Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიული დღე ცხოველთა დამცველებისთვის


ცხოველთა დამცველები ზეიმობენ. ორშაბათს შემოღებული აკრძალვის შედეგად, ევროპის მასშტაბით ბაზარზე არსებული არც ერთი ახალი კოსმეტიკური პროდუქტი არ შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტს, რომელიც ცხოველებზე იქნა გამოცდილი.

ახლა ევროკავშირი შეეცდება ამგვარი აკრძალვის შემოღებაზე ისეთი ქვეყნებიც დაიყოლიოს, როგორიცაა აშშ და ჩინეთი.

ასეთი აკრძალვის დაწესება ევროპაში ჯერ კიდევ ათი წლის წინ გადაწყვიტეს, თუმცა აკრძალვის უშუალო ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, რათა ევროპაში კოსმეტიკის მრეწველობას, რომელიც 70 მილიარდი ევროს მოცულობისაა, დრო მისცემოდა ცდების ალტერნატიული მეთოდების გასავითარებლად.

ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან მებრძოლი ორგანიზაციები და აქტივისტები ევროკავშირის ნაბიჯს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევენ. ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა „ადამიანები ცხოველთა მიმართ ეთიკური მოპყრობისთვის“, მოკლე სახელით - PETA. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ამ ორგანიზაციის ბრიტანული წარმომადგენლობის ასოცირებულ დირექტორს, მიმი ბეკშის, რომელმაც ასე აგვიხსნა ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობა:

„მთელი ევროპის მასშტაბით ეს კამპანია უკვე წლებია მიმდინარეობს. ხალხი 30 წლის განმავლობაში ცდილობდა მიეღწია ამ აკრძალვის შემოღებისათვის და ევროკავშირმა, როგორც იქნა, 11 მარტს სწორი ნაბიჯი გადადგა და შემოიღო აკრძალვა არა მხოლოდ კოსმეტიკურ საშუალებათა ინგრედიენტების ცხოველებზე გამოცდაზე, არამედ იმ კოსმეტიკური პროდუქციის გაყიდვაზეც, რომელიც მსოფლიოს რომელიმე კუთხეში გამოსცადეს ცხოველებზე. ყველამ იცის, რომ ცხოველები არ უნდა იტანჯებოდნენ და მათ სიცოცხლეს არ უნდა ართმევდნენ იმისათვის, რომ შექმნან გასაპრანჭი საქონელი, რასაც კოსმეტიკა რეალურად წარმოადგენს. ეს ძალიან საამაყო მოვლენაა ევროპისთვის. და ჩვენ ველით, რომ მას დანარჩენი მსოფლიოც მიბაძავს“.
კოსმეტიკური პროდუქციის გამოცდა კურდღლებზე (ბრაიან განის ფოტო, IAAPEA)
კოსმეტიკური პროდუქციის გამოცდა კურდღლებზე (ბრაიან განის ფოტო, IAAPEA)

PETA-ს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში ის ცდებიც აღწერა, რომელსაც კოსმეტიკური საშუალებების შესამუშავებლად ცხოველებზე ატარებენ:
„ეს ცდები მოიცავს ცხოველების თვალებში კოსმეტიკური საშუალებების ჩაწვეთებას, რომ გამოჩნდეს ამას რა ეფექტი აქვს; ცხოველების მოწამვლას - საწამლავის ინექციით შეყვანას ან მათ იძულებას საწამლავი გადაყლაპონ; კოსმეტიკური საშუალებების მათ კანზე შეზელას, რათა გამოჩნდეს, იწვევს თუ არა გაღიზიანებას. ექსპერიმენტების ბოლოს, ცხოველებს, როცა მათ წარმოუდგენელი ტკივილი და ტანჯვა აქვთ გავლილი და ისინი აღარავის სჭირდება, უბრალოდ, ხოცავენ“.

ევროპაში 2004 წლიდან აკრძალულია ცხოველებზე უკვე დასრულებული კოსმეტიკური პროდუქციის გამოცდა - იქნება ეს სუნამო, კბილის პასტა თუ შამპუნი. თუმცა ამ დრომდე ევროკავშირი არ კრძალავდა ისეთი პროდუქციის გაყიდვას, რომელთა შემადგენელი ინგრედიენტები სხვა ქვეყნებში - მაგალითად აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიასა ან რუსეთში - გამოსცადეს ცხოველებზე.

ზოგიერთ ქვეყანაში - მაგალითად, ჩინეთში - ცხოველებზე ცდების ჩატარება სავალდებულოა გარკვეული კოსმეტიკური ინგრედიენტის ან პროდუქტის გამოსაცდელად.

როგორც ჩანს, პოლიტიკა და დამოკიდებულება ნელ-ნელა მართლა იცვლება. მიმდინარე წლის დასაწყისში ისრაელმა შემოიღო ევროკავშირის მსგავსი აკრძალვა ცხოველებზე გამოცდილ კოსმეტიკურ პროდუქციაზე. აქტივისტების თქმით, ახლა შესაძლოა ეს მაგალითი ინდოეთმა და სამხრეთმა კორეამაც გადაიღონ.

ამ ცვლილებებს დიდი სიხარულით ხვდებიან ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამისათვის უკვე წლებია იბრძვიან, კამპანიების ჩატარების თუ ლობირების გზით.
ცხოველებზე ცდების ჩატარება არა მხოლოდ ამორალური რამაა, არამედ ცუდ მეცნიერებასაც წარმოადგენს. კურდღლები და თაგვები არ არიან პატარა ბეწვიანი ადამიანები...
მიმი ბეკში

ცხოველთა დამცველების ენთუზიაზმს იზიარებს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოც - ევროკომისია, რომელიც სამომხმარებლო პოლიტიკასაც განაგებს. კომისიის აზრით, ეს აკრძალვა შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის ბევრი მოქალაქის შეხედულებასთან, რომ ახალი კოსმეტიკური საშუალებების შექმნა არ ამართლებს ცხოველებზე სასტიკი ცდების ჩატარებას.

თუმცა, როგორც, ალბათ, მოსალოდნელი იყო, აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის კოსმეტიკის მრეწველობის სავაჭრო ორგანო, რომლის წევრებს შორის ისეთი კორპორაციული გიგანტები არიან, როგორიცაა L’Oreal-ი და Johnson & Johnson-ი. ეს აკრძალვა ინოვაციას დაამუხრუჭებს და ახალი პროდუქციის განვითარებას შეუშლის ხელსო, დაიჩივლა ამ ორგანომ.

აკრძალვის მომხრეები ამ პრეტენზიის პასუხად აცხადებენ, რომ ბაზარზე უკვე ათასობით ინგრედიენტია, რომელთა უსაფრთხოებაც დადასტურებულია და ახალი პროდუქციის შესაქმნელად სასტიკი ცდების ჩატარება ნამდვილად აღარ არის საჭირო. ამასთან, ბევრი საკუთრივ ადამიანისთვის გამიზნული პროდუქციის ცხოველებზე გამოცდის იდეას აყენებს ეჭვქვეშ: ცხოველი ადამიანისგან განსხვავდება და, შესაბამისად, ამგვარი ცდები არ შეიძლება ზუსტი იყოსო.

PETA უკვე დიდი ხანია ამ პოზიციაზე დგას - თან არა მხოლოდ კოსმეტიკური ან სამომხმარებლო საშუალებების, არამედ სამედიცინო მიზნებით ჩატარებულ ცდებთან მიმართებითაც. მიმი ბეკშის თქმით, სამედიცინო პრეპარატების ცხოველებზე გამოცდის მონაცემები 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში არ ემთხვევა ადამიანზე მიღებულ შედეგს:

„ცხოველებზე ცდების ჩატარება არა მხოლოდ ამორალური რამაა, არამედ ცუდ მეცნიერებასაც წარმოადგენს. კურდღლები და თაგვები არ არიან პატარა ბეწვიანი ადამიანები. ამ ცდებს 1920-იანი წლებიდან ვატარებთ და უკვე დროა წინ წავიდეთ. მეცნიერების განკარგულებაში უამრავი ახალი და საინტერესო გზაა, რომელიც ცხოველებს არ მოიცავს. ამ ლაბორატორიებში ცხოველები საშინლად იტანჯებიან. ყველაფერი, რაც ბუნებრივია, მათ წართმეული აქვთ - ვერც დაწყვილებას ახერხებენ, ვერც საკვების მოპოვებას. საუბარია ძირითად, ბუნებრივ ინსტინქტებზე, რომლებსაც ისინი ვერასოდეს მისდევენ. სიცოცხლის ყოველ წამს ისინი საშინელ შიშში ატარებენ. არის შემთხვევები, როცა ცხოველი შიშის გამო შარდვას იწყებს უკვე იმ მომენტში, როცა მას მეცნიერი უახლოვდება, სანამ საერთოდ დაწყებულა რაიმე სახის ცდა. ეს საზარელი სანახაობაა. ადამიანებს რომ შეეძლოთ იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ ლაბორატორიებში, თავზარი დაეცემოდათ. ბევრი ცდა ძაღლზეც ტარდება - ადამიანის ყველაზე კარგ მეგობარზე“.
თაგვი ლაბორატორიაში
თაგვი ლაბორატორიაში

მიმი ბეკშის აზრით, თანამედროვე მეცნიერების განკარგულებაში უკვე ბევრი საშუალებაა საიმისოდ, რომ ცხოველებზე ცდების ჩატარების სასტიკი პრაქტიკა თუ არ შეწყდება, მნიშვნელოვნად შემცირდეს მაინც:

„ალტერნატიული გზები მუდმივად იქმნება. ეს მეცნიერების ის სფეროა, რომელიც მართლა სწრაფად ვითარდება. შესაძლოა ჯერჯერობით ყველა ცდის ალტერნატივა არ არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნება სწორედ ამ ალტერნატიული გზების ძიებაში განახორციელოს ინვესტიციები - გზებისა, რომლებიც ცხოველების გამოყენებას არ ითვალისწინებს, რომლებიც უფრო დახვეწილი და ზუსტია - მაგალითად, კომპიუტერული, მათემატიკური მეთოდები, ან ადამიანის ქსოვილის თუ უჯრედოვანი კულტურების შესწავლა, ან, სულაც, უფრო მეტად ფოკუსირებული კლინიკური თუ ეპოდემიოლოგიური კვლევები. სწორედ ამ სფეროებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია - გზებზე, რომლებიც ცხოველებს არ იყენებს და რომლებიც ბევრად უფრო თანამედროვე და ეფექტიანია, ვიდრე ეს მოძველებული და დრომოჭმული მეთოდები“.

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის მიერ ამ კვირაში გადადგმული ისტორიული ნაბიჯი - ცხოველებზე გამოცდილი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვის აკრძალვა - ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს.

PETA თვლის, რომ ცხოველები, ადამიანების მსგავსად, განიცდიან ტკივილს და ადამიანს არ აქვს ცხოველების ტანჯვის უგულებელყოფის უფლება, იქნება ეს მათგან საკვების თუ ტანსაცმლის მიღების, მათი გასართობად გამოყენების თუ მათზე ექსპერიმენტების ჩატარების მიზნით. ამდენად, PETA - ისევე, როგორც ამ სფეროში მომუშავე სხვა ბევრი ორგანიზაცია თუ აქტივისტი - ბრძოლას და კამპანიების წარმოებას განაგრძობს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG