მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ 9 თვეა დარჩენილი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, უფრო ზუსტად კი ნახევარზე მეტს (56%), არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს. ეს შედეგი აჩვენა NDI-ის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ საზოგადოებრივი აზრის შესახებ, რომელიც ორგანიზაციამ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იკვლია.
პარტიები საზოგადოების შეხედულებებს ვერ ემთხვევიან
გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 20% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია არ დგას ახლოს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა უმეტესობა, 20%, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მხარს დაუჭერდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
დანარჩენმა პარტიებმა ასე გადაინაწილეს ხმები - „ევროპულ საქართველოს“ მომხრე 8%-ია. მას 5%-ით მოსდევს ლეიბორისტული პარტია. 4%-მა განაცხადა, რომ ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“. „გირჩისთვის“ ხმის მიცემის სურვილი 2%-მა გამოთქვა.
ივანიშვილის 16, სააკაშვილის 26
16 იანვარს გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც დადებითი დამოკიდებულება აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. უკანასკნელი გამოკვლევის მიხედვით, მათი რაოდენობა მხოლოდ 16%-ია. აპრილის გამოკვლევაში მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა გამოკითხულთა 21%-ს.
უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, 10%-ით აჭარბებს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დადებითად შემფასებელთა რაოდენობა. მათი რაოდენობა 26%-ია. თუმცა, გასულ კვლევებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 5%-ით არის შემცირებული.
სახელმწიფო ინსტიტუციების ანტირეკორდები
რეკორდულად დაბალი შეფასება დაიმსახურა ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მან მხოლოდ 9% შეადგინა. 57% თვლის, რომ პარლამენტის საქმიანობა „ცუდ“ შეფასებას იმსახურებს.
გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა, 68% თვლის, რომ პარლამენტარები მხოლოდ თავის ინტერესებს იცავენ.
ასევე რეკორდულად დაბალია სასამართლოს დადებითი შეფასებაც. გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა შეაფასა სასამართლოს საქმიანობა „კარგად“. 45%-ისათვის კი სასამართლო ცუდად საქმიანობს.
არც პოლიციის საქმიანობა ჩამორჩება რეკორდებში პარლამენტსა და სასამართლოს. მართალია მოსახლეობის 43% პოლიციის საქმიანობას „კარგად“ აფასებს, თუმცა, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, მისი საქმიანობის დადებითად შეფასების მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია. მაგალითად, 2013 წელს, პოლიციის საქმიანობას მოქალაქეების 62% აფასებდა დადებითად.
მკვეთრადაა დაცემული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის შეფასებაც. თუკი 2015 წელს ეკლესიის რეიტინგი ინსტიტუციების საქმიანობის გამოკითხვებში პირველ ადგილს იკავებდა და მის საქმიანობას გამოკითხულთა 75% აფასებდა დადებითად, უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, დადებითი შეფასება 50%-მდეა დასული.
სახელმწიფო ინსტიტუციებიდან ჯარს ყველაზე პოზიტიური შეფასება. მას დადებითად გამოკითხულთა 52% აფასებს. უარყოფითად კი 10%.
პრეზიდენტის რეკორდულად დაბალი შეფასება
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, პრეზიდენტის საქმიანობის ყველაზე დაბალი შეფასება უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად დაფიქსირდა.
თუკი ივლისის გამოკვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს „კარგად“ გამოკითხულთა 12% აფასებდა, ამჯერად ის დადებითად მხოლოდ 9%-მა შეაფასა. აპრილის გამოკვლევაში პრეზიდენტი გამოკითხულთა 20%-ს მოსწონდა.
ყველაზე რეიტინგული ლიდერი - თბილისის მერი
ეს „წოდება“ NDI-ის უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიიღო. მის საქმიანობას „კარგად“ და „ძალიან კარგად“ ჯამში გამოკითხულთა 44% აფასებს. მას მოსდევს 21%-ით გიორგი გახარია და 13%-ით არჩილ თალაკვაძე.
პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელზეც პარლამენტმა უარი თქვა
როგორ შეაფასებდით გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს? - ამ გადაწყვეტილებას გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 70% უარყოფითად აფასებს.