„ნატო ძლიერია, რადგან მას შეუძლია ადაპტირება. ნატო ძლიერია, რადგან, როცა მსოფლიო იცვლება, იცვლება ნატოც“ - ეს სიტყვები ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 მარტს ბრიუსელში წარმოთქვა, როცა მან მედიის წარმომადგენლებს მორიგი ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რამაც განაპირობა ნატოს გარდაქმნის საჭიროება, სახელდება რუსეთის აგრესია. მართალია, დოკუმენტში არ არის ლაპარაკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მასში ხაზგასმულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ნატო-საქართველოს მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები და ალიანსის მზაობა სამომავლო დახმარებისთვის. გენერალური მდივნის ანგარიშს მაღალ შეფასებას აძლევენ თბილისში, თუმცა ანალიტიკოსთა წრეებში თბილისის მხრიდან მეტი აქტიურობის საჭიროებას ხედავენ.
როგორც იენს სტოლტენბერგი ამბობს, გაზრდილი საფრთხეების საპასუხოდ, ნატო თავის ძალებს აძლიერებს მაქსიმალურად და ყველგან, სადაც აუცილებლობა იკვეთება - მაგალითად: გასამმაგდა და 40 ათას ერთეულამდე გაიზარდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, გაიზარდა მისი მომზადების დონე და ოპერატიულობა; ალიანსის მოწინავე წარმომადგენლობის ინიციატივის ფარგლებში, დაიგეგმა მრავალეროვანი საბრძოლო ჯგუფების ამოქმედება ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და ესტონეთში - კანადის, გერმანიის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით. აქვეა ნახსენები მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი ჩაუდგება სათავეში და რომელიც ხელს შეუწყობს ნატოს შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონში. ნათქვამია ასევე, რომ ნატომ გაააქტიურა საჰაერო პატრულირება ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებში.
როდესაც ნატოს წინაშე დღეს არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და ანგარიშში ასახული მთავარი პრობლემების დაკონკრეტება სთხოვეს, 13 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა საფრთხეების მხოლოდ ორი წყარო, ისლამური სახელმწიფო და რუსეთი, დაასახელა:
„ჩვენ ვნახეთ მეტი არეულობა, მეტი ძალადობა სამხრეთისკენ, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ ამყარებდა კონტროლს სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიებზე. ახლა ისინი თავდაცვით პოზიციაში არიან, კარგავენ საყრდენს, მაგრამ ისინი კვლავაც მოქმედებენ და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი გლობალური კოალიციის მხარდაჭერა. პარალელურად, ჩვენ ვხედავდით უფრო აგრესიულ რუსეთს, რომელმაც უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და გამოიწვია დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. სწორედ ამ ყველაფერს პასუხობს ნატო, თუმცა ჩემთვის ძალიან ძნელია ერთმანეთს შევადარო სხვადასხვა საფრთხე და გამოწვევა. „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული ორგანიზაციაა, სასტიკი ორგანიზაცია, რომელიც ტერორისტულ აქტებზე იღებს პასუხისმგებლობას და უფრო მეტი სისასტიკე ადრე ნაკლებად გვინახავს... რუსეთი კი მეზობელია, ის ვერსად წავა და ჩვენ გვინდა უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან. ამ მხრივ მე მივესალმები პოლიტიკური დიალოგის განახლებას 2016 წელს, როცა გაიმართა სამი შეხვედრა ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში“.
13 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგს არ უხსენებია საქართველო, თუმცა მის მიერ წარმოდგენილ 120-გვერდიან დოკუმენტში საქართველო არაერთგან არის ნახსენები და მას, როგორც ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს, სპეციალური ქვეთავიც ეძღვნება. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის განმტკიცება ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რაც, მათ შორის, გულისხმობს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირებას, თავდაცვითი ინსტიტუტების მშენებლობასა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის სკოლის მუშაობას. დადებითად არის შეფასებული მუშაობა ხსენებული ერთობლივი ცენტრისა, რომელმაც 2015 და 2016 წლებში ორ მასშტაბურ წვრთნებს უმასპინძლა და რომლის კარიც კვლავინდებურად ღიაა როგორც ნატოს წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა ნატოს გაფართოების საკითხსაც და საქართველო ამ მიმართულებითაც არის ნახსენები. ხაზგასმულია, რომ ჩერნოგორია, რომელმაც უკვე მიიღო მიწვევა და სულ მალე ალიანსის 29-ე წევრი გახდება, თავისთავად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ამასთან, ტექსტის თანახმად, ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანება სასარგებლო იქნება ნატოსთვისაც, ამ რეგიონის მისამართით საგანგებო ინტერესის გათვალისწინებით, და ეს არის მესიჯი იმ ქვეყნებისთვის, ვისაც გაწევრიანების სურვილი ამოძრავებს:
„(ალიანსში) ჩერნოგორიის მოწვევა იმის დასტურია, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ და რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. გრძელდება მუშაობა ალიანსში გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთანაც - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასა და საქართველოსთან, რათა დავეხმაროთ მათ მოემზადონ ნატოში გასაწევრიანებლად. თითოეული სახელმწიფო პრეტენდენტისთვის ნატოს აქვს თანამშრომლობის მძლავრი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებაში“.
გარდა ამისა, ნატოს გენერალური მდივნის ახალ ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია როგორც ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. ნათქვამია, რომ საქართველოს კონტინგენტს ავღანეთში ამჟამად 870 სამხედრო წარმოადგენს.
საქართველო კიდევ ერთხელ მოხსენიებულია როგორც ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ღრმა პარტნიორობა ნატოსთან და ასევე აღნიშნულია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით, ჩვენი ინტეგრაციული ნაბიჯების კუთხით...მიხეილ ჯანელიძე
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც მოცემულია ამ ანგარიშში“, - განაცხადა 14 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. განსაკუთრებით საყურადღებოდ ის მიიჩნევს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებულ აქცენტს:
„საქართველო კიდევ ერთხელ მოხსენიებულია როგორც ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ღრმა პარტნიორობა ნატოსთან და ასევე აღნიშნულია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით, ჩვენი ინტეგრაციული ნაბიჯების კუთხით. საუბარია, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, მხარდაჭერას და ის ყველა ნაბიჯი, რომელიც ერთობლივად იდგმება, აახლოებს საქართველოს ნატოს წევრობასთან“.
„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საგანგაშოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშში არ არის ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელიც ისევ და ისევ რუსეთის მიერ არის შექმნილი. ანალიტიკოსი თვლის, რომ დოკუმენტი ძირითადად ნატოს წევრი ქვეყნების აუდიტორიაზეა გათვლილი და მას არა აქვს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენების დეტალურად ასახვის პრეტენზია. თუმცა ბათუ ქუთელია მაინც ისურვებდა, რომ სადაც ნახსენებია უკრაინის პრობლემა, ანექსირებული ყირიმის სახით, იქ ნახსენები იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც:
„ობიექტურად თუ შევხედავთ, ბუნებრივია, შეიძლებოდა უფრო მეტი ყოფილიყო ნათქვამი რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოსა და უკრაინისთვის გაჩენილ პრობლემებზე... აქ ეს, ალბათ, უფრო საქართველოს მთავრობის აქტიურობაზე შეიძლებოდა ყოფილიყო დამოკიდებული... ბუნებრივია, ჩვენი და ჩვენი დიპლომატიის ამოცანა უნდა იყოს, რომ მუდმივად დაფიქსირდეს ჩვენი პრობლემა. როგორც კი საქართველოს პრობლემა გაქრება ამ დღის წესრიგიდან, თუნდაც ნელ-ნელა, ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“.
თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპაციის თემა არ არის ნახსენები ნატოს გენერალური მდივნის ახალ ანგარიშში, ბათუ ქუთელიას აზრით, ჩრდილს არ აყენებს საერთო სურათს, რადგანაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ზეპირ თუ წერილობით განცხადებებში, მუდმივად უსვამს ხაზს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე ხშირად ისმის მოწოდება რუსეთის მისამართით, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.