Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემაჯამებელი აქცია გამართა


მიხეილ სააკაშვილი მიმართავს აქციის მონაწილეებს
მიხეილ სააკაშვილი მიმართავს აქციის მონაწილეებს

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დედაქალაქში შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება გამართა. პარტიის მხარდამჭერები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. აქციამ, სამართალდამცველების მობილიზების პირობებში, მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება 5 ოქტომბერს 17 საათისთვის დაიწყო:

გადმოწერა

„მოგესალმებით, საქართველო, მოგესალმებით ყველას! აი, ასე ლამაზად, ასე მხნედ, ასე რიხიანად, ასე ომახიანად, ასე ემოციურად ვიწყებთ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ სამი დღე დარჩა ჩვენი და საქართველოს გამარჯვებამდე“, მიმართა ვარდების მოედანზე შეკრებილებს დავით ბაქრაძემ.

შეკრება დანიშნულზე ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გვითხრა, ამის მიზეზი იყო ის, რომ ქვეყნის რეგიონებიდან აქციაში მონაწილეობის მიზნით დედაქალაქისაკენ დაძრულმა კოლონებმა გზებზე არსებული შეფერხებების გამო ვერ შეძლეს დროულად მისვლა ვარდების მოედანზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი აქცია
„ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი აქცია

„საქართველოს ყველა რაიონიდან არიან ახლა აქ ადამიანები. შეფერხებები, როგორც მეუბნებიან, იყო ტრასებზე. რითია ეს გამოწვეული, ვერ გეტყვით, შეგნებული იყო თუ არა ეს შეფერხებები. ნამდვილად ვიცი, რომ მეტროს ბლოკირება მოხდა. და ეს კი მე მგონია, რომ შეგნებულად მოხდა იმისათვის, რომ ადამიანები არ მოსულიყვნენ. თუმცა ამ ტიპის შეფერხებებს არასდროს არ შეუჩერებია ხალხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც განზრახული ჰქონდა აქ მოსვლა, მაინც აუცილებლად მოვა ამ მოედანზე“, აღნიშნავს ნუგზარ წიკლაური.

თბილისში ჩამოსვლა არ გასჭირვებია ჩვენს ახმეტელ რესპონდენტს, რომელმაც გვითხრა, რომ კახეთიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისში გამართულ აქციაზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოხვდნენ:

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ხალხი მოვიდა და ამინდიც კარგია, განწყობაც კარგია და იმედი გვაქვს მომავლისა, რომ კარგი ცხოვრება წავა“.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობის მიზნით საგანგებოდ რუსთავიდან ჩამოვიდნენ ჩვენი შემდეგი რესპონდენტებიც:

ისტერიკა საჭირო არ არის, რასაც ვუყურებდით ხოლმე. ისტერიკები საჭირო არ არის. საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ არჩევნებით შეიძლება, როგორც ერთხელ შეიცვალა ხელისუფლება, კიდევ შეიცვალოს და ასე იყოს სულ, მარად, ყოველგვარი ქვის სროლის და აფეთქებებისა და იარაღის გარეშე...
აჩიკო გულედანი

“რატომ მოვბრძანდი? საქართველოს თავისუფლებისთვის, გენაცვალე, გაბრწყინებისთვის, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისათვის“.

„გაჩერებული პროექტების ამოქმედებისთვის, გაჩერებული საქართველოს ამუშავებისთვის. ოთხი წელი გავიდა საშინელ მოლოდინში“.

არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილებების პროცესისადმი ცივილიზებული დამოკიდებულების სურვილს გამოხატავს აქციაზე მყოფი მუსიკოსი აჩიკო გულედანი:

„ისტერიკა საჭირო არ არის, რასაც ვუყურებდით ხოლმე. ისტერიკები საჭირო არ არის. საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ არჩევნებით შეიძლება, როგორც ერთხელ შეიცვალა ხელისუფლება, კიდევ შეიცვალოს და ასე იყოს სულ, მარად, ყოველგვარი ქვის სროლის და აფეთქებებისა და იარაღის გარეშე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს ვარდების მოედანზე ვიდეოხიდის საშუალებით უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

აქცია შეკრებიდან, დაახლოებით, სამ საათში თავისუფლების მოედანზე დაიშალა.

XS
SM
MD
LG