთ ურთიერთობა უდიდეს მეზობელთან, რუსეთთანო. საქართველოს პრემიერის ამ პასუხს მოჰყვა გამოხმაურება, კრიტიკულიც, - ოპოზიციის რიგებში. როცა პრემიერის კრიტიკა გაისმა, მისმა საგანგებო წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ივანიშვილის ნათქვამი განმარტა და თქვა, ივანიშვილის ეს პასუხი გამოხატავს სწრაფვას, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით და ის არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასო. კოსოვოს მოდელი კი, აბაშიძის თქმით, შეიძლება იყოს აქტუალური საქართველოს ამ რეგიონებთან მიმართებით.
ბრიუსელში ამ ეტაპზე მოლაპარაკება კეტრინ ეშტონსა და ჯერ სერბიის პრემიერსა, შემდეგ კი კოსოვოს პრემიერს შორის, ცალ-ცალკე, გრძელდება, რათა მიღწეული შეთანხმების განხორციელების გეგმა მაინც იქნეს შეჯერებული.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG