Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტ კლაუსს ქვეყნის ღალატს აბრალებენ


ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ ორშაბათს დრამატული ნაბიჯი გადადგა - პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი და მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ კლაუსს პრეზიდენტობის ვადა ხუთშაბათს ეწურება, პარლამენტის ეს ნაბიჯი დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობისაა, თუმცა, ანალიტიკოსების - მათ შორის, სააგენტო „როიტერსის“ მიმომხილველის - აზრით, კარგად აჩვენებს იმ სიბრაზეს და ანტაგონიზმს, რომელსაც ევროსკეპტიკოსი კლაუსი თავის მემარცხენე ოპონენტებში იწვევდა.

სენატმა, სადაც დომინანტურ ძალას მემარცხენეები წარმოადგენენ, მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცეს. კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა კლაუსმა კონსტიტუცია, სხვა ნაბიჯებთან ერთად, 6,000-ზე მეტი პატიმრისთვის ამნისტიის შეფარდებით.

გავრცელებული ცნობებით, სასამართლო კლაუსის საქმეს რამდენიმე კვირაში განიხილავს.

კლაუსმა ჩეხეთის ბევრი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია, როცა ამნისტიის ფარგლებში შეაჩერა რამდენიმე გახმაურებული საქმის სამართლებრივი განვითარება. ეს საქმეები მოიცავდა ბრალდებებს ფინანსური მაქინაციების, გაფლანგვის და ინვესტორების საწინააღმდეგო კორუფციული გარიგებების თაობაზე. არადა, ამგვარი ტიპის დანაშაულები განსაკუთრებით მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს ჩეხეთისთვის, სადაც კორუფცია და ფინანსური მაქინაციები უკვე წლებია პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემებს შორის რჩება.

თავად კლაუსი პარლამენტის ზედა პალატის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს:
ეჭვგარეშეა, რომ საქმე მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგასთან გვაქვს - ინდივიდების ერთი ჯგუფი ცდილობს ჩემი პრეზიდენტობის მემკვიდრეობას ჩრდილი მიაყენოს...
ვაცლავ კლაუსი

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმპიჩმენტის თაობაზე სენატის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება ჩემს სწორ ან არასწორ ქმედებებს. ჩემი ეჭვით, - და ეს, ალბათ, ამ ისტორიის ყველაზე სევდიანი მხარეა, - ეს თავად სენატორებმაც კარგად იციან“.

ჩემს ოპონენტებს მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთო, განაცხადა კლაუსმა სამშაბათს:

„ეჭვგარეშეა, რომ საქმე მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგასთან გვაქვს - ინდივიდების ერთი ჯგუფი ცდილობს ჩემი პრეზიდენტობის მემკვიდრეობას ჩრდილი მიაყენოს. ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი ვითარების ნათლად წარმოსაჩენად“.

პარლამენტის ზედა პალატამ პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება ორშაბათს, დახურულ სხდომაზე, 38 ხმით 30-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა.

სენატის ლიდერმა, სოციალ-დემოკრატმა მილან შტეხმა, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჟურნალისტებს შემდეგი განცხადებით მიმართა:

"სიტუაცია ძალიან დემოკრატიულად გადაწყდა და დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს, ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად. არ მიმაჩნია, რომ არასწორია სენატორების მხრიდან თავიანთი უფლებების გამოყენება. პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, როგორც ვიცით, ცოტა არ იყოს წინააღმდეგობრივი ფიგურაა“.

თუკი დანაშაული დაუმტკიცდა, ყველაზე დიდი სასჯელი, რომელიც კლაუსს ელოდება, არის პოსტის, საპრეზიდენტო პენსიისა და მომავალში კანდიდატურის კიდევ ერთხელ დაყენების უფლების დაკარგვა. იმის გათვალისწინებით, რომ კლაუსის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა ხუთშაბათს იწურება, ეს სასჯელი არ გამოიყურება ძალიან მკაცრად.

თუმცა, ამის მიუხედავად, დანაშაულის დამტკიცება მაინც დიდ დარტყმას მიაყენებს კლაუსის - მემარჯვენე ორიენტაციის ეკონომისტის - პოლიტიკურ მემკვიდრეობას.
სენატის ნაბიჯის მთავარი შედეგი ის იქნება, რომ გამორჩეული მნიშვნელობის საკონსტიტუციო ცნება - ღალატი - გაუფასურდება...
ირჟი პრიბანი

კონსტიტუციით განსაზღვრული ღალატის ეს მუხლი წაეყენებათ მხოლოდ პრეზიდენტებს, რომელთა სამართლებრივი დევნაც სხვა ფორმით შეუძლებელია პოსტზე ყოფნისას გადადგმული ნაბიჯების გამო. თანამედროვე ჩეხეთის ისტორიაში ეს მუხლი არასოდეს გამოუყენებიათ.

ამნისტიის გარდა, სენატორები კლაუსს სხვა ბრალდებებსაც უყენებენ - მათ შორის, კონსტიტუციის უგულებელყოფას ევროკავშირის ხელშეკრულებების რატიფიკაციაზე უარის თქმით და მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე ბრძანების გაუცემლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამისკენ მას სასამართლო მიუთითებდა. საერთო ჯამში, პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდება ხუთი პუნქტისგან შედგება.

პოლიტიკის ანალიტიკოსების აზრით, კლაუსის იმიჯისთვის ჩრდილის მიყენება მის ბევრ ოპონენტს მიანიჭებს კმაყოფილების განცდას. თუმცა, სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, კლაუსის ოპონენტებშიც კი არის ხალხი, ვინც თვლის, რომ მისთვის ქვეყნის ღალატში ბრალდების წაყენება ზედმეტად რადიკალურია. ასევე ფიქრობს იურისტების ნაწილიც. „სენატის ნაბიჯის მთავარი შედეგი ის იქნება, რომ გამორჩეული მნიშვნელობის საკონსტიტუციო ცნება - ღალატი - გაუფასურდებაო“, - დაწერა სამართლის პროფესორმა, ირჟი პრიბანმა საგაზეთო სტატიაში.

ვაცლავ კლაუსს საპრეზდიენტო ვადა ხუთშაბათს ეწურება. პარასკევს მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მემარცხენე ორიენტაციის მილოშ ზემანი შეცვლის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG